თერაპევტის რჩევა მშობლებს, რომელთა შვილებიც სახლში არიან გამოკეტილები
The Atlantic-ის რუბრიკისთვის, "ძვირფასო თერაპევტო", გაგზავნილ წერილში კალიფორნიელი ლარი ღელავს, კარანტინის პირობებში შვილებზე სათანადოდ თუ ზრუნავს. ფსიქოთერაპევტი ლორი გოტლიბი მას იმგვარი რჩევებით ამარაგებს, რომელთა გათვალისწინებაც დღეს ყველა მშობელს შეუმსუბუქებს ცხოვრებას.
ძვირფასო თერაპევტო,
როგორ შეუძლიათ მშობლებს, დაეხმარონ ბავშვებს, შეინარჩუნონ ემოციური და მენტალური ჯანმრთელობის სტაბილურობა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის აუცილებელი სოციალური დისტანცირების პირობებში? ისინი უმკლავდებიან ძალიან ბევრ ცვლილებას, სტრესს და პანდემიის შედეგად არსებულ იზოლაციას. ნებისმიერ რჩევას მივიღებ იმისთვის, რომ დავეხმარო მათ, გაუმკლავდნენ საკუთარ გრძნობებს.
ჩვენ ვზრუნავთ იმაზე, რომ ჩვენმა შვილებმა ივარჯიშონ, ჰქონდეთ გაწერილი განრიგი, ყოველდღე გაატარონ დრო სუფთა ჰაერზე და ზოგადად ვცდილობთ, რამდენადაც შესაძლებელია, შევუნარჩუნოთ ცხოვრების ნორმალური სტილი. ასევე, საშუალო სკოლის ასაკისებს დღიურში წერა შევთავაზე და მთლიანი ოჯახი ხშირად ვსაუბრობთ გულახდილად სხვადასხვა თემაზე.
კიდევ რა შეგვიძლია, გავაკეთოთ?
პატივისცემით,
ლარი
ძვირფასო ლარი,
ჩანს, რომ შესანიშნავად ეხმარებით შვილებს ამ მძიმე პერიოდის გადატანაში. თქვენ შექმნილი გაქვთ რუტინა; აძლევთ მათ მოტივაციას, რომ ავარჯიშონ სხეული და მიიღონ სუფთა ჰაერი; ქმნით უსაფრთხო გარემოს თავიანთი გრძნობების გამოსახატად და ასევე იტოვებთ დროს ოჯახური საუბრებისთვის. ახლა კი იმაზეც დარდობთ, დამატებით რისი გაკეთება შეგიძლიათ.
ერთი რამ მინდა აღვნიშნო არა მარტო შენთვის, ლარი, არამედ ყველა მშობლისთვის: შენ მსგავსად, ბევრ სხვა მშობელს აქვს ისეთი სახელმძღვანელოს ქონის მოთხოვნილება, რომელიც ზუსტად უკარნახებს მათ სამოქმედო გეგმას შექმნილ კრიზისულ ვითარებაში. ისინი თვლიან, რომ რასაც შვილების დასაცავად უკვე აკეთებენ, კარგი დასაწყისია. მაგრამ მათ მაინც არ ასვენებთ იმაზე ფიქრი, რომ იქნებ, მეტის გაკეთებაა შესაძლბელი.
ზოგადად, ყველა ის მშობელი, რომელიც მსგავს კითხვას სვამს, უკვე ძალიან ბევრს აკეთებს: ისინი აგვარებენ სახლის საქმეებს, მართავენ შეხვედრებს Zoom-ში, ეხმარებიან საკუთარ შვილებს ასევე Zoom-ით გამართულ გაკვეთილებზე დასწრებაში. ისინი ამზადებენ კერძებს, ქმნიან გრაფიკებს, ატარებენ დეზინფექციას, ასტერილებენ სახელურებსა და შუქის ჩამრთველებს და, ამასთან ერთად, კითხულობენ როგორც ოჯახის წევრების, ასევე მეგობრების ჯანმრთელობის ამბავს. და ისინი ღელავენ — უსაზღვროდ ღელავენ — იმაზე, ზედმეტად ბევრ დროს ატარებინებენ შვილებს ეკრანებთან თუ ამ მხრივ ნაკლები სიმკაცრე უნდა გამოიჩინონ, რადგან ბავშვებს მეგობრებთან კავშირის შენარჩუნება სჭირდებათ; სჯობს, შვილებს მოწყენა აცადონ თუ პროექტებით გადატვირთონ; უკეთესია, გააცნონ მათ სიახლეები თუ მაშინვე გამორთონ საინფორმაციო, როგორც კი ბავშვები ოთახში შევლენ.
ამ რჩევის გათვალისწინება მხოლოდ ამ პერიოდისთვის არაა საჭირო, ეს ზოგადადაც ასე უნდა იყოს. ის, თუ როგორ გაუმკლავდებიან ბავშვები სხვადასხვა ოჯახურ თუ გლობალურ კრიზისს, მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ უმკლავდება კრიზისს თავად მშობელი და როგორია მისი ემოციური მდგომარეობა.
თერაპევტები ამ კონცეფციას "ემოციურობის მაგალითის მიცემას" ეძახიან. შეგვიძლია, ეს ასე წარმოვიდგინოთ: ხარ თვითმფრინავში. შეიძლება, წიგნს კითხულობ, ფილმს უყურებ, რაიმე სამუშაოს ასრულებ ან, უბრალოდ, გძინავს. ერთი სიტყვით, რიგითი, არაფრით გამორჩეული ფრენაა.
უცბად თვითმფრინავი მოულოდნელ ტურბულენტობაში ხვდება. გრძნობ, რომ ის გადაიხარა და მღელვარებაც თავს იჩენს. ამის შემდეგ შენ გესმის პილოტის მშვიდი ხმა: "მეგობრებო, დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში ჩვენ ვიქნებით ტურბულენტურ ზონაში. ცოტათი არაკომფორტული იქნება, ამიტომ გირჩევთ, შეიკრათ უსაფრთხოების ღვედები და დარჩეთ საკუთარ ადგილებზე, სანამ ამ ზონას გავცდებით. მე ვთხოვე ბორტგამცილებლებს, სკამებს შორის გასასვლელი რომ არ დაკავდეს, საკვებისა და სასმელის დარიგების დრო გადაეწიათ, ამიტომ ისინი მცირე ხნის განმავლობაში ვერ მოგემსახურებიან. წინასწარ მადლობას გიხდით მოთმინებისთვის. როგორც კი ახალი ინფორმაცია მექნება, კვლავ დაგიკავშირდებით".
რაც ახლა პილოტმა გააკეთა, არის კარგი მშობლობის მოდელი. მას, შესაძლოა, თავადაც აღელვებს ეს ტურბულენტური ზონა, მაგრამ ასევე იცის, რა უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ სხვებს დაეხმაროს სიტუაციის გადალახვაში: მან საკუთარი თავი ხელში უნდა აიყვანოს და ფოკუსირდეს თვითმფრინავის მართვაზე. მას არ აქვს გარანტია, რომ ტურბულენტური ზონა არ გაუარესდება ან თვითმფრინავს არ მოუწევს საავარიო დაშვება. მან ასევე იცის, რომ ზოგჯერ, რაც უნდა იშვიათად ხდებოდეს ეს, თვითმფირავი ვარდება. მაგრამ თუ ის პანიკაში ჩავარდება, შიში მის მგზავრებსაც გადაედებათ.
შესაბამისად, რას აკეთებს ის? ის საკუთარ ემოციებს თოკავს. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ არ ნერვიულობს. ეს ნიშნავს იმას, რომ მას შეუძლია, ინერვიულოს და ასევე თქვას: "აი, რას გავაკეთებთ ტურბულენტურ ზონაში ყოფნისას — ჩვენ მივიღებთ ყველა შესაძლო უსაფრთხოების ზომას, დავრჩებით საკუთარ ადგილებზე და დავაცარიელებთ სკამებს შორის გასასვლელ ადგილს; და ამ ხიფათს ჩვენ ყველა ერთად გადავლახავთ".
როდესაც ბავშვები სტრესულ გარემოში არიან, მათაც სწორედ იმის ცოდნა სჭირდებათ, რომ ასეთ სიტუაციაშიც კი არსებობს ვიღაც, ვინც იცის, როგორ იმოქმედოს.
ბევრი მშობელი თვლის, რომ კრიზისული სიტუაციის დროს უმჯობესია, თუ შვილის საჭიროებებს საკუთარზე წინ დააყენებს. მსგავსი დამოკიდებულება კორონავირუსის მიერ შექმნილ ვითარებაშიც ხშირია. მშობლები ცდილობენ, რომ პანდემიამ ბავშვებზე დიდი გავლენა არ მოახდინოს და მათ რაც შეიძლება მშვიდად გადაიარონ ეს პერიოდი. ამის პარალელურად კი ისინი ივიწყებენ საკუთარ თავს. მშობლები არ იკვებებიან რეგულარულად, ერღვევათ ძილის რეჟიმი, არ ეკონტაქტებიან სხვა ზრდასრულ ადამიანებს, არ იხმარენ შვილებს სახლის საქმეებში, არ იტოვებენ დროს ისეთი სასიამოვნო აქტივობებისთვის, როგორიცაა წიგნის კითხვა ან სასეირნოდ გასვლა.
მაგრამ არავის შეუძლია დიდი ხნის განმავლობაში ასე ფუნქციონირება და შედეგად, დროთა განმავლობაში მშობლების შფოთვა გაუარესდება. და თუ არსებობს ისეთი რამ, რაც სახლში ვირუსივით გადამდებია, ეს შფოთვაა. გამოიცანით, ვინ გაუძღვება ამის მერე სიტუაციას? ის ადამიანი ნამდვილად არა, ვისაც ბავშვები თვითმფრინავის პილოტად ისურვებდნენ. იმისთვის, რომ შვილების გვერდით იდგე, აუცილებელია, რომ პირველ რიგში საკუთარ თავს დაეხმარო.
რა თქმა უნდა, თუ ინფორმაციას გუგლში მოიძიებ, მარტივია საბაზისო მითითებების მოძებნა იმაზე, თუ როგორ უნდა დაეხმარო ბავშვებს, გაუმკლავდნენ ამ კრიზისულ სიტუაციას. და ეს მითითებები, ასევე რა თქმა უნდა, სასარგებლო იქნება. მაგრამ როდესაც მშობლები მეკითხებიან, რისი გაკეთებაა საჭირო, მე მათ, როგორც წესი, ამას ვეუბნები: "ყოველი ოჯახი თავისებურია და ასევე თავისებურია თითოეული ბავშვი ოჯახში, რაც ნიშნავს, რომ საუკეთესო და უნივერსალური რჩევა არ არსებობს".
ამ სიტყვებს იმასაც ვურთავ, რომ, მართალია, ცვლილება ადამინებს ყოველთვის სტრესავს, მაგრამ, ამასთან, ჩვენი სახეობა ახალ გარემოსთან სწრაფად მორგების უნარით გამოირჩევა. ამის მტკიცებულება ყველგანაა: იქნება ეს ორკესტრი, რომლის წევრები თავთავიანთი სახლებიდან ასრულებენ ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონიას; მასწავლებლები, რომლებიც სამეცნიერო ექსპერიმენტებს Zoom-ის დახმარებით საძინებლებიდან აკეთებენ; მუზეუმები, რომლებიც ვირტუალურად გვაძლევენ საშუალებას, ვიხილოთ მათი ექსპონატების სილამაზე; ბავშვები, რომლებსაც შეუძლიათ, სმარტფონების საშუალებით ბებია-ბაბუებთან ერთად ისაუზმონ; თუ სამედიცინო პერსონალი, რომელიც ყოველდღე იბრძვის მორიგი სიცოცხლის გადასარჩენად ისეთ პირობებში, როგორსაც სულ რამდენიმე კვირის წინ ვერც კი წარმოიდგენდნენ.
ამ მშობლებს მე ვეუბნები, რომ მათ, როგორც მფრინავებს, უნდა შეეძლოთ საკუთარი თავის დამშვიდება, რათა შემდეგ სხვას დაეხმარონ. პირველ რიგში, უნდა შეინარჩუნო სიმშვიდე, შემდეგ მოუსმინო შენი ეკიპაჟის წევრებს, გაერკვე მათ გრძნობებში, გულწრფელად ესაუბრო, მიაწოდო ინფორმაცია ვითარების განვითარების პარალელურად და იყო მოხერხებული, რათა სწრაფად შეძლო რეაგირება იმ შემთხვევაში, თუ პროცესების მიმართულება შეიცვლება. თუ მშობელი ამ რჩევას გაითვალისწინებს, გაცილებით უკეთესად დაეხმარება ბავშვებს, ვიდრე იმ შემთხვევაში, თუ სწორი პროექტების, ეკრანთან გატარებული დროის სწორი ოდენობის და სწორი სიტყვების შერჩევაზე ღელვას გადაყვება. იმისთვის, რომ შენმა შვილებმა თავი უსაფრთხოდ იგრძნონ, მათ მხოლოდ ერთი რამის გაგონება სჭირდებათ: მე აქ ვარ და დაგიცავ.
ლარი, შენ არაჩვეულებრივად აბამ თავს სიტუაციას. უბრალოდ, გააგრძელე თვითმფრინავის მართვა.
კომენტარები