როგორი იყო ნეანდერტალელების "ძვლის ქარხნები" და რას ამუშავებდნენ ისინი იქ
125 000 წლის წინანდელი ნამარხის შესწავლამ აჩვენა, რომ ნეანდერტალელები ძვლის ცხიმით იკვებებოდნენ.

ფოტო: Leiden University
პირველყოფილი ადამიანებისთვის საკვებ ჯაჭვში ცხიმი იყო მთავარი — ყოველ შემთხვევაში, დაახლოებით 125 000 წლის წინ დღევანდელი გერმანიის ტერიტორიაზე მცხოვრები ნეანდერტალელებისთვის.
ახალი კვლევა აჩვენებს, რომ ჩვენი გადაშენებული ნათესავები აგროვებდნენ ცხოველების ხორცს, შემდეგ კი მათ ძვლებს სპეციალურად ისე ამუშავებდნენ, რომ ძვლის ცხიმი მაქსიმალურად ამოეღოთ. ნეანდერტალელებისთვის ეს მაღალი კალორიულობის მქონე ნივთიერება იყო, რომელიც მათ დიეტას მნიშვნელოვნად ამდიდრებდა.
ამ მიზნისთვის ისინი, ფაქტობრივად, მართავდნენ ერთგვარ "ცხიმის საწარმოს", სადაც ძვლებს ჭყლეტდნენ და ამუშავებდნენ.
"კუნთის ხორცი — ანუ ის, რასაც ჩვენ დღეს გრილზე ვწვავთ და სიამოვნებით მივირთმევთ — უძველესი მონადირე-შემგროვებლებისთვის, როგორც წესი, ძაღლის საჭმლად ითვლებოდა", — ამბობს კვლევის ავტორი, ვილ რუებროუკსი, ლაიდენის უნივერსიტეტიდან.
რატომ იყო ასე? ადამიანს დღეში მაქსიმუმ 300 გრამი ცილის მიღება შეუძლია. ჩვენთვის კი ცილის გარდა, მნიშვნელოვანია ნახშირწყლები და ცხიმი. სწორედ ამიტომ, ზედა პალეოლითის ეპოქის ჰომო საპიენსი კალორიების მისაღებად ძვლის ცხიმს იყენებდა.
უძველესი ჰომო საპიენსები ცხიმით მდიდარ ძვლებს ძალიან პატარა ფრაგმენტებად ფქვავდნენ, რაც დროისა და ძალისხმევის თვალსაზრისით საკმაოდ დიდი ინვესტიცია უნდა ყოფილიყო. ამის შემდეგ, სავარაუდოდ, ძვლებს წყალში აცხელებდნენ, რათა ცხიმი მოეშორებინათ.
მსგავსი ქმედების კვალი მეცნიერებს მხოლოდ ჰომო საპიენსებში ჰქონდათ დაფიქსირებული. ასეთი უძველესი ნამარხი 28 000 წლით იყო დათარიღებული. და, აი, ახლა მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ძვალს ცხიმისგან ნეანდერტალელებიც აშორებდნენ. ეს დაახლოებით 125 000 წლის წინ ხდებოდა. ადგილზე 172 ძუძუმწოვრის ჩონჩხი აღმოაჩინეს, მათ შორის ცხენებისა და ირმების.
მკვლევრების თქმით, ამ ადგილზე ნეანდერტალელები ძვლებს აქტიურად ამუშავებდნენ და შედეგად მიღებული ცხიმით იკვებებოდნენ.

ადგილზე აღმოჩენილი ძვლები და ძვლის ფრაგმენტები, რაც ცხიმის მოპოვების მტკიცებულებაა.
ფოტო: Lutz Kindler, LEIZA-Monrepos
მიუხედავად იმისა, რომ ეს ადგილი პირველია, სადაც ნეანდერტალელების "ცხიმის ქარხანა" აღმოაჩინეს, რუებროუკსი ამით გაკვირვებული არ დარჩენილა. მკვლევრებმა იციან, რომ ნეანდერტალელები ცეცხლს აქტიურად იყენებდნენ, შესაბამისად არ არის გასაკვირი, რომ ძვლისგან ცხიმის მოპოვებაც შესძლებოდათ.
ეს აჩენს ვარაუდს, რომ ნეანდერტალელები საკვებს ინახავდნენ კიდევაც.
კვლევა ჟურნალში Science Advances გამოქვეყნდა.
კომენტარები