მისია Artemis 3-ში მონაწილე ასტრონავტების ვინაობა უკვე ცნობილია — გაიცანით ეკიპაჟი
ფოტო: Future/Josh Dinner
NASA-მ მისია Artemis 3-ის ეკიპაჟი წარადგინა. ოთხი ასტრონავტისგან შემდგარი ჯგუფი იმ ფრენაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც მთვარეზე ადამიანის დაბრუნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია. მათ დედამიწის დაბალ ორბიტაზე ის ტექნოლოგიები და მანევრები უნდა გამოცადონ, რომლებიც ჩვენი პლანეტის ერთადერთ ბუნებრივ თანამგზავრზე დასაშვებადაა საჭირო.
Artemis 3-ის ეკიპაჟში NASA-ს სამი და ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) ერთი ასტრონავტი იქნება. მისიის მეთაურის ფუნქციას რენდი ბრესნიკი შეითავსებს, პილოტისას — იტალიელი ლუკა პარმიტანო, ხოლო მისიის სპეციალისტები ანდრე დაგლასი და ფრენკ რუბიო იქნებიან.
Artemis 3-ის ეკიპაჟი
ეკიპაჟის მეთაური, რენდი ბრესნიკი, ასტრონავტთა კორპუსს 2004 წელს შეუერთდა, მანამდე კი აშშ-ის საზღვაო ქვეითთა ჯარში პილოტი იყო. 2009 წელს იგი მისია STS-129-ის ფარგლებში კოსმოსურ შატლ Atlantis-ით გაფრინდა და საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე 11 დღე გაატარა. ბრესნიკი 6 საათის განმავლობაში ღია კოსმოსშიც გავიდა, შედარებით ახლო წარსულში კი პროგრამა Artemis-ის სისტემების ტესტირებას მეთვალყურეობდა, როგორც ასტრონავტთა კვლევითი ოფისის ხელმძღვანელის თანაშემწე.
მისიის პილოტი, ლუკა პარმიტანო, იტალიის საჰაერო ძალების ყოფილი პოლკოვნიკი და საცდელი პილოტია. კარიერის განმავლობაში მან 40-ზე მეტი ტიპის აპარატით 2000 საათზე მეტი იფრინა. იგი ESA-ს ასტრონავტებს 2009 წელს შეუერთდა და აქამდე კოსმოსში ორჯერ იმოგზაურა.
მისიის სპეციალისტი, ანდრე დაგლასი, NASA-ს ასტრონავტთა 2021 წლის ჯგუფის წევრია და სისტემური ინჟინერიის დოქტორის ხარისხი აქვს. მანამდე იგი აშშ-ის სანაპირო დაცვაში მსახურობდა. ეს მისი პირველი კოსმოსური ფრენა იქნება, თუმცა მანამდე Artemis 2-ის ფარგლებში სარეზერვო ასტრონავტად შეარჩიეს.
მეორე სპეციალისტი ფრენკ რუბიოა. მან საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე 371 დღე გაატარა და NASA-ს ასტრონავტებს შორის მისიის ხანგრძლივობის რეკორდი დაამყარა. მანამდე ის აშშ-ის არმიაში მსახურობდა და Black Hawk-ის ტიპის ვერტმფრენით 1100 საათზე მეტი იფრინა, მათ შორის დაახლოებით 600 საათი საბრძოლო პირობებში.
NASA-მ სარეზერვო ასტრონავტად ბობ ჰაინსი დაასახელა. ის აშშ-ის საჰაერო ძალებში 23 წლის განმავლობაში მსახურობდა. 2022 წლის მისია Crew-4-ის განმავლობაში იგი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გაფრინდა და ორბიტაზე 170 დღე გაატარა.
რა იგეგმება მისიის ფარგლებში
მისია Artemis 3-ის დროს ასტრონავტები დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრის ზედაპირზე უნდა დაშვებულიყვნენ, მაგრამ ამის ნაცვლად სააგენტომ ჯერ პლანეტის ორბიტაზე კოსმოსური ხომალდების ტესტირება დაისახა მიზნად. ფრენა 2027 წლის ბოლოს განხორციელდება.
ასევე, იხილეთ: რა იქნება Artemis 2-ის შემდეგ — ყველაფერი, რაც NASA-ს სამომავლო მისიებზე უნდა იცოდეთ
გეგმის მიხედვით, ასტრონავტები Orion-ის კაფსულით გაფრინდებიან, რომელსაც NASA-ს რაკეტა Space Launch System-ით (SLS) გაუშვებენ. დედამიწის დაბალ ორბიტაზე კომპანია Blue Origin-ის მთვარის მოდული Blue Moon Mark 1 და SpaceX-ის Starship HLS იქნება, რომლებთანაც მოდულის მიერთება უნდა სცადონ. NASA-მ მათთან კონტრაქტი მთვარეზე ადამიანის გასამგზავრებლად საჭირო სისტემების შესაქმნელად გაუფორმა, თუმცა ორივე პროექტი დროში გაიწელა. სწორედ ამიტომ, სააგენტო მზადაა, მისიაში ერთი ან ორივე მოდული ჩართოს იმის მიხედვით, თუ რომელი მათგანი იქნება მზად დროულად.
განსაკუთრებული სირთულეები Blue Origin-ს შეექმნა, რადგან მაისში კომპანიის რაკეტა New Glenn ტესტირებისას აფეთქდა. თუ კომპანია ინფრასტრუქტურის აღდგენას დროულად შეძლებს, Blue Moon-ს დედამიწის დაბალ ორბიტაზე New Glenn გაიტანს. ამის შემდეგ Artemis 3-ის ეკიპაჟი Orion-ს ამ მოდულს მიუერთებს და ორი დღის განმავლობაში სხვადასხვა ტექნოლოგიას შეამოწმებს. ასტრონავტები Blue Moon-შიც გადავლენ და სიცოცხლის უზრუნველყოფის სისტემებს გამოცდიან.
ამის შემდეგ Orion მისგან განცალკევდება და მანევრირებას Starship-ის მიმართულებით დაიწყებს. ეს ორი ხომალდი ერთმანეთს ერთი დღით შეუერთდება და ასტრონავტები შესაბამის პროცედურებს დატესტავენ. ამ ეტაპზე Starship-ის მთვარისთვის განკუთვნილ მოდელს ეკიპაჟისთვის საცხოვრებელი განყოფილება არ ექნება — მხოლოდ შეერთებისთვის საჭირო სისტემები.
მისიის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზანი ახალი სკაფანდრების დატესტვაა, რომლებზეც კომპანია Axiom Space მუშაობს. მანამდე ეკიპაჟი Orion-ის სიმულატორისა და Blue Moon-ის სასწავლო მოდელის მეშვეობით სხვადასხვა რეალურ სიტუაციას გამოცდიან.
ასევე, იხილეთ: NASA-ს Artemis-ის ასტრონავტებს მთვარეზე სიცხისგან Prada-ს სამოსი დაიცავს
Artemis 3 გზას გაუკვალავს პროგრამის მომდევნო და ყველაზე მნიშვნელოვან ნაბიჯს — მთვარეზე ეკიპაჟის დაშვებას. ეს მისია 2028 წლის პირველ ნახევარშია ჩანიშნული და ასტრონავტებს ამ შემთხვევაშიც SLS-ზე მოთავსებული Orion-ით გაუშვებენ.
მთვარის ზედაპირზე დასაჯდომად ისინი სპეციალურ მოდულში გადავლენ: ეს ან Starship HLS იქნება, ან — Blue Moon Mark 1. სწორედ ამისთვისაა საჭირო აპარატების მიერთებისთვის მომზადება, რათა ეკიპაჟის უსაფრთხოება და ტექნოლოგიური მზაობა უზრუნველყოფილი იყოს.




კომენტარები