2025 წელს, ისრაელისა და აშშ-ის სამხედრო ოპერაციის ფარგლებში, ირანის ტერიტორიაზე მდებარე მიწისქვეშა ბირთვული ობიექტები დაიბომბა. თავდასხმის მიზანი ირანის მიერ ბირთვული იარაღის წარმოებისთვის ხელის შეშლა იყო.

ასევე: "თუ დანახვა მოასწარი, ესე იგი, სამიზნე არ ყოფილხარ" — ყველაფერი, რაც B-2 Spirit-ის შესახებ ვიცით

სანამ ექსპერტები ამ თავდასხმის შედეგად ირანის ბირთვული პროგრამისთვის მიყენებულ ზიანს აანალიზებენ და პოტენციურ საფრთხეებს იკვლევენ, საინტერესო იქნება 44 წლის წინ მომხდარი მსგავსი ისტორიის გახსენება და ერაყზე თავდასხმის გრძელვადიანი შედეგების შეფასება.

1981 წელს, ვაშინგტონის მხარდაჭერით, ისრაელმა ბაღდადის მახლობლად მდებარე ბირთვული ობიექტი დაბომბა, რომელსაც საფრანგეთის მთავრობა აშენებდა. ბირთვული რეაქტორი, რომელსაც ფრანგები ოსირაკს, ხოლო ერაყელები თამუზს ეძახდნენ, სრულად განადგურდა.

ოსირაკის ბირთვული კვლევის სადგური 1981 წელს.

ფოტო: Jacques Pavlovsky/Sygma via Getty Images

თავდაპირველად, საერთაშორისო საზოგადოების დიდმა ნაწილმა ეს თავდასხმა დაგმო, მაგრამ ისრაელი აცხადებდა, რომ ამ ოპერაციამ ერაყის ბირთვული პროგრამა სულ მცირე ათი წლით შეაფერხა.

დროთა განმავლობაში, დასავლურმა ქვეყნებმა დაბომბვის შედეგები გადაიაზრა და ბევრმა მათგანმა ისრაელის ოპერაცია ბირთვული იარაღის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში გამარჯვებად შეაფასა. ზოგიერთი დასავლელი ლიდერი აცხადებდა, რომ ეს გაბედული, მაგრამ აუცილებელი ნაბიჯი იყო, რომლის შედეგადაც სადამ ჰუსეინის ბირთვული არსენალი განადგურდა.

"ყველა საუბრობს იმაზე, რაც ისრაელმა ოსირაკში 1981 წელს გააკეთა. ვფიქრობ, დღევანდელი გადმოსახედიდან, მართლაც კარგი რამ იყო. ამ თავდასხმამ სადამს ბირთვული რეაქტორის განვითარებაში ხელი შეუშალა", — განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა მრავალი წლის შემდეგ.

ერაყი ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებას 1970 წელს შეუერთდა და პირობა დადო, რომ ბირთვულ იარაღს არ შექმნიდა. ხელშეკრულება მხოლოდ სამხედრო საქმისთვის გამოსაყენებელ ბირთვულ წარმოებას ზღუდავს, მაგრამ მონაწილე ქვეყნებს სამოქალაქო ბირთვული საქმიანობით დაკავების სრული უფლება აქვთ. მათ შეუძლიათ კვლევითი ან ენერგეტიკული რეაქტორებისა და გამდიდრებული ურანის ქონა.

ქვეყნების მიერ ბირთვული ტექნოლოგიების სამოქალაქო გამოყენების მონიტორინგზე პასუხისმგებლობას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო იღებს. ისინი მსგავსი ტიპის დაწესებულებებს რეგულარულად ამოწმებენ, რათა დარწმუნდნენ, რომ სამოქალაქო ბირთვული პროგრამები იარაღის შესაქმნელად არ გამოიყენება.

ამის მიუხედავად, ისრაელის სახელმწიფო ერაყის ბირთვულ ობიექტებს საფრთხედ და არაბულ-ებრაული კონფლიქტის ესკალაციად მიჩნევდა. მათ სჯეროდათ, რომ ერაყი ფრანგულ რეაქტორს ატომური იარაღისთვის საჭირო პლუტონიუმის წარმოებისთვის იყენებდა. ბაღდადი კი აცხადებდა, რომ ოსირაკი მხოლოდ კვლევით მიზნებს ემსახურებოდა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრ მენახემ ბეგინის პრესკონფერენცია 1981 წელს, ოსირაკის ბირთვულ რეაქტორზე თავდასხმის შემდეგ.

ფოტო: Israel Press and Photo Agency/Wikimedia Commons

დიპლომატიურმა ძალისხმევამ შედეგი ვერ გამოიღო და ერაყმა ატომური რეაქტორის მშენებლობის შეწყვეტაზე უარი განაცხადა. ამის გამო, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მენახემ ბეგინმა დაასკვნა, რომ რეაქტორზე თავდასხმა ერთადერთი გამოსავალი იყო. ამ გადაწყვეტილებამ "ბეგინის დოქტრინას" ჩაუყარა საფუძველი, რაც გულისხმობს, რომ ისრაელი ვალდებულია მის რეგიონულ მოწინააღმდეგეებს ბირთვულ ძალებად ჩამოყალიბებაში ხელი შეუშალოს.

1979 წლის გაზაფხულზე, საფრანგეთის ქალაქ ლა სეინში მდებარე რეაქტორზე აფეთქება მოხდა. რეაქტორს ერაყისთვის გადასაცემად ამზადებდნენ და არსებობს თეორია, რომ ეს დივერსია ისრაელმა მოაწყო. აფეთქებას დიდი ზარალი არ მოჰყოლია — რეაქტორი დაზიანდა, მაგრამ არ განადგურებულა.

ამის გამო, საფრანგეთმა და ერაყმა თანამშრომლობა განაგრძეს და 1980 წლის ივლისში ერაყმა პირველი პარტია მაღალგამდიდრებული ურანის მარაგი მიიღო.

მოგვიანებით, 1980 წლის სექტემბერში, ირან-ერაყის ომის დაწყებისას, ირანულმა გამანადგურებლებმა ბირთვული კვლევის ცენტრზე იერიში მიიტანეს. თავდასხმის შედეგად ელექტროსადგური დაზიანდა და ბაღდადში რამდენიმე დღით ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა. ამის მიუხედავად, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ანგარიშში აღნიშნული იყო, რომ ირანის თავდასხმის შედეგად "მხოლოდ მეორეხარისხოვანი ბირთვული ობიექტები" დაზიანდა.

საბოლოო დარტყმა ისრაელმა განახორციელა. 1981 წლის 7 ივნისს, აშშ-ისგან მიღებული F-16 ტიპის რვა თვითმფრინავმა იორდანიისა და საუდის არაბეთის საჰაერო სივრცის გავლით, ერაყის, ჯერ კიდევ მშენებარე, ბირთვული რეაქტორი დაბომბა. თავდასხმის შედეგად 10 ერაყელი ჯარისკაცი და ერთი ფრანგი სამოქალაქო პირი დაიღუპა.

ოსირაკის სადგურის ტერიტორიაზე დღეს თუვაითას ბირთვული კვლევის ცენტრი მდებარეობს.

ფოტო: Google Maps

ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ექსპერტები წლების განმავლობაში ამტკიცებდნენ, რომ სადამ ჰუსეინს ბირთვული იარაღის შექმნის ამბიციები შესაძლოა მართლაც ჰქონოდა, მაგრამ ფრანგული წარმოების კვლევითი რეაქტორი ამისთვის ნამდვილად გამოუსადეგარი იყო. ერაყის ბირთვული იარაღის შექმნის სურვილი, უფრო ოცნება იყო, ვიდრე რეალური გეგმა.

2011 წელს ჟურნალ "International Security"-ში გამოქვეყნდა სტატია, რომელიც ერაყში ბირთვულ პროგრამაზე მომუშავე მეცნიერებთან ინტერვიუებს მოიცავდა. მათი შეფასებით, ოსირაკზე თავდასხმამდე ერაყის მიერ ბირთვული იარაღის შექმნის მცდელობა "უმიზნო და არაორგანიზებული" იყო.

რა მოხდა დარტყმის შემდეგ? ბევრი ანალიტიკოსი ამტკიცებდა, რომ ისრაელის თავდასხმამ, ერაყის ბირთვული შესაძლებლობების შემცირების ნაცვლად, პირიქით, მისი გააქტიურება გამოიწვია.

თავდასხმიდან მალევე, სადამ ჰუსეინმა ბირთვული იარაღის პროგრამის ოფიციალურად, მაგრამ საიდუმლოდ, დაწყება გადაწყვიტა. მან მეცნიერებს ურანის გამდიდრების რამდენიმე გზის ერთდროულად გამოკვლევა დაავალა. ეს მიდგომა მანჰეტენის პროექტისას ჰგავდა, რადგან ურანის გამოსადეგ მდგომარეობამდე მისაყვანად ამერიკელმა მეცნიერებმაც სხვადასხვა მეთოდი გამოცადეს.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისრაელის თავდასხმამ ატომური ბომბის შექმნის რეალური საფრთხე გააჩინა. ამ პროექტს პირადად სადამ ჰუსეინი ხელმძღვანელობდა და ხარჯებს ნამდვილად არ ერიდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ირანთან ომი მნიშვნელოვნად ამცირებდა ერაყის რესურსებს.

1981-1987 წლებში, ბირთვული პროგრამა არათანაბრად პროგრესირებდა და 1990 წელს, ზუსტად მაშინ, როცა მეცნიერები პროგრამის დასრულებას უახლოვდებოდნენ, ერაყი ქუვეითში შეიჭრა, რამაც შეერთებული შტატების მხრიდან სამხედრო პასუხი გამოიწვია. მოგვიანებით, ოპერაცია "უდაბნოს ქარიშხლის" ფარგლებში, გაეროს იარაღის ინსპექციამ ერაყის ბირთვული იარაღის გასაიდუმლოებული პროგრამა აღმოაჩინა და გაანადგურა.

თამუზის ატომური რეაქტორი სპარსეთის ყურის პირველი ომის პერიოდში დაიბომბა.

ფოტო: Ramzi Haidar/AFP via Getty Images

რომ არა ქუვეითზე თავდასხმა, ძალიან დიდი ალბათობით, 1990-იან წლებში ბაღდადს ბირთვული იარაღის შექმნის რეალური შესაძლებლობა ექნებოდა.

ისტორია ხშირად მეორდება ხოლმე და მაშინდელი ერაყის მსგავსად, დღესაც ირანი ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულების მონაწილეა. მას შემდეგ, რაც 2018 წელს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის ბირთვული შეთანხმების მხარდაჭერა შეწყვიტა, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ განაცხადა, რომ თეირანი შეთანხმების მოთხოვნებს ასრულებდა.

ერაყის შემთხვევაში, სამხედრო მოქმედებებმა ქვეყნის ბირთვული პროგრამა უბრალოდ მიწისქვეშ გადაიყვანა და ისრაელის დარტყმებმა სადამ ჰუსეინისთვის ბირთვული იარაღის შექმნის იდეა უფრო მიმზიდველი გახადა. თითქმის ნახევარი საუკუნის შემდეგ, ისრაელ-ირანის დაპირისპირების კუთხით, ზოგიერთი ანალიტიკოსი იგივე შეშფოთებას გამოხატავს და დასავლურ საზოგადოებას აფრთხილებს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.