სტატიის დაწერა რომ გადავწყვიტე, ქალების ჯგუფებში ვიკითხე, სურდათ თუ არა დედებს საუბარი იმ სირთულეებზე, რაც ორსულობასა და "დედობის შესწავლას" ახლავს და როგორ უმკლავდებოდნენ პირველი დღეების შოკს. რამდენიმე წუთში უამრავი კომენტარი დამხვდა იმაზე, რომ დედობა ხილული სასწაულია და ბავშვი ტვირთი კი არა საოცრებაა. პოსტს კრიტიკაც მოჰყვა, დედობა მხოლოდ სირთულე არ არის და არასწორ აქცენტს აკეთებთო.

ცოტა ხნის შემდეგ შეტყობინება მივიღე: "არ ვაპირებდი მოწერას, მაგრამ კომენტარებს გადავხედე, ძირითადად, დადებით ემოციებზე და დიდ ბედნიერებაზე წერენ დედები, ამიტომ მე ჩემს სირთულეებზე მოგიყვებით".

საუბრის სურვილი ათეულობით ქალმა გამოთქვა. მათ უმეტესობას სახელის შეცვლა სურს. არ უნდათ ვინმემ ეგოისტად ჩათვალოს იმის გამო, რომ უძილობა უჭირდათ, ხასიათი ეცვლებოდათ და იღლებოდნენ. უბრალოდ, უნდათ ხალხმა გაიგოს, რომ "მე გადასარევი ორსულობა მქონდა" და "ყველა დედას უჭირს" სიტუაციას არავის უმსუბუქებს. უნდათ ყველამ იცოდეს, რომ დედობა ბედნიერებაა, მაგრამ დანაშაული არ არის იმის აღიარება, რომ გაუჭირდათ.

თინა

თინა ჩემი პირველი რესპონდენტი იყო. სწორედ მან გამოთქვა სურვილი პრობლემებზე ესაუბრა იმ დედების სახელით, ვისაც სინდისი ქენჯნის დაღლილობისა და დეპრესიის გამო.

"რა თქმა უნდა, წარმოუდგენელი სასწაულია. გგონია, რომ მზად ხარ და იცი რასაც ელოდები, მაგრამ დაიბადება და ხვდები, თურმე აზრზე არ ხარ.

რაც დრო გადის, უფრო და უფრო გიყვარდება. მეც და ალბათ, სხვა დედებსაც გვგონია, რომ არ გვაქვს უფლება ამ დროს რამე გვაწუხებდეს. მაგრამ ნელ-ნელა ხვდები, რომ ეს დიდი ბედნიერება დიდ შრომას, ნებისყოფას და სიმტკიცეს მოითხოვს. არაუშავს თუ ხანდახან გვიჭირს".

თინა 28 წლის იყო, როცა დაორსულდა. ფიზიკურად თავს კარგად გრძნობდა, მაგრამ ჰორმონები და არასასურველი გარემო განწყობას ხშირად უფუჭებდა. ორსულობამ სტრესში გაიარა, "სუნების ზიზღში და ადამიანების აუტანლობაში".

მშობიარობის შიში არ ჰქონია და არც ორსულობის დროს უჩნდებოდა განსაკუთრებული დედობრივი შეგრძნებები, მაგრამ ყველაფერი შეიცვალა, როცა შვილი დაინახა.

თავიდან ყველაფრის ეშინოდა. იმაზე დარდობდა, რომ ძუძუთი კვებისას ბავშვს რძე არ გადაცდენოდა და ცუდად არ გამხდარიყო. მერე იყო ტირილი, უძილო ღამეები და პირადი სივრცის გაქრობა.

"არ უყვარდა ჩაცმა და გახდა. ტანსაცმელზე ხელის მიკარებისთანავე ტირილს იწყებდა და არ წვებოდა ზურგზე. სხვა გზა არ მქონდა, სულ ხელში მყავდა, მკერდზე მეწვა და ისე ვაცმევდი.

დაბანაც არ მოსწონდა. სპეციალურ შეზლონგზე არ წვებოდა და ამიტომ კალთაში მეჯდა, ძუძუს წოვდა და ასე ვბანდი.

ფოტო: Dribble

ძილშიც კი ხელში უნდოდა ყოფნა. დატოვებისთანავე ეღვიძებოდა და ხანდახან აბაზანაში შესვლაც პრობლემა იყო. უცებ, სრულიად ერთბაშად, აღმოჩნდა, რომ საერთოდ არ მაქვს დრო ელემენტარული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლადაც კი".

დროის უქონლობამ მის თვითშეფასებაზე იმოქმედა. თავს ვერ უვლიდა და ეგონა, რომ ცუდად გამოიყურებოდა. მეგობრების სანახავად ვერ იცლიდა და ემოციებს ვერავის უზიარებდა.

იჯდა და ითვლიდა წლებს, როცა შეძლებდა ცოტა დრო მაინც გამოეძებნა. თან რცხვენოდა, რომ მაშინ თავზე შეეძლო ფიქრი. თუმცა ახლა დარწმუნებულია, რომ ყველა დედა ასე უნდა მოიქცეს და თავი არ უნდა დაივიწყონ. არ უნდა იფიქრონ იმაზე, რომ "ამხელა ბედნიერების დროს ცუდად ყოფნის უფლება არ აქვთ".

"დაბადებიდან დღემდე ბევრი რამე შეიცვალა, ის რაც ძალიან რთული იყო, ძალიან გამარტივდა. ახლა ღამე რომ ეღვიძება, ისიც კი მიყვარს, იმიტომ რომ მაგ დროს სხვანაირ ხასიათზეა. გავაცნობიერე, რომ ყველაფერს მასთან ყოფნა მირჩევნია და ისე აღარ ვდარდობ თუ მეგობრებს ვერ ვნახულობ, ვერსად დავდივარ. დიდ სირთულეს, დიდი ბედნიერება აბალანსებს".

მაია

მაიას რთული ორსულობა ჰქონდა. პირველივე ტრიმესტრში ტოქსიკოზი დაეწყო. ეუბნებოდნენ, რომ ასე ხშირად ხდება და მესამე თვემდე გაუვლიდა. 3 თვე გავიდა. შემდეგ 5. ამშვიდებდნენ მეექვსე თვეში უკეთ გახდებიო. 9 თვე გავიდა, ის კი ისევ ვერ ჭამდა, ვერ სვამდა და ვერც იძინებდა.

"4 თვე ვერ ვსვამდი წყალს. მერე 2-3 ყლუპს, მხოლოდ გაყინულს. საპირფარეშომდე ძლივს ვახერხებდი გასვლას. ძირითადად ვიწექი.

იყო მაგალითად ისეთი კვირა, როცა 8 დღის განმავლობაში 3 გარგარი და 2 ქლიავი ან 2 ნაჭერი პურის ქერქი მქონდა ნაჭამი. ვიზუალურადაც შევიცავლე, ავადმყოფივით გამოვიყურებდი".

მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად თავს ცუდად გრძნობდა, მშობიარობის არ ეშინოდა. გაუტკივარება არ უნდოდა ბოლო წუთებამდე, სანამ ქმარმა ვეღარ გაუძლო მისი ტკივილის ყურებას.

"ჯამში 26 საათზე მეტ ხანს ვითმინე ტკივილი, აქედან 14 საათი მქონდა ძლიერი ტკივილები. ბოლო 8 საათი საერთოდ მძიმე იყო. ხმას არ ვიღებდი. მხოლოდ სწორად ვსუნთქავდი და თვალებს ვხუჭავდი. ექიმმა ასე ჩუმად როგორ იტან, იყვირე მაინცო. ბოლოს ჩემმა ქმარმა ვეღარ გაუძლო, ექიმს უთხრა გაიკეთებსო და გამიკეთეს.

ფოტო: Mark Grassa

15 წუთში დამეწყო მშობიარობა და ბუზღუნი დავიწყე, რომ გაუტკივარება გამაკეთებინეს. არადა, კიდევ კარგი გავიკეთე. ის 15 წუთი შვება იყო. ისეთი დაღლილი ვიყავი, რომ ტკივილის შეწყვეტასთან ერთად, მეგონა ყველაფერი დასრულდა და დავისვენე. მაგრამ მანდ დაიწყო, რაც დაიწყო".

მაიას ენერგიული შვილი ჰყავს, რომელსაც "ძილის ატანა არ აქვს". ამბობს, რომ დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ ახალბედა დედას ხშირად 48 საათში 30 წუთიც არ ეძინა.

"ბანაობის დროს ფეხზე მდგომს მეძინებოდა შხაპის ქვეშ. არ ვიცი 1 წუთი, 5 წუთი თუ სულ რამდენიმე წამი, მაგრამ თვალს რომ ვახელდი, მეგონა გამოვიძინე.

ერთხელ ბავშვთან თამაშის დროს ჩამეძინა. ტელეფონს დავხედე, საათი ვნახე და უცებ ბავშვის ტირილი მესმის. თვალი გავახილე და ის ლოგინზე აღარაა. ზუსტად 3 წუთი იყო გასული საათის ნახვის მომენტიდან. იმდენად გათიშული ვიყავი, რომ ბავშვი ფეხებზე გადამაცოცდა და გადავარდა. საშინლად ვინერვიულე".

ეშინოდა ბავშვის კვებისას არ ჩაძინებოდა, რომ ცხვირი მკერდით არ დაეფარა და სუნთქვა არ გართულებოდა. ძილს მხოლოდ ჭამის შემდეგ ახერხებდა, როცა ბავშვი იძინებდა, ცოტა ხნით. არ უნდოდა მასთან წოლას შეჩვეოდა, მაგრამ ცალკე საწოლში პატარა იღვიძებდა და ტიროდა. მაია ბავშვის ტირილს ვერ უძლებდა და მაინც თავისთან გადაყავდა.

დღისით ძილი ბავშვს არ უყვარდა. მხოლოდ 20 წუთი ეძინა და ამ დროში მაიას ჭამა, დაბანა, საპირფარეშოში შესვლა უნდა მოესწრო.

უძილობისგან ნერვოზი დაეწყო. უნდოდა ემკურნალა, მაგრამ ბავშვს ძუძუთი კვებავდა და წამლებს მოერიდა. იქამდე გადადო, სანამ ხელოვნურ საკვებზე გადაიყვანდა.

ფოტო: JESSICA PHAN

"რაღაცნაირი დამოკიდებულება მქონდა, მეგონა ინერვიულებდა თუ უყურადღებოდ იქნებოდა. პატარა უსუსური დაუცველი არსება იყო, რომელიც მარტო დედაზე რეაგირებდა.

თავიდან ჭამის დროს იძინებდა. მერე გადაეჩვია იძულებული გავხდი წლინახევრის ბავშვის ხელში დაძინებდა დამეწყო. 2 წლიდან თვითონვე გადავიდა ხელიდან. საათახევარი ვუნდებოდი მის დაძინებას. მივუწვებოდი და ასე წვალობდა ისიც და მეც".

ის იყო ეგონა, რომ ბავშვი გაიზარდა და სირთულემ გადაიარა, როცა კონტრაცეპტივებმა უმტყუნა და მეორედ დაორსულდა.

"რა წყნარი ბავშვია ასეთს ორს გაზრდიო რომ ამბობდნენ, მინდოდა სახე დამეპუტა ხოლმე. რადგან არ წიოდა და კიოდა ეგონათ, ადვილი იყო. ჩემთვის ეკითხათ. გადავფსიხდი, ნერვი აღარ შემრჩა.

დაიწყო იგივე. ტოქსიკოზი — არც ვიტამინი მშველის, არც გადასხმა, არც არაფერი".

ნერვოზი ვეღარ იმკურნალა. უწევდა ხასიათი ეკონტროლებინა, რომ ბავშვთან გაწონასწორებული ყოფილიყო.

"უცბად მოვწყდი, ჩავწექი. წამერთვა ხალისი და ენერგია. ბავშვი განიცდიდა ძალიან — დედიკო ცუდად ხარ? დედიკო გტკივა? თავისი ხელით მაჭმევდა მაწონს, მე მოგივლიო მეუბნებოდა. სულ ჩემთან უნდოდა — დედამ დამაძინოს, დედამ მაჭამოს, დედამ დამბანოს. მე არაფერი შემიძლო. ეს იყო ყველაზე მძიმე".

მეორე ბავშვზე განსხვავებული იყო, როგორც ორსულობა, ისე გაზრდის პრობლემებიც. ორივე ბავშვი დედასთან ძილს ითხოვდა. ქმარს საწოლიდან ადგომა უწევდა, რადგან ყველა ვერ თავსდებოდნენ. ეს ფაქტი ემოციურად ორივესთვის მძიმე იყო. თუმცა ესეც გადაიტანეს.

ახლა უკვე იცის, რომ ყველა ორსულობა ინდივიდუალურია და ქალები ამისთვის მზად უნდა იყვნენ.

"ბევრისგან მსნენია:"ვერ გავუძლებ უძილობას","ვერ გავუძლებ მტირალა ბავშვს". მაგრამ ფაქტის წინაშე სხვა რამ ხდება. სხვა რა გზაა? უძლებ და ეგუები. ურთულესია დედობა. პროფესიაა, რომელსაც ზოგი კარგად ითვისებს, ზოგი ვერა.

ახალბედა დედებმა უნდა იცოდნენ, რომ აუცილებლად დაგეგმონ ორსულობა და იყვნენ მზად დედობისთვის, პრობლემებისთვის. რატომღაც საქართველოში არ აქცევენ ყურადღებას პოსტსამშობიარო დეპრესიას და ახალბედა დედა რომ სტრესულ ეტაპზეა, ვიღაც ეუბნება: "აბა რა გეგონა", "მასეა, ჩვენ ყველამ ეგ გამოვარეთ". ეს აუტანელია. ყველა ერთ გზას არ გადის, ყველას ერთნაირი ნებისყოფა არ აქვს".

თამთა

თამთა 24 წლის იყო, როცა დაორსულდა. ტოქსიკური ორსულობა არ ჰქონია და ცხოვრების აქტიური რიტმი მარტივად შეინარჩუნა. მშობიარობა გაუჭირდა, ფიქრობდა რომ ძალა აღარ ეყოფოდა, მაგრამ შვილის დანახვამ ყველაფერი შეცვალა. მაშინ ეგონა, რომ მთავარ სირთულეს მოერია.

"მშობიარობისას იმდენად გტკივა, რომ გგონია ვერ მოითმენ და რაღაც დაგემართება. ძალა აღარ გაქვს, მაგრამ რამდენიმე საათში ყველაფერი სხვაგვარადაა.

პირველად გულზე რომ დამაწვინეს, ტირილი დავიწყე. უცებ გავიაზრე ჩემი შვილი იყოო. აი, ის 9 თვე რომ ვნატრობდი, როდის დაიბადებოდა.

ვუყურებდი და ყველაფერი მაინტერესებდა — როგორი თითები ჰქონდა, თვალები. წამებში დამავიწყდა ყველაფერი, რაც უკან იყო".

პირველი კვება გაუჭირდა, მაგრამ ცდილობდა ბავშვისთვის ხელი შეეწყო, რომ მოქაჩვა ესწავლა.

ფოტო: Lucy Scott

დღემ მშვიდად ჩაიარა. სახლში გაწერეს და იფიქა, რომ ალღო აუღო.

"მაგრამ დაღამდა... გაიღვიძა ტირილით. ვაჭმევ, არ ჩერდება. ხელში ამყავს, ისევ ტირის. ვიცი რომ გაზების ამბავია. წამალი არ შველის. დავრბივარ ოთახიდან ოთახში, ვუკეთებ თბილი წყლის აბაზანებს, ვაწვენ ისეთ პოზაში რომ ესიამოვნოს. ეს ყველაფერო წამიერია. დამშვიდდება და აგრძელებს.

შეშინებული და დაბნეული ვუყურებდი, როგორ ტიროდა გულამოვარდნილი 6 საათის განმავლობაში. ემოციურად ორივე ძალიან დავიღალეთ. გამთენიას ჩაეძინა. მიხაროდა, რომ ეს ღამე გადავლახეთ, თუმცა მეორე ღამესაც იგივე დაიწყო".

1 თვის განმავლობაში თამთას ღამე 2-3 საათი ეძინა. ისიც მაშინ, როცა ჭამის შემდეგ ქმარი ბავშვს აძინებდა. მეორე დღეს უძილობისგან ძალა არ ჰყოფნიდა, მაგრამ მაინც უმკლავდებოდა.

თავიდან ყოველი ტირილისას ეგონა, რომ ბავშვს შიოდა და ცდილობდა ასე დაემშვიდებინა. მერე რეაქციებს აკვირდებოდა და იმის ამოცნობა ისწავლა, რა აწუხებდა პატარას.

"მუჭებს კრავდა და პირს აცმაცუნებდა შიმშილის დროს. მუცელი ოდნავ რომ უმაგრდებოდა და უბუყბუყებდა გაზების წამალი მქონდა მომარჯვებული. ყველა საღამოს ერთი და იმავე დროს ეწყებოდა დაალხოებით 40 წუთით. ამ დროს მანქანაში ვსამდი დავდიოდით, ასე გადაგვქონდა ეს პერიოდიც. მიჭირდა და საშინლად ვიღლებოდი, მაგრამ ვისწავლე. მთავარია დედებმა იცოდნენ და მზად იყვნენ სირთულეებისთვის".

სოფო

სოფო 29 წლის იყო, როცა დაორსულდა. დაუგეგმავი იყო, მაგრამ გაუხარდა. ამბობს, რომ ბოლო თვემდე მშვიდი და კომფორტული ორსულობა ჰქონდა, მაგრამ მაინც მოახერხეს, რომ დისკომფორტი შექმნოდა. ხშირად უსვამდნენ ხაზს, რომ წონაში მოიმატა და "კაბაში ვეღარ ეტევა" ან "ერთი ადგილი გაეზარდა". უტაქტო კომენტარებს განიცდიდა.

მეცხრე თვეში უკვე მოძრაობა, სუნთქვა და ჩაძინება უჭირდა, რაც ხასიათზეც ისახებოდა. შიშები გაუჩნდა და რაც უფრო ახლოვდებოდა მშობიარობის დღე, მით უფრო მატულობდა დაძაბულობა. შიშს უძლიერებდა სხვისი ისტორიები რთულ მშობიარობაზე, მაგრამ საავადმყოფოში მაინც შემართებით წავიდა.

რთული მშობიარობა ჰქონდა. 32 საათში გააჩინა და "მომენტარულად მოწყდა".

"სანამ დავინახავდი ტირილის ხმა გავიგე. მივხვდი რომ მორჩა, ყველაფერმა ჩაიარა, ჩემი ყველაზე დიდი შიში დაძლეულია. პირველი ემოცია იყო სიხარული, რომ ეს კოშმარი დასრულდა. მერე ის, რომ ბავშვი ჯანმრთელია.

გულზე დამაწვინეს და ის ორი საათი ბუნდოვნად მახსოვს. ძალიან დიდი ინტერესით ვათვალიერებდი, ხომ ყველაფერი ადგილზე ჰქონდა. ერთი თვალი ჰქონდა დახუჭული და ვცდილობდი გამეხილა, დამინახეს ექთნებმა და მეჩხუბნენ".

ფოტო: Ewa Brzozowska

პირველი შოკი მარტივად გადაიტანა, რადგან გაიაზრა, რომ დედობის ცოდნით არავინ იბადება. დედას და დედამთილს დახმარებაზე უარი უთხრა და ბავშვის აღზრდის მოვალეობები ქმართან გადაინაწილა. მანამდე მშობლების სკოლა ჰქონდათ გავლილი და გაუმარტივდათ. თან წინასწარი შეთანხმება ჰქონდათ, რომ პირველი თვე კრიტიკული იქნებოდა და მოთმინება დასჭირდებოდათ.

"მიუხედავად იმისა, რომ ნაკერები არ დამჭირდა, ფიზიკურად მაინც სუსტად და უენერგიოდ ვიყავი. მშობიარობამდე ბევრი რამ მქონდა წაკითხული პოსტსამშობიარო დეპრესიაზე, მაგრამ რაც არ უნდა იდეალურად ყოფილიყო ყველაფერი, ჰორმონების გამო მაინც არასტაბილური ვიყავი. ამიტომ, არაფრის სანაცვლოდ არ ვამბობდი ძილზე უარს, ყველა თავისუფალ წამს ძილში ვხარჯავდი.

მე და ჩემმა ქმარმა ღამეები ასე დავგეგმეთ. ბავშვის საწოლი ჩემი ქმრის გვერდით იდგა, როცა ბავშვი იღვიძებდა, ის ამოიყვანდა და მომაწვდიდა, მე ვაჭმევდი და ვუბრუნებდი. ქმარი უცვლიდა და აწვენდა. ასე უფრო მეტი დრო მრჩებოდა ძილისთვის.

ფოტო: Rull Studio

როცა ცუდ ხასიათზე ვდგებოდი და მეგონა, რომ ყველაფერი ცუდადაა, ამ დროს მახსენებდა ქმარი, რომ ეს ყველაფერი დროებითია და მალე გაივლის".

სოფო ურჩევს მომავალ დედებს, რომ მტკიცედ შეხვდნენ სირთულეებს. გაწევრიანდნენ მშობლების ჯგუფებში, იკითხონ ფორუმებზე, გადმოწერონ აპლიკაციები და გაუფრთხილდნენ თავს, რადგან "სახლის საქმეები" და ნათესავები, რომლებსაც ბავშვის დაბადების აღნიშვნა უნდათ, იმად არ ღირს, რომ თავს და შვილს სიმშვიდე და დასვენება მოაკლონ.

"და რაც მთავარია, როცა ბავშვი ჩნდება, ყველა ექსპერტი ხდება და ცდილობს თავს მოგახვიოს აღზრდის მისეული მეთოდები, რაც ხშირად ძალიან გამაღიზიანებელია და ასევე სახიფათოც ბავშვისთვის, რადგან ძირითადად მოძველებულ რჩევებს იძლევიან. ამიტომ არის აუცილებელი, წინასწარ მიიღო რაც შეიძლება ბევრი სანდო ინფორმაცია, გაეცნო საუკეთესო პრაქტიკებს და დაიხმარო იმ მეგობრების გამოცდილება, ვინც ცოტა ხნის წინ გახდნენ მშობლები".

ქეთი

დაგეგმილი არც ქეთის ორსულობა იყო. ბავშვი უნდოდათ, მაგრამ მზად არ იყვნენ. ორსულობის მეორე თვეში გაიგეს, რომ ტყუპები ჰყავდათ. მაშინ ბევრი იტირა. ეშინოდა. არ იცოდა, ორი ბავშვი როგორ უნდა გაეზარდათ.

რთული ორსულობა ჰქონდა. ტოქსიკოზის გამო 7 კილო დაიკლო. სუნები აწუხებდა, მუცელი საკმაოდ დიდი ჰქონდა და ძილში ხელს უშლიდა. არ უნდოდა მალე ემშობიარა, ეშინოდა.

მშობიარობის შემდეგ ეგონა, რომ ყველაფერი დასრულდა და პოსტსამშობიარო დეპრესიას გადაურჩა, მაგრამ ცდებოდა. კლინიკიდან ერთ კვირაში გამოწერეს მხოლოდ ერთი ბავშვით, მეორე სამკურნალოდ დაატოვებინეს.

"ურთულესი იყო ერთი ბავშვით სახლში დაბრუნება. პირველი რამდენიმე დღე ნორმალურად არც მახსოვს. დღეში ორჯერ მივდიოდი ვნახულობდი ტყუპიკოს. რძე მიმქონდა და მთელი სული და გული იქ მრჩებოდა წამოსვლისას.

საშინელი დღეები იყო, მაგრამ ჩაიარა. მაგის მერე არ ვიცი კიდევ რა უნდა გაგვიჭირდეს ერთად".

ბავშვები ღამე ხან ერთად იღვიძებენ, ხან ცალკ-ცალკე, ამიტომ ქეთის და მის ქმარს იშვიათად სძინავთ.

"ხანდახან ცოტა ტირილამდე მივდივარ ხოლმე, ძალიან რომ მეძინება და უნდა ავდგე და ვაჭამო. თან ხელოვნურზე მყავს, მაგრამ მე და ჩემს ქმარს თანაბრად გვაქვს მოვალეობები გაყოფილი და ეს მიმსუბუქებს მდგომარეობას.

ძალიან რთულია იმის გააზრება რომ შენი ცხოვრება აღარ გეკუთვნის ვერასოდეს ვეღარ მოიქცევი უპასუხისმგებლოდ. ვერასდროს ვერაფერს ვეღარ გაახალტურებ. თითქოს, შენ შენ აღარ ხარ".

ფოტო: Gillian Wilson

მიუხედავად სირთულეებისა ქეთის განწყობის თეორიის სჯერა. ფიქრობს, რომ თუ დადებითად განეწყობი ღამე გაღვიძება და უძილობაც სასიამოვნო იქნება. მართალია, ხანდახან "ემოციური აფეთქებები" აქვს, მაგრამ იცის, რომ ესეც გაივლის.

"ბარებშიც დავდივარ ხანდახან მეგობრებთან ერთად. ვცდილობ არაფერს მოვაკლდე. ჩვენზეა მაინც დამოკიდებული.

განწყობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ მომავალმა დედებმა, რაც შეიძლება ნაკლებ რჩევას უნდა მოუსმინონ. საბოლოოდ მაინც ინტუიცია წყვეტს ბევრ რამეს. თანამედროვე გაიდლაინებს დაუჯერეთ და არა 100 წლის წინანდელ გამოცდილებას. ყველა თავისუფალი წუთი თქვენს თავს დაუთმეთ და ბავშვების განვითარებაზე იზრუნეთ.

ეგოიზმი დანაშაული არ არის და "ცუდი" ფიქრები სრულიად ბუნებრივია" .

სოფო

სოფოს და მის ქმარი ხშირად ხუმრობდნენ, რომ ტყუპი შვილები ეყოლებოდათ. ასეც მოხდა. ცრემლების გარეშე ამ ამბავს არცერთი შეხვედრია. არ ახსოვთ სახლამდე როგორ მივიდნენ.

ფოტო: Gillian Wilson

ორსულობის დასაწყისში გაუჭირდა. პირველ ტრიმესტრში ტოქსიკოზი ჰქონდა, გულისცემა უჩქარდება და ჰაერი არ ჰყოფნიდა. წოლა უჭირდა, ვერ იძინებდა. ძირითადად იჯდა.

ნერვიულობდა. ხშირად ამოწმებდა ჯანმრთელობის მდგომარეობას. ცდილობდა ჯანსაღი საკვები მიეღო, რომ ნაყოფისთვის არ ევნო.

"ორსულობისას ქალი იცვლება როგორც ფიზიკურად, ისე ემოციურად. ისე ვერ იკვებები როგორც იკვებებოდი. გისივდება ფეხები, გიძნელდება სუნთქვა. გეშინია არ ინერვიულო, არ შეეხო ისეთ ქიმიურ ნივთიერებებს, რაც ცუდად აისახება ბავშვზე.

მიუხედავად ყველაფრისა, ფეხმძიმობა ბედნიერებაა. იმის ცოდნა, რომ სხეულში სიცოცხლე გყავს, ასევე მოლოდინი იმისა, რომ შეგეძლება შეეხო კიდევაც, ჩაიხუტო, სასწაული განცდაა. სასიამოვნო იყო, როცა ფეხებს მიბაკუნებდნენ, ხმაზე და სხვადსხვა მელოდიებზე რეაგირებდნენ".

საკეისროთი გააჩინა. პროცედურამ მარტივად ჩაიარა და შვილებიც მალავე ნახა. მაშინ შეეშინდა პირველად.

"როცა დავინახე ორი ადამიანი, პატარა, უსუსური, შემეშინდა. ვფიქრობდი, როგორ დავატარებდი მუცლით 2 ადამიანს, თან საკმაო მანძილზე, ვმუშაობდი. ვერ ვიჯერებდი, რომ შვილები იყვნენ, მაგრამ ვიცოდი, რომ მათზე უნდა მეზრუნა".

შიშს ვალდებულებები და ახალი საზრუნავი ემატებოდა. უნდა ესწავლა დაბანა, საფენების გამოცვლა და იმის ამოცნობა, რატომ ტიროდა ბავშვი. ფაქტობრივად, არ ეძინა.

"იცით რისი შიში მქონდა? როცა ეძინათ ხშირად ყურს ვუგდებდი ხოლმე, სუნთქავდნენ თუ არა. პირველივე თვეებში სურდოს გამო შუა ღამით გავარბენინე ექიმთან. არ ვიცოდი რა უნდა მექნა.

ძალიან რთულია ჩვილის ტირილი. სულ გგონია, რომ შიათ, მაგრამ შიმშილის გარდა ბევრი რამე აწუხებთ.

ამ დროს იღვიძებს მშობლის ინსტიქტი, ვალდებულება, პასუხისმგებლობა, სიყვარული. პასუხისმგებელი ხარ პატარა ადამიანის ჯანმრთელობაზე, აღზრაზე, მის გონებრივ თუ ფიზიკურ განვითარებაზე.

ავად რომ ხდებიან დღემდე იმდენად განვიცდი, რომ სტრესულ მდგომარეობაში ვვარდები, ოჯახის წევრებთან უხეშად ვიქცევი".

სოფოს უნდა მომავალმა მშობლებმა იცოდნენ, რომ ჯანსაღი კვების და ექიმის მითითებების დაცვის გარდა, მნიშვნელოვანია იყვნენ ყურადღებით შვილებისა და საკუთარი თავის მიმართ. მისცენ შვილებს თვითგამოხატვის საშუალება და დრო გამონახონ ჩასახუტებლად, რადგან "ასეთი პატარები აღარ იქნებიან".

ირინა

ირინას ტოქსიკოზი 3 თვიდან დაეწყო. მაშინ პირველკლასელებს ასწავლიდა და ბავშვები ღელავდნენ, როცა გაკვეთილიდან საპირფარეშოში გარბოდა. ამის გამო დეკერტში ადრე გავიდა.

ბოლო თვეები წოლითი რეჟიმი ჰქონდა. წელი სტკიოდა. ხშირი შარდვის გამო მთელი ღამე დადიოდა და ძილი უჭირდა. ტკივილები 38-ე კვირას დაეწყო. ფიზიოლოგიურად იმშობიარა.

"მშობიარობა ძალიან გამიჭირდა, უძინარი ვიყავი, დაღლილი და უენერგიოდ. ბავშვს ამოსუნთქვა დაუგვიანდა. გულზე, რომ დამიწვინეს ვტიროდი. გულში ჩავიკარი და ექიმებს ხელებს ვუკოცნიდი. ასეთი ემოციური არასდროს ვყოფილვარ.

ძალიან სწრაფად მივეცი ძუძუ. ექთნებმა შემომთავაზეს დაისვენე და ჩვენ ვაჭმევთო, თუმცა წამითაც ვერ დავტოვე".

ირინას შვილს მარტო ძილი არ მოსწონს და საათობით უყვარს ჭამა, ამიტომ დედას დრო თთქმის არ აქვს. სულ ჰგონია, რომ ბავშვს რაღაცას აკლებს. მშობიარობის შემდეგ დეპრესია აქვს.

"ენერგია გამომეფიტა და ძალიან ცუდი ხასიათი ჩამომიყალიბდა. იმედია დროებითია.

თავიდან გაზები აწუხებდა და ჩემს მუცელზე ვიწვენდი მუცლით, ახლა ჩემთან ყოფნას შეეჩვია და სულ ძუძუსკენ მიიწევს. როგორც კი თავის ლოგინში გადავაწვენ ოც წუთში ტირილითა და ფართხალით იღვიძებს, ჰოდა წევს ჩემზე, ან გვერდით და ძუძუ უდევს მთელი ღამე. თუმცა ვიცი, რომ ახლა ვჭირდები და მისი სიამოვნებისთვის ყველაფერი ღირს".

უძილობაზე მეტად ურთიერთობების დეფიციტი აწუხებდა. გარეთ გასვლა, მეგობრები და ჩაისთან საუბარი ენატრებოდა.

სახლს მაშინ ალაგებდა, როცა ბავშვს ეძინა. საჭმლის კეთებისას კი ბავშვი სამზარეულოში შეყავდა და უყვებოდა რას აკეთებდა.

ფოტო: The family life

"აი, დედა ეს არის კარტოფილი და ის აცეცებს თვალებს და მისმენს, თან ჰგონია რომ ვეთამაშები. შემდეგ ხალიჩაზე ვწვებით და ვერთობით, ვვარჯიშობთ და მუსიკებს ვუსმენთ".

ბავშვი ძუძუთი იკვებება და ხშირად ამის გამო დამტოვებელი არ ჰყავს. სახლში ყოფნისას თავს მარტოსულად გრძნობს. ხშირად "გული ეკუმშება" და უნდა იტიროს, ან ვინმეს ეჩხუბოს. უჭირს, მაგრამ შვილისთვის ითმენს.

თეო

თეონას ორსულობისას ტოქსიკოზი არ ჰქონია, მაგრამ ხასიათის ცვლილებებს ვერ ეგუებოდა. ემოციური გახდა, ხშირად ტიროდა. აწუხებდა წონის მატება და ეგონა, რომ მუდმივად ორსულად იქნებოდა.

მშობიარობა გაუჭირდა. დედობის მაშინ შეეშინდა, როცა თვალი გაუსწორა რეალობას. სახლში ქმართან ერთად მისულმა აღმოაჩინა, რომ საფენის გამოცვლაც კი არ იცოდნენ. შვილთან ერთად ორ ხმაში ტიროდა. ქმარი ხან მას ამშვიდებდა, ხან ბავშვს.

ფოტო: Anton Fritsler

როცა ბავშვს ეძინა, ავიწყდებოდა შვილი, რომ ჰყავდა. სანამ ტირილს არ დაიწყებდა. ერთ თვეში შეეგუა.

"დავდიოდით დაზომბებულები სანამ ჩამოუყალიბდებოდა ძილის რეჟიმი. ისე ებმეოდა დღეს ღამე, ღამეს დღე რომ ვერ ვიგებდით, ღამე რომ გადაეჩვია ჭამას და ჩამოუყალიბდა ძილის რეჟიმი, როგორც იქნა ჩვენც დავიძინეთ სადღაც ერთი თვის თავზე.

ასე თუ ისე სტრესია უცებ თავს დამტყდარი ამხელა ბედნიერება, რომელსაც ვერც აცნობიერებ რომ ბედნიერებაა. რჩევა იქნება მოთმინება და ცოტახანი გაძლება. შემდეგ ყოველი დღე ერთმანეთზე უკეთესია".