როგორც წესი, ვარსკვლავის აფეთქების შემდეგ მკვრივი ბირთვი ან შავი ხვრელი რჩება. მეორე მხრივ, ერთ-ერთი ვარსკვლავი ისე აფეთქდა, რომ მისგან არაფერი დარჩენილა.

აღნიშნული ფენომენი პირველად 2023 წელს შენიშნეს. იგი ჯუჯა გალაქტიკაში მოხდა, რომელიც ჩვენგან 1,3 მილიარდი სინათლის წლის დაშორებით მდებარეობს. ეს აფეთქება ამჟამად წყვილების არამდგრადობის სუპერნოვადაა კლასიფიცირებული. 190 დღის განმავლობაში ციურ სხეულს (SN 2023vbw) სიკაშკაშე ემატებოდა, შემდეგ კი უცებ მასშტაბურად კლება დაიწყო. მეორე ტიპის ზეახალის აფეთქებისას სხვაგვარ კანონზომიერებას ამჩნევენ.

აქედან გამომდინარე დაასკვნეს, რომ აწ უკვე გამქრალი ვარსკვლავი უზარმაზარი უნდა ყოფილიყო, სავარაუდოდ, ცისფერი ზეგიგანტი. ეს ვარსკვლავთა ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა და ცხელია ტიპია. გარდა ამისა, იგი მზესთან შედარებით 170-350-ჯერ უფრო დიდიც კი უნდა ყოფილიყო.

ამ ტიპის ვარსკვლავები მართლაც შთამბეჭდავად კვდება. ბირთვის წვის შედეგად მისგან გამა-გამოსხივება მოდის. თუ ამ სხივებს ძალიან მაღალი ენერგია აქვს, ვარსკვლავის გარე ფენასთან შეჯახების შემდეგ ელექტრონებად და პოზიტრონებად გადაიქცევა, რაც გარეთა წნევას აქრობს.

ამ ყველაფერთან ერთად, თუ ვარსკვლავებს ზოგი მძიმე მეტალი ნაკლებად აქვს, იგი ნაწილობრივ კოლაფსამდეც მივა. თერმობირთვული აფეთქებები ვარსკვლავს იმდენად გახლეჩს, რომ ნარჩენებიც კი აღარ იქნება.

მეცნიერები დარწმუნებულნი არ არიან, თუ რამ გამოიწვია SN 2023vbw, თუმცა ყველაზე მეტად ზემოთ განხილულ ვარაუდს ემხრობიან. მკვლევრებმა სამომავლოდ ეს ფენომენი შეიძლება იმის შესასწავლად გამოიყენონ, თუ როგორ კვდება ყველაზე დიდი მასის მქონე ვარსკვლავები.

ნაშრომი ამ დროისთვის რეცენზირებული არ არის, მას შეგიძლიათ პრეპრინტების სერვერ arXiv-ზე გაეცნოთ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.