უალტერნატივო ტრამპი და დამარცხებული კლინტონი - ინდიანას პრაიმერის ქრონიკა
ინდიანაში 3 მაისს გამართული საპრეზიდენტო პრაიმერი მოულოდნელი და შოკისმომგვრელი შედეგებით დასრულდა აშშ-ს პრეზიდენტობის მსურველთათვის. რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა მორიგი ტრიუმფალური გამარჯვება იზეიმა, ჰილარი კლინტონი კი ბერნი სანდერსთან დამარცხდა.
რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის დასახელებისთვის ინდიანას პრაიმერიში 3 კანდიდატი იბრძოდა. დონალდ ტრამპმა აჯობა კონკურენტებს და მიიღო ხმების 53%, ტედ კრუზმა - 36.6%, ჯონ კეისიკმა - 7.6%. აღნიშნული შედეგების გასაჯაროების შემდეგ, ტედ კრუზმა და ჯონ კეისიკმა კანდიდატურები მოხსნეს, შესაბამისად, რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელების ერთადერთი შანსი მილიარდერ დონალდ ტრამპს დარჩა.
რაც შეეხება დემოკრატებს, ბერნი სანდერსმა მიიღო ხმების 52.5%, ხოლო ჰილარი კლინტონმა - 47.5%. დემოკრატების პრეზიდენტობის ნომინაციისთვის ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა, რადგან წინ კიდევ რამდენიმე პრაიმერია დარჩენილი. ჰილარი კლინტონს ამ დროისათვის აქვს 2 239 დელეგატის ხმა, ბერნი სანდერსს - 1 469. პრეზიდენტობის კანდიდატად დასასახელებლად მათ 2 383 დელეგატის ხმა სჭირდებათ, ხელმისაწვდომია 1 057 ხმა. შესაბამისად, ყველაზე რეალური შანსი, რომ გახდეს დემოკრატების პრეზიდენტობის კანდიდატი, აქვს ჰილარი კლინტონს.
საარჩევნო დღე ინდიანაში
ინდიანაში, აშშ-ში, საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 3 მაისს, დილის 06:00 საათზე გაიხსნა. ინდიანელები ხმას აძლევდნენ იმ კანდიდატს, რომელიც სურთ, მათი პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი გახდეს აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებზე.
ერთ-ერთი საარჩევნო უბანი, სადაც ჩვენ ვიმყოფებოდით, ერთ-ერთი ეკლესიის შენობაშია განთავსებული. ადგილობრივების განმარტებით, ეკლესიები მათი საზოგადოების თავისუფალი სივრცეა და არჩევნების აქ ჩატარება, ჩვეულებრივი ამბავია.
ზოგიერთი დასახლების მცხოვრებნი საპრეზიდენტო კანდიდატებთან ერთად ასევე ირჩევენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს.
ამერიკაში თითოეულ შტატს განსხვავებული საარჩევნო სისტემა აქვს, თუმცა, არჩევნების შედეგების სანდოობას ეჭვქვეშ არავინ აყენებს.
როგორც ინდიანას საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა განგვიცხადეს, ყველაზე ხშირად მოქალაქეები მათ საჩივრით მიმართავენ საარჩევნო უბნის ლოკაციასთან, ან გახსნის დროსთან დაკავშირებით.
მათ, ვისაც არჩევნების დღეს სამუშაო საათების დროს არ აქვს საშუალება ხმა მისცეს, ან ქვეყნიდან მიემგზავრება, შესაძლებლობა აქვს წინასწარ მისცეს ხმა. ამისთვის თითოეულ ოლქში ერთი საარჩევნო უბანი არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე იწყებს მუშაობას.
ხმის მისაცემად მოქალაქეებს ორი საშუალება აქვთ: ელექტრონული და ჩვეულებრივი, ქაღალდის ბიულეტენით. ხმის ელექტრონულად მისაცემი მოწყობილობა მორგებულია როგორც მხედველობა შეზღუდულ, ისე სმენადაქვეითებულ ამომრჩევლებზე და მათ დამოუკიდებლად შეუძლიათ სასურველი არჩევანის გაკეთება. რაც შეეხება ქაღალდის ბიულეტენს, ამომრჩეველი შევსებულ ფურცელს ათავსებს საარჩევნო ყუთში და მის მონიტორზე ადასტურებს ბიულეტენის ჩაგდებას. შესაბამისად, აღნიშნული მეთოდი გამორიცხავს ე.წ. ბიულეტენების ჩაყრასა და ხმების გაყალბების მსგავს საშუალებებს.
საარჩევნო უბნის გახსნისას, უბნის თავმჯდომარე ორივე მოწყობილობიდან იღებს ამონაწერს, სადაც შედეგები განულებულია. უკვე საარჩევნო პროცესის დასრულების შემდეგ, ის ხელახლა იღებს ამონაწერს, სადაც ჩანს შედეგები. ამის შემდეგ საარჩევნო ყუთები მიაქვთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ახარისხებენ და სპეციალური აპარატით ასკანერებენ, რომელიც ითვლის როგორც ბიულეტენების რაოდენობას, ისე კანდიდატებისთვის მიცემულ ხმებს. შესაბამისად, ამერიკულ არჩევნებზე ხმის დათვლის პროცესი გაცილებით სწრაფი და ოპერატიულია. პირველადი შედეგებიც მალევე, საარჩევნო უბნების დახურვიდან ნახევარ საათში იწყება.
ტექნიკური პრობლემის შემთხვევაში, ადგილზე მუდმივად იმყოფება ტექნიკური პერსონალი. თუ პრობლემის გამოსწორება ვერ ხერხდება, მაშინ ხმებს საარჩევნო კომისიის წევრები ითვლიან.
კომენტარები