მეცნიერებმა "ბაბილონის ჰიმნი" აღმოაჩინეს — რა წერია 3000-მდე წლის წინანდელ ტექსტში

ფოტო: Anmar A. Fadhil
არქეოლოგებმა თითქმის 3000 წლის წინანდელი ტექსტი აღმოაჩინეს, რომელიც ქალაქ ბაბილონს ეძღვნება. კერძოდ, იქ მისი მაცხოვრებლების, მდებარეობისა თუ მდინარის ქებაა თავმოყრილი. ის იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ სკოლებშიც ასწავლიდნენ, თუმცა დროთა განმავლობაში დაიკარგა.
ესაა ლურსმული დამწერლობით თიხის ფირფიტაზე ამოტვიფრული ჰიმნი, რომელიც ბაბილონს მთელი თავისი დიდებულებით წარმოგვიდგენს. ასევე, ის ქალაქის მოსახლეობის ცხოვრების შესახებ გვაწვდის ინფორმაციას — როგორც კაცების, ისე ქალების. არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ ის 250 ხაზს შეიცავდა, მაგრამ ამის 2/3-ს მიაკვლიეს. ეს იმითაა განპირობებული, რომ მაშინდელი თიხის ფირფიტები უმეტესად განადგურებულია. საერთო ჯამში 30-ზე მეტი ასეთი ნიმუშია აღმოჩენილი, რომელთა ასაკიც ძველი წელთაღრიცხვით პირველიდან მეშვიდე საუკუნემდე მერყეობს.
გასათვალისწინებელია, რომ თიხაზე ასეთი ტექსტის გადატანა დიდ ძალისხმევას მოითხოვდა. აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ეს ჰიმნი ძალიან მნიშვნელოვანი იყო და მის გავრცელებას დაუღალავად ცდილობდნენ. ჰიმნში ქებით ამკობენ ბაბილონურ ღვთაება მარდუქსა და მის მიერ ქალაქის მაცხოვრებლებისთვის ბოძებულ ძღვენს. შემდეგ მისი ტაძარი ესაგილაა ნახსენები, ბოლოს კი — მთლიანად ბაბილონი, რომელსაც ძვირფას ქვებსა და ხილის ბაღებს ადარებენ. ლამაზი სიტყვებითაა შემკობილი ბაბილონისთვის ძალზე მნიშვნელოვანი მდინარე ევფრატი და მის მიერ განაყოფიერებული ველებიც:
"მისი ველები ბალახებითა და ყვავილებითაა გადაპენტილი,
მის მდელოებზე, გასაოცრად აყვავებულზე, ქერია აღმოცენებული,
რომლის შეგროვებითაც ძნები იკვრება,
ნახირი და ფრთოსნები იალაღებზე არიან მიმოფენილნი,
სიმდიდრე და ბრწყინვალება — კაცობრიობის შესაფერისი —
მომადლებული, გამრავლებული და სამეფოდ ბოძებულია".
არქეოლოგები ენრიკო ხიმენესი და ანმარ ფადჰილი ჰიმნის ამობეჭდილი სურათითა და ტექსტით ხელში ბაბილონის იშთარის კარიბჭესთან.
ფოტო: Junko Taniguchi
"მესოპოტამიური ლიტერატურა ბუნებრივი ფენომენების აღწერაში ზომიერია. კონკრეტულად, მხოლოდ ერთი სხვა გრძელი აღწერა მოგვეპოვება, რომელიც მოახლოებულ გაზაფხულს ეძღვნება", — აცხადებენ ახალი კვლევის ავტორები, რომელთა თქმითაც, ეს ჰიმნის მნიშვნელობას ცხადყოფს.
ბაბილონელები სამართლიანობით, ობლებისა და გაჭირვებულების დახმარებითა თუ კანონმორჩილებით იყვნენ სახელგანთქმულნი. ჰიმნში უცხოელებისადმი პატივისცემაცაა ნახსენები, რასაც ბაბილონში ახლო მიწებიდან ჩაყვანილი მონები, ალბათ არ დაეთანხმებოდნენ ასეა თუ ისე, მეცნიერები ამბობენ, რომ ტექსტში უცხოელი ღვთისმსახურები იგულისხმებიან.
ჰიმნის მცირე ნაწილი ქალებსაც ეძღვნება, "ერთგულებისა და თავშეკავებულობის" და არა რაიმე ჰეროიკული დამსახურების გამო. ამის მიუხედავად, ისტორიკოსებისთვის ეს მაინც ხელჩასაჭიდია იმის გასარკვევად, თუ რა როლი ჰქონდათ ქალებს ბაბილონში.
კვლევა გამოცემაში Iraq გამოქვეყნდა.
კომენტარები