მეცნიერებმა უძველესი ეგვიპტური დნმ გაშიფრეს — ადამიანი პირამიდების ეპოქიდან

ფოტო: Caroline Wilkinson/Liverpool John Moores University
ისტორიაში პირველად, მეცნიერებმა ძველეგვიპტელი ადამიანის მთლიანი გენომიდან დნმ გაშიფრეს. ის დაახლოებით 4 800 წლის წინ ცხოვრობდა, რაც ზუსტად ის დროა, როცა პირამიდების მშენებლობა დაიწყო.
გენომი ზრდასრულ კაცს ეკუთვნის, რომელიც, სავარაუდოდ, საზოგადოების მაღალი კლასის წარმომადგენელი იყო. მას ყავისფერი თმა, იმავე შეფერილობის თვალები და მუქი კანი ჰქონდა. გენომის 80% ჩრდილოაფრიკულ მემკვიდრეობით ხაზებს უკავშირდება, დარჩენილი 20% კი — დასავლეთ აზიისას. ეს მიანიშნებს, რომ ადრეული ძველეგვიპტელები აფრიკის სხვა რეგიონებიდან და მესოპოტამიიდან ჩასულ მიგრანტებთან ან ვაჭრებთან მჭიდრო კავშირში იყვნენ.
ვინაიდან ეგვიპტე ცხელი და მშრალია, იქ ადრე მცხოვრები ადამიანების დნმ დღემდე დაუზიანებლად იშვიათადაა მოღწეული. ამის გამო უკანასკნელი კვლევა უძველეს ეგვიპტურ დნმ-ზე გვაწვდის ინფორმაციას და მესოპოტამიასთან გენეტიკური კავშირების შესახებაც მეტის გაგების შესაძლებლობას გვაძლევს.
კაცის ჩონჩხს ძველეგვიპტურ ქალაქ ნუვაირატის მიმდებარედ არსებულ ნეკროპოლისში მიაგნეს. ის დიდი ზომის ერთგვარ თიხის თასში იყო მოთავსებული, რომელსაც ქვაში ამოკვეთილ სამარხში მიაკვლიეს. მისი სიკვდილის მიახლოებითი თარიღი ჩვენს წელთაღრიცხვამდე 2855-2570 წელია.
კაცი 160 სანტიმეტრამდე სიმაღლის იყო. გაცვეთილი კბილებისა და მწვავე ართრიტის კვალის მიხედვით, ეს ინდივიდი 44-64 ასაკობრივ კატეგორიას მიეკუთვნებოდა, რაც მაშინდელ ეგვიპტეში საკმაოდ დიდ წლოვანებად მიიჩნეოდა. საფლავის ფორმა მის მაღალ სოციალურ სტატუსზე მიუთითებს, თუმცა სხეულზე ფიზიკური შრომის ნიშნებია.
ჩონჩხის მდგომარეობაზე დაყრდნობით ამბობენ, რომ ის ხელებს წინ და უკან ძლიერად და ხშირად ამოძრავებდა. მარჯვენა ფეხზე კი მწვავე ართრიტი ჰქონდა. აქედან ასკვნიან, რომ, შესაძლოა, კაცი მეთუნე ყოფილიყო და, სავარაუდოდ, თიხის ბორბალთან მუშაობდა. მეთუნეები მაღალ კლასს არ მიეკუთვნებოდნენ და არც ასეთი საფლავები ჰქონდათ. შესაბამისად, არ გამორიცხავენ, რომ ეს ადამიანი განსაკუთრებულად ნიჭიერი და წარმატებული ყოფილიყო.
მისი მეორე რიგის საღეჭი კბილების იზოტოპური ანალიზის თანახმად, იგი ცხელ და მშრალ ნილოსის ხეობაში უნდა გაზრდილიყო. ასევე, ის ცხოველური ცილებითა და ისეთი მცენარეებით იკვებებოდა, როგორიც ხორბალი და ქერია — ძველეგვიპტელებში პოპულარული საჭმელი.
ეგვიპტის ისტორიის უმნიშვნელოვანეს პერიოდში მცხოვრები ინდივიდის ჩონჩხი 1902 წლის ექსპედიციისას აღმოაჩინეს. ის ლივერპულის მსოფლიო მუზეუმს გადასცეს, სადაც ნაცისტური გერმანიის მხრიდან დაბომბვასაც გადაურჩა, თუმცა იქ არსებული სხვა ნაშთების დიდი ნაწილი განადგურდა.
ახლა, ამდენი წლის შემდეგ, ამ კაცის ცხოვრების შესახებ ბევრი რამ გავუგეთ. ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Nature გამოქვეყნდა.
კომენტარები