ღმერთმა შექმნა ცისარტყელა — როგორ ცნობს ბიბლია გენდერულ მრავალფეროვნებას
ქრისტიანულ სამყაროში გენდერის შესახებ ტრადიციული ხედვის წყაროდ ხშირად ასახელებენ ბიბლიას. ამ ხედვის მიხედვით, გენდერი ბინარულია, რადგან ღმერთმა ქალისა და კაცის შექმნისას ასე ინება. თუმცა კი, მართალია ეს მტკიცება?
ბიბლიაზე დაყრდნობით გენდერის შესახებ ტრადიციული მოსაზრებების გამყარება, ჩვეულებრივ, სამყაროს შექმნის ნარატივის გახსენებით იწყება. თუმცა გენდერული კუთხით ადამის და ევას ამბავი არც ისე სწორხაზოვანია, როგორც ეს ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს; მსგავსი ორაზროვნების მთავარი მიზეზი კი ისაა, რომ თარგმანში ორიგინალის ებრაული ენისთვის დამახასიათებელი კალამბურები დაკარგულია.
ივრითზე სახელი "ადამი" არ გვხვდება. იგი მხოლოდ ებრაული სიტყვის, "ადმ-ის" ტრანსლიტერაციაა. ღმერთის, როგორც მეთუნეს, ხატებაზე დაყრდნობით, "ადამი" არის ჰუმანოიდი არსება, რომელიც შეიქმნა "ადამასგან", ანუ მიწისგან.
ბიბლიის მკვლევარი, მეგ უორნერი წერს, რომ ამ სახელის საუკეთესო თარგმანი "მიწის ქმნილებაა". პირველი ადამიანი კი უგენდეროა.
რეალურად, ამ ამბავში გენდერის ცნება მხოლოდ მაშინ შემოდის, როცა მეწყვილეს გაჩენის მიზნით "მიწის ქმნილება" ორ არსებად იყოფა. სწორედ ამ დროს ენიჭება ორივე მათგანს გენდერი: ევა მოიხსენიება როგორც ქალი (იშა), რომელიც კაცის (იშ-ის) ნეკნისგანაა შექმნილი.
ზოგიერთი ქრისტიანი ამ ტექსტში გენდერულ იერარქიას კითხულობს, რადგან ევა მოიხსენიება ადამის დამხმარედ — ან თანაშემწედ, როგორც ეს თარგმანთა ზოგ ვერსიაში გვხვდება. თუმცა ეს სიტყვა, "დამხმარე", სულაც არ ანიჭებს ევას დაქვემდებარებულის სტატუსს. ბიბლიაში ეს ტერმინი ხშირად გამოიყენება ღმერთის დასახასიათებლად და, შესაბამისად, ყოველგვარ დამაკნინებელ მნიშვნელობასაა მოკლებული.
მეექვსე დღეს ღმერთმა შექმნა გენდერული მრავალფეროვნება
ეჭვგარეშეა, რომ გენდერის ტრადიციული აღქმა ბიბლიაში ხშირად გვხდება. ბოლოს და ბოლოს, ეს ხომ უძველესი ტექსტია, რომელშიც იმდროინდელი საზოგადოების ღირებულებებია ასახული.
ამ საზოგადოებაში მასკულინური თვისებები იდეალად იყო დასახული, პოლიგამია კი არცთუ დიდი იშვიათობა გახლდათ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, კიდევ უფრო გასაოცარია, რომ ბიბლიის გვერდებზე გენდერული მრავალფეროვნების იდეა იშვიათად, მაგრამ მაინც გამოკრთება.
სამყაროს შექმნის ამბავი ბიბლიაში დაბადების პირველივე თავშია აღწერილი, სადაც ნათქვამია:
"შექმნა ღმერთმა კაცი, თავის ხატად შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი".
ერთი შეხედვით, ეს აშკარად მიუთითებს, რომ ღმერთმა ორი განსხვავებული სქესი შექმნა. თუმცა თუკი ამ წინადადების კონტექსტს გავითვალისწინებთ, დავინახავთ, რომ იგი ტექსტის იმ პოეტური აგებულების ნაწილია, სადაც ღმერთის შემოქმედების მასშტაბის საჩვენებლად საპირისპირო პოლუსებზე მყოფი წყვილებია ჩამოთვლილი: ნათელი და ბნელი, ზღვა და მიწა, მიწის ქმნილებანი და ზღვის ქმნილებანი.
დაბადების წიგნის ამ პოეტურ სტრუქტურაში წარმოდგენილი ბინარული სისტემა ორ-ორ ურთიერთგამოყოფილ კატეგორიებს კი არ განასახიერებს, არამედ მათ შორის არსებულ მრავალფეროვნებას უსვამს ხაზს.
ზღვა და მიწა ერთმანეთს სანაპირო ზოლზე ერწყმის. ზოგიერთი ცხოველი ხმელეთზეც ცხოვრობს და წყალშიც. ბნელი და ნათელი ერთმანეთს განთიადის და მწუხრის ჟამს ხვდებიან. ღმერთს არ შეუქმნია მხოლოდ სრული ღამე და სრული დღე; მან შექმნა ღამე, დღე და მათ შორის მოქცეული ყველა სხვა დრო.
თუ მსგავს ლოგიკას გამოვიყენებთ კაცობრიობასთან მიმართებაშიც, იმის მტკიცების საფუძველიც მოგვეცემა, რომ სქესისა და გენდერული მრავალფეროვნების იდეა თავად სამყაროს შექმნის ამბავშია ჩაქსოვილი. ეს არის ღმერთის შემოქმედების ის მრავალფეროვნება, რომელსაც იგი ხაზგასმით "კარგს" უწოდებს.
ინტერსექსუალობის და ასექსუალობის ცნობა
ფემინისტი და ქვიარ მკვლევრები ყურადღებას ამახვილებენ ბიბლიის სხვა ისეთ პასაჟებზეც, სადაც გენდერის არატრადიციული აღქმა გამოსჭვივის.
მაგალითისთვის, იაკობი იყო "უბანლო" და "კარვებში მცხოვრები" — მსგავსი თვისებები ძველ სამყაროში, როგორც წესი, ქალს მიეწერებოდა. მიუხედავად ამისა, მისი ბანჯგვლიანი და მონადირე ძმის ნაცვლად, ღმერთმა მაინც იაკობი აირჩია საკუთარი ხალხის წინამძღოლად. რაბინი ჯეი მაიკელსონი იაკობს არაბინარული გენდერული იდენტობის მქონედ აღწერს.
მეგან დეფრანზა თეოლოგია, რომელიც იკვლევს, თუ რა ადგილი უკავიათ ქრისტიანობაში ინტერსექსუალ ადამიანებს. მართალია, დეფრანზა აღიარებს, რომ "ინტერსექსუალი" თანამედროვე ტერმინია, იგი, ამასთან ამტკიცებს, რომ ბიბლიაში ინტერსექსუალი ადამიანების კვალს საჭურისების ხსენებისას ვაწყდებით.
მათეს 19:12-ში იესო ამბობს, რომ "არიან საჭურისნი, რომელნიც თავიანთი დედის მუცლიდან იშვნენ ასეთებად". დეფრანზასთვის ეს სიტყვები მიუთითებს იმაზე, რომ მაცხოვარმა იცოდა ინტერსექსუალი ადამიანების არსებობის შესახებ და არ განიკითხავდა მათ, ვინც სქესის ტრადიციულ კატეგორიებს ვერ ერგებოდა. ამ ნაწყვეტში იესო ჰეტეროსექსუალების ქორწინებასთან ერთად ცნობს ინტერსექსუალ და ასექსუალ ადამიანებსაც.
ეს განსხვავებული ადამიანების აღიარების ერთადერთი შემთხვევა არ არის. ესაიას 56-ე თავში ღმერთი კმაყოფილია საჭურისების ტაძარში სტუმრობით. ხოლო მოციქულთა საქმეების მერვე თავში საჭურისი ინათლება და ქრისტიანული მრევლის სრულფასოვანი წევრი ხდება. არც ერთ შემთხვევაში ღმერთი მათგან არ მოითხოვს გარდასახვას იქამდე, სანამ ისინი ღვთისმსახურთა რიგებს შეუერთდებიან.
რადგან ბიბლია უძველესი ტექსტია, იგი არც თანამედროვე ენას იყენებს და არც გენდერის თანამედროვე გააზრებას ასახავს. ამიტომ აქ ვერ შევხვდებით ისეთ ტერმინებს, როგორიცაა ტრანსგენდერი თუ ინტერსექსუალი.
ამის გამო ჩვენ ბიბლიიდან ვერ მოვიხმობთ ვერცერთ ისეთ წინადადებას, რომელიც ცალსახად მიუთითებს სქესისა და გენდერის დღევანდელ გაგებაზე. ბიბლია არა მხოლოდ მეცნიერებამდელ მსოფლმხედველობას ასახავს, არამედ მას ვერაფრით გამოვიყენებთ ერთი კონკრეტული მოსაზრების გამამყარებლად, რისი მთავარი მიზეზიც საავტორო ხმათა მრავალფეროვნებაა.
ჩვენ მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ ბიბლია სხვადასხვაგვარი გზით გვიმტკიცებს, რომ ადამიანში სათნოების მარცვალია დათესილი და ამ მხრივ გამონაკლისს არც ისინი წარმოადგენენ, ვინც ქალისა და კაცის ბინარულ სისტემაში არ ეწერებიან.
მაშინ, როცა არაერთი ეკლესიის კარი კვლავაც დაკეტილია ტრანსგენდერი თუ სხვაგვარად განსხვავებული ადამიანებისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ხაზი გავუსვათ ისეთ პასაჟებს, როგორებიც სხვა მხრივ პატრიარქალურ ტექსტებში შეზღუდულ შეხედულებებს ჯერ კიდევ უძველეს ხანაში უპირისპირდებოდნენ და დღემდე უპირისპირდებიან.
კომენტარები