Apple-ის განახლებული Siri ევროკავშირში ხელმისაწვდომი არ იქნება — აი, რატომ
ფოტო: ჯეისონ ჰენრი / The New York Times
ამ კვირას Apple-მა თავისი ციფრული ასისტენტის, Siri-ის გაუმჯობესებული ვერსია წარადგინა, რომელშიც ინტეგრირებული ხელოვნური ინტელექტის ფუნქციები მომხმარებლებს კითხვებზე პასუხის გაცემაში, დავალებების შესრულებასა და ინფორმაციის მოძიებაში ეხმარება.
Apple-ის პრეზენტაცია ორშაბათს, კალიფორნიაში, ქალაქ კუპერტინოში
ფოტო: ჯეისონ ჰენრი / The New York Times
Apple-მა განაცხადა, რომ Siri ხელმისაწვდომი გახდება წლის ბოლომდე, თუმცა ევროკავშირის 27 ქვეყანაში მცხოვრებ დაახლოებით 450 მილიონ ადამიანს ლოდინი მოუწევს, რადგან Apple-სა და ევროკომისიას შორის რეგულაციებზე მიმდინარე დავა ახალი AI ფუნქციების გამოშვებას აფერხებს.
დავის საფუძველი კონკურენციის კანონია, ციფრული ბაზრების აქტი (DMA), რომელიც Apple-ის მსგავს ტექნოლოგიურ გიგანტებს ავალდებულებს, პროდუქტები სხვა სისტემებთან თავსებადი გახადონ. ეს ნიშნავს, რომ გარე დეველოპერებს საშუალება ეძლევათ, Siri-ს ნაცვლად ჩამოსატვირთად შემოგვთავაზონ კონკურენტი AI ასისტენტები.
ევროპელი რეგულატორების თქმით, ეს წესები კონკურენციის გასაუმჯობესებლად არის საჭირო. Apple კი ამტკიცებს, რომ კანონთან შესაბამისობა კონფიდენციალობისა და დაუცველობის საფრთხეს შექმნის. ეფექტიანი AI ასისტენტის მუშაობისთვის პროგრამულ უზრუნველყოფას მომხმარებლის მოწყობილობაზე ფართო წვდომა სჭირდება: ფაილებზე, აპლიკაციებზე, ფოტოებსა და სხვა მონაცემებზე. გარე დეველოპერებისთვის ამგვარი წვდომის მიცემა კი, კომპანიის განცხადებით, პირადი მონაცემების (მათ შორის პაროლებისა და ფოტოების) მოპარვის, ან ნებართვის გარეშე ფაილებსა და ანგარიშის პარამეტრებში ცვლილებების განხორციელების რისკს ქმნის.
"ევროკავშირის რეგულატორების მოთხოვნა Apple-ს ავალდებულებს, მომხმარებლის მოწყობილობაზე ნებისმიერ AI სისტემას მიანიჭოს თითქმის შეუზღუდავი წვდომა და ასევე, მომხმარებლის მხრიდან მუდმივი ზედამხედველობისა და კონტროლის გარეშე, ავტონომიურად მოქმედების შესაძლებლობა", — განაცხადა კომპანიამ.
"არსებითად, კომისია გვთხოვს, ჩავატაროთ ძალიან სარისკო ექსპერიმენტი ათობით მილიონ მომხმარებელზე", — განუცხადა ჟურნალისტებს Apple-ის მარკეტინგის დირექტორმა, გრეგ ჯოსვიაკმა — "და ჩვენ ამ ფუნქციას მხოლოდ მაშინ გამოვუშვებთ, როდესაც ამის უსაფრთხოდ გაკეთება შეგვეძლება".
ევროპა Apple-ის მეორე უმსხვილესი ბაზარია აშშ-ის შემდეგ, 2025 წელს გაყიდვებმა 111 მილიარდი დოლარი შეადგინა. ხოლო ჩინეთი, სადაც სერვისი ასევე არ გამოჩნდება დაუყოვნებლივ, მესამე უმსხვილეს ბაზარს წარმოადგენს.
Apple-ის თქმით, რამდენიმეთვიანი მოლაპარაკების განმავლობაში, კომპანიამ ევროპულ რეგულატორს სხვადასხვა ალტერნატიული გადაწყვეტა შესთავაზა, მათ შორის, სისტემა, რომელიც მესამე მხარის ასისტენტებს გარკვეულ მონაცემებზე წვდომას შეუზღუდავდა. Google-თან ერთად შემუშავებული ახალი Siri-ს შეთავაზებები ევროკომისიამ არ გაიზიარა. კომპანიამ განაცხადა, რომ ევროკავშირში iPhone-ზე, iPad-სა და Apple Watch-ზე სერვისის ჩართვის კონკრეტული ვადა ამ ეტაპზე არ არსებობს, თუმცა Mac კომპიუტერებზე სერვისი ხელმისაწვდომი იქნება.
სამშაბათს ევროპის კომისიის პრესსამსახურის წარმომადგენელმა თომას რენიემ განაცხადა, რომ Apple ბაზარზე წვდომას აკონტროლებს და მომხმარებელს არჩევანს უზღუდავს. "ევროკავშირში Siri AI-ის არ გაშვება Apple-ის, და მხოლოდ Apple-ის გადაწყვეტილებაა", — აღნიშნა მან და დასძინა, რომ ციფრული ბაზრების აქტში არაფერია, რაც კომპანიას ახალი პროდუქტების გამოშვებაში შეუშლიდა ხელს.
"გამოსავლის ძიების ნაცვლად, Apple-მა კომისიას თავსებადობის მოთხოვნებიდან გამონაკლისის დაშვება სთხოვა. ეს ვარიანტი არ განიხილება", — განაცხადა მან.
Apple ერთადერთი კომპანია არ არის, რომელსაც გარე დეველოპერებისთვის პროდუქტების გახსნა მოეთხოვება. სამშაბათს, კომისიამ Meta-ს დაავალა, გაეუქმებინა პოლიტიკა, რომელიც ფაქტობრივად კრძალავდა WhatsApp-თან კონკურენტი AI ჩატბოტების ინტეგრაციას.
რეგულირების დავებს ევროპელი მომხმარებლისთვის სულ უფრო მეტ პროდუქტზე აქვს გავლენა. 2024 წელს Apple-მა ევროკავშირში AI ფუნქციების გამოშვება გადადო. Meta-მ ასევე გარკვეული დროით შეაჩერა AI სერვისების, ჭკვიანი სათვალეებისა და Threads სოციალური ქსელის გამოშვება ევროპაში.
- სახიფათო სათამაშოების გაყიდვის გამო ევროკომისიამ Temu €200 მილიონით დააჯარიმა
- Apple ქვითრის ფოტოთი საერთო ანგარიშის გაყოფის ფუნქციას ამზადებს
- Apple მუშაობს ფუნქციაზე, რომელიც iPhone-ს გატაცებისთანავე დაბლოკავს
კომენტარები