პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის აზრით უგულავას საქმეზე ერთ-ერთმა ევროპარლამენტარმა ნაჩო სანჩეს ამორმა განცხადება ემოციურ ფონზე გააკეთა. ამის შესახებ კობახიძემ იმედის კვირასთან ისაუბრა.

"უგულავას ადგილი სად არის, ეს მე არ ვიცი. ეს იყო სასამართლოს გადასაწყვეტი და სასამართლომ გადაწყვიტა, მაგრამ პოლიტიკაში 48 მილიონის მომპარავის ადგილი რომ არ უნდა იყოს, ეს, მე მგონი, თითოეული მოქალაქისთვის უნდა იყოს ნათელი", — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგი უგულავას დაკავების გამო ევროპარლამენტში ქართული ოცნების პარტნიორი პარტიის წევრმა, ნაჩო სანჩეს ამორმა შეშფოთება გამოთქვა.

როგორც ევროპარლამენტარმა დაწერა, ნებისმიერი პოლიტიკური მოთამაშე მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა იჯდეს და არა ციხეში.

"ძალიან შეშფოთებული ვარ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული პოლიტიკური მოვლენების გამო. ქვეყანას პოლიტიკური ურთიერთობების ხანგრძლივი ისტორია აქვს. სამწუხაროდ, წარსული მტკივნეული აწმყო ხდება. ნებისმიერი პოლიტიკური მოთამაშე, უგულავა კი ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა, უნდა იჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან და არა ციხის საკანში", — განაცხადა ამორმა.

უგულავას დაკავება და შეწყვეტილი დიალოგი

თბილისის ყოფილ მერსა და ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, გიგი უგულავას პატიმრობაში ყოფნა ისევ 3 წლით, 2 თვითა და 8 დღით მოუწევს. საქმეზე, რომელზეც უგულავა რამდენიმე წლის წინ მსჯავრდებული იყო, გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ დღეს, 10 თებერვალს გამოაცხადა. საკასაციო საჩივარი ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა და ახლადარჩეულმა მოსამართლემ შალვა თადუმაძემ განიხილა.

როგორც მისმა ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ თქვა, უგულავა უზენაესმა სასამართლომ იმ მუხლით გაასამართლა, რომლითაც 9-წლიანი პატიმრობა იყო გათვალისწინებული. თუმცა, ამ მუხლზე ამნისტია გავრცელდა, განახევრდა. იმის გამო, რომ მას მოხდილი ჰქონდა წელიწადი და ოთხი თვე, პატიმრობაში ყოფნა სამ წელზე მეტ ხანს მოუწევს.

უგულავას განაჩენის გამოცხადების შემდეგ ოპოზიციამ განაცხადა, რომ საარჩევნო სისტემაზე მთავრობასთან მოლაპარაკებას წყვეტს და საპროტესტო აქციები დაიწყება. მათი თქმით შემდეგომ მოლაპარაკებას აზრი არ აქვს.

სამთავრობო გუნდის ლიდერებმა მომხდარის შეფასება არ ისურვეს და აშშ-ის ელჩთან შეხვედრის დატოვების შემდეგ კი განაცხადეს, რომ მოგვიანებით ისაუბრებენ. დეპუტატებმა კი მომხდარი "ადეკვატურ განაჩენად შეაფასეს".