გასულ ზაფხულს, ღამის მორიგეობისას, ნიუ იორკში, მაუნთ საინაის საავადმყოფოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი, დოქტორი ნიკოლას გევინი, გამაოგნებელი სიმპტომების ნაკრებით მოსულ პაციენტს სინჯავდა. რამდენიმე წამში კი, მისი სამი უმცროსი კოლეგა (ორი სამედიცინო სტუდენტი და ერთი ორდინატორი) უკვე ექიმებისთვის განკუთვნილ უფასო ხელოვნური ინტელექტის აპლიკაციას, OpenEvidence-ს, მიმართავდნენ.

გევინი მალე მიხვდა, რომ ისინი გამონაკლისები სულაც არ იყვნენ. გასულ წელს, სტარტაპის ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე მაუნთ საინაის მმართველობამ გაიგო, რომ საავადმყოფოს 9000 ექიმის მესამედი OpenEvidence-ს უკვე რეგულარულად იყენებდა.

"ჩვენი ხელმძღვანელობისთვის ეს 'აჰა, გასაგებია' მომენტი იყო", — თქვა გევინმა, რომელიც ამავდროულად მთავარი კლინიკური ინოვაციების ოფიცერია.

OpenEvidence-ის ხელოვნური ინტელექტის აპლიკაცია, ანუ სამედიცინო ჩატბოტი, ექიმებს შორის ვირუსული პოპულარობით სარგებლობს. ექიმებთან საუბარი აჩვენებს, რომ უმეტესობა მას კონკრეტული სამედიცინო კითხვების დასასმელად ან დიაგნოსტიკური დიალოგის საწარმოებლად იყენებს.

სტარტაპის მონაცემებით, აშშ-ის ექიმების ნახევარზე მეტი ჩატბოტის რეგულარული მომხმარებელია. მაისში აპლიკაციაში 30 მილიონი კითხვა და კონსულტაცია განხორციელდა (ექვსი თვის წინანდელ მაჩვენებელთან შედარებით, თითქმის ორჯერ მეტი). გასულ წელს, 1000 ექიმის გამოკითხვამ დაადგინა, რომ ამ აპლიკაციას მათი 45% იყენებდა (ეს თითქმის სამჯერ მეტია, ვიდრე ChatGPT-ის მომხმარებელთა წილი).

ამ ზრდამ სტარტაპი, რომელიც შარშან 3.5 მილიარდით იყო შეფასებული, იანვარში 12 მილიარდი დოლარის შეფასებამდე მიიყვანა.

მიუხედავად ამისა, 2024 წლის შემდეგ, ექიმების სწრაფმა ადაპტაციამ გაამწვავა კითხვები იმის შესახებ, როგორ და როდის უნდა გამოიყენებოდეს ეს ტექნოლოგია სიკვდილ-სიცოცხლის გადამწყვეტ სიტუაციებში. ასეთ კრიტიკულ სფეროში, როგორიც ჯანდაცვაა, არსებობს სხვა გამოწვევებიც: პაციენტის კონფიდენციალობა, უსაფრთხოება, ნდობა და თავად ტექნოლოგიის შეზღუდვები.

"ეს ორაკული არ არის, ეს ინსტრუმენტია", — განაცხადა OpenEvidence-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, დენიელ ნადლერმა — "ცოდნა და ცოდნის მქონე ადამიანები კვლავ მნიშვნელოვანია".

სამედიცინო გადაწყვეტილებების მიღებაში კომპიუტერული დახმარება უკვე ათწლეულების მიზანს წარმოადგენს, თუმცა, ხელოვნური ინტელექტის უახლეს წარმატებებამდე, შედეგები ძალიან მწირი იყო.

მედიცინაში ხელოვნური ინტელექტის პირველი ტალღა ექიმთა გადაღლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზის შემსუბუქებას ისახავდა მიზნად, დოკუმენტირების მძიმე ტვირთს, რაც პაციენტის ვიზიტის გაშიფვრას და შეჯამებას მოიცავს. ამგვარ ასისტენტს "ხელოვნური ინტელექტ-მდივნის" პროგრამას ეძახიან. მეორე ტალღა, რომელიც ახლა მხოლოდ იწყება, ექიმებს სანდო ინფორმაციითა და რჩევებით ამარაგებს, და დიაგნოსტიკა-მკურნალობაში ეხმარება.

ბოლო თვეებში კონკურენცია გამძაფრდა. პოპულარულმა ელექტრონულმა სამედიცინო საცნობარო წყარომ, UpToDate, სერვისი ჩატბოტის ინტერფეისით განაახლა. ექიმთა პროფესიულმა ქსელმა, Doximity, შეიძინა სტარტაპი, რომელიც სამედიცინო ლიტერატურას ამუშავებს და შეჯამებებს აგენერირებს. სწრაფად მზარდმა "ხელოვნური ინტელექტ-მდივნის" სერვისმა, Abridge, გადაწყვეტილების მხარდამჭერი ინსტრუმენტები დაამატა. გასულ თვეს კი, OpenAI-მ ექიმებისთვის განკუთვნილი ChatGPT for Clinicians წარადგინა.

OpenEvidence მოწინავედ ჩამოყალიბდა ნაწილობრივ იმიტომ, რომ ხელოვნური ინტელექტის მოდელის სასწავლო მონაცემებად, ექსკლუზიურად სამედიცინო ჟურნალებსა და სხვა მაღალხარისხიან კვლევებს იყენებდა. ექიმებს შეუძლიათ კონკრეტული კითხვები დასვან ან პაციენტის მახასიათებლები და სიმპტომები შეიყვანონ და სავარაუდო ახსნა-განმარტებები მოითხოვონ. აპლიკაცია შეესაბამება ფედერალურ კანონს, რომელიც პაციენტის ჯანმრთელობის ინფორმაციას იცავს; ექიმებს ეძლევათ მითითება, რომ აპლიკაციაში პაციენტის პერსონალური ინფორმაცია არ შეიყვანონ.

OpenEvidence აჯამებს ყველაზე სავარაუდო დიაგნოზებს, შემდეგ კი გვთავაზობს სხვა "ყველაზე მნიშვნელოვან გამოსარიცხ დიაგნოზებს". თითოეულს სამეცნიერო სტატიების ბმული ახლავს, რომელზეც შეჯამებებია დაფუძნებული.

"ხელოვნური ინტელექტი წყვეტს პრობლემებს, რომლებიც სამედიცინო პრაქტიკას დიდი ხანია აწუხებს", — განაცხადა The New England Journal of Medicine-ის გამომცემლის, NEJM Group-ის მთავარი კლინიკური ინოვაციების ოფიცერმა, დოქტორმა რაჯა-ელი აბდულნურმა — "ეს ინსტრუმენტები ადრე უბრალოდ არ არსებობდა, ამიტომაც ხალხი მათ დიდი ენთუზიაზმით ეგებება".

სიფრთხილე სავალდებულოა

თუმცა, ადრეული ენთუზიაზმი ფრთხილ მიდგომას მოითხოვს, ამ საკითხში სამედიცინო ექსპერტები ერთხმად თანხმდებიან. ხელოვნური ინტელექტის მედიცინაში სარგებლიანობასა და ნაკლოვანებებზე ჩატარებული კვლევები ჯერ ერთმნიშვნელოვან შედეგებს ვერ იძლევა.

ხელოვნურმა ინტელექტმა სამედიცინო ლიცენზირების სტანდარტული გამოცდები ჩააბარა და ცალკეული შემთხვევების დიაგნოსტიკაში ექიმებსაც გაუსწრო. თუმცა მარცხსაც განიცდის: სამეცნიერო სტატიებს ზუსტად ვერ აჯამებს და დიაგნოსტიკურ კითხვებზე მცდარ პასუხებს იძლევა. უახლოეს მომავალში მის მიერ ექიმების ჩანაცვლება მოსალოდნელი არ არის.

"ხელოვნური ინტელექტის პოტენციალი დიდია, მაგრამ ჯერ ბოლოში არ ვართ", — ამბობს სან დიეგოს Scripps Research-ის კარდიოლოგი და ვიცე-პრეზიდენტი, დოქტორი ერიკ ტოპოლი — "ის ჯერ ნამდვილად არ გამოცდილა სამედიცინო პრაქტიკის ქაოტურ, რეალურ გარემოში".

ტოპოლი ახლახან გამოქვეყნებული ნაშრომის, ჯანდაცვის ხელოვნური ინტელექტის მზაობის ილუზიის თანაავტორია, რომელმაც ჯანდაცვაში გამოყენებულ ხელოვნური ინტელექტის დიდ სისტემებში "კომპეტენციის მნიშვნელოვანი ხარვეზები" გამოავლინა.

დღემდე ჩატარებული შეფასებების ფოკუსში ძირითადად OpenAI-ისა და Google-ისნაირი მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიებია, რომლის ე.წ. დიდი ენობრივი მოდელები ინტერნეტის ღია სივრცის მონაცემებზეა გაწვრთნილი.

2022 წელს დაარსებულმა OpenEvidence-მა სხვა მიდგომა აირჩია: დაუშვა, რომ მედიცინისნაირ, სპეციფიკური ინფორმაციით მდიდარ სფეროში, ვიწროსპეციალიზებულ მონაცემებზე გაწვრთნილმა ხელოვნური ინტელექტის მცირე მოდელებმა, შესაძლოა, გიგანტ მოდელებს გაუსწრონ. სტარტაპმა AI ჩატბოტი თავდაპირველად ღიად ხელმისაწვდომ სამედიცინო მონაცემებზე, მათ შორის, ეროვნული სამედიცინო ბიბლიოთეკის წყაროებზე გაწვრთნა.

ამის შემდეგ, კომპანიამ კონტენტის ლიცენზირების შეთანხმებები გაფორმა The New England Journal of Medicine-თან, The Journal of the American Medical Association-სა და სხვა რეცენზირებული სამედიცინო ლიტერატურის გამომცემლებთან.

OpenEvidence-ის შესახებ ჩატარებული კვლევები, მათ შორის Mayo Clinic-ის მკვლევრების ნაშრომი, ადასტურებს, რომ აპლიკაცია, მიუხედავად გარკვეული ხარვეზებისა, ძირითადად ზუსტ და მტკიცებულებებზე დაფუძნებულ პასუხებს იძლევა. უფასო აპლიკაცია ლიზენციის მქონე ნებისმიერი ექიმისთვისაა ხელმისაწვდომი.

"ჩვენ ექიმებს მომხმარებლებივით მოვეპყარით", — ამბობს ნადლერი. ხელოვნური ინტელექტისგან პასუხის მოლოდინში მომხმარებლები რეკლამას ხედავენ, რაც დაახლოებით 5 წამს გრძელდება. კომპანიის განცხადებით, (ძირითადად ფარმაცევტული კომპანიების) რეკლამა კითხვების მხოლოდ 5%-ზე ჩანს.

საავადმყოფოს ტექნოლოგიური დეპარტამენტების გვერდის ავლით გავრცელებამ, გარკვეული პრობლემებიც წარმოქმნა. OpenEvidence სამუშაო ადგილებზე დამკვიდრებულ ე.წ. "ჩრდილოვანი ხელოვნური ინტელექტის" პრაქტიკას დაეყრდნო, რაც ნიშნავს, ინსტრუმენტების გამოყენებას, დამსაქმებლის ცოდნის ან ზედამხედველობის გარეშე.

ჯანდაცვის ზოგიერთი სისტემა ახლა OpenEvidence-ის ინსტიტუციურ ჩარჩოში მოქცევაზე მუშაობს. მაუნთ საინაიმ მარტში გამოაცხადა, რომ OpenEvidence-ის ბმული ექიმისთვის პირდაპირ პაციენტის ელექტრონულ სამედიცინო ბარათში გამოჩნდება.

თუმცა ეს შეთანხმება სტარტაპს სამედიცინო ცენტრის პაციენტების მონაცემებზე წვდომას არ ანიჭებს. ეს ინტეგრაცია შეიძლება მოგვიანებით განხორციელდეს, ამბობს გევინი, მაგრამ მხოლოდ საფუძვლიანი ტესტირებისა და კონტროლის შემდეგ.

პაციენტის კონფიდენციალობისა და უსაფრთხოების დაცვა "უპირველესი" იქნება, ამბობს ის, და "პაციენტის მონაცემებს კერძო კომპანიას ასე უბრალოდ არ გავუზიარებთ".

ნიუ იორკის მაუნთ საინაის საავადმყოფოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი და სისტემის მთავარი კლინიკური ინოვაციების ოფიცერი, დოქტორი გევინი.

ფოტო: საშა მასლოვი / The New York Times

სპეციალისტთა გუნდი ჯიბეში

მთელ ქვეყანაში, განსაკუთრებით რეგიონებში მომუშავე ექიმები ამბობენ, რომ ტექნოლოგიამ მათი ნდობა მოიპოვა.

მისისიპის ქალაქ კორინთში, დოქტორი ბენ ლონგი თავს ხელოვნური ინტელექტის მიმართ სკეპტიკოსად მიიჩნევს. მაგრამ ის ფაქტი სასიხარულოდ მოეჩვენა, რომ OpenEvidence პასუხებს მხოლოდ მაღალხარისხიან, რეცენზირებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გასცემს.

თავდაპირველად ლონგი მას ძირითადად საცნობარო ინსტრუმენტად იყენებდა, ფაქტობრივ კითხვებს უსვამდა. ახლა კი უფრო "კონსულტანტად, პარტნიორად" ხედავს, ვისთანაც დიალოგს აწარმოებს.

"ხელოვნური ინტელექტი გიბიძგებს, უფრო ღრმად დაფიქრდე საკუთარ მსჯელობაზე, დატესტო შენი დაშვებები და გაიგო, სად შეიძლება ცდებოდე", — ამბობს დოქტორი ლონგი.

ჩატბოტი ექიმებს საშუალებას აძლევს, ისარგებლონ ექსპერტიზით, რომელიც ჩვეულებრივ სპეციალისტების სფეროა.

OpenEvidence

ფოტო: The New York Times

ალასკის ქალაქ ფეარბანქსის საზოგადოებრივ საავადმყოფოში, დოქტორ ბარბარა კრეიტონს ხშირად უწევს კომპლექსური შემთხვევების დიაგნოსტიკა და მკურნალობა. საქმე ხშირად მოიცავს მრავლობით დაავადებებსა და ორგანოთა უკმარისობას. მსხვილ სამედიცინო ცენტრში კონსულტაციისთვის სპეციალისტების მთელი გუნდი იქნებოდა მოწვეული: ინფექციური დაავადებების სპეციალისტი, პულმონოლოგი, გასტროენტეროლოგი.

კრეიტონის პატარა საავადმყოფო ამდენი კადრით ვერ დაიკვეხნის. მართალია, მას სპეციალისტთა საკონსულტაციო სესიებისთვის მსხვილ სამედიცინო ცენტრთან ხელშეკრულება აქვს, მაგრამ ახლა სულ უფრო მეტ კითხვაზე პასუხის საპოვნელად OpenEvidence-ს მიმართავს, ეს მას დროსაც უზოგავს და საავადმყოფოს ხარჯებსაც.

"ისეთი ამბავია, თითქოს ჯიბეში სპეციალისტების მთელი გუნდი გეჯდეს", — ამბობს კრეიტონი.

მაუნთ საინაიში გევინი ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიას ზუსტი მედიცინის და ინდივიდზე მორგებული მკურნალობის განხორციელების მძლავრ ინსტრუმენტად მიიჩნევს.

პროგრესი საავადმყოფოების, სამედიცინო სკოლებისა და კერძო კომპანიებისგან კომბინირებულ გადაწყვეტებს მოითხოვს, ამბობს ის. გადარჩება თუ არა OpenEvidence და ექნება თუ არა მას როლი ამ გრძელვადიან მომავალში, ჯერ გაურკვეველია.

"მაგრამ ეს ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია", — ამბობს გევინი.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.