რეპორტაჟი ტრამპის აქციიდან – შეზღუდული მედია და გაძლიერებული უსაფრთხოება
მეტალოდეტექტორები, უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები, აკრედიტაციის გარეშე დარჩენილი საერთაშორისო მედია – დონალდ ტრამპის ამომრჩეველთან შეხვედრის მსგავსი ფორმატი ამერიკაში უკვე აღარავის უკვირს, თუმცა იმ საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებისთვის, რომლებიც აშშ–ში საარჩევნო კამპანიის გასაშუქებლად ვიმყოფებით, ეს მოულოდნელი იყო.
ინდიანაში, ტერე ჰოიტეში ტრამპის გამოსვლა ადგილობრივი დროით 2 მაისს, 13:00 საათზე, თეატრში იყო დაგეგმილი. სახელმწიფო დეპარტამენტის საერთაშორისო პრესის ცენტრის მიერ ინდიანას პრაიმერის გასაშუქებლად 24 ქვეყნიდან მიწვეული ჟურნალისტები ადგილზე 11:00 საათზე მივედით. წინა დღეს გავიგეთ, რომ ტრამპის ღონისძიების ორგანიზატორებმა მედია აკრედიტაცია არ მოგვცეს, რის გამოც იძულებული გავხდით, რიგითი დამსწრის სტატუსით დავრეგისტრირებულიყავით. მსგავსი შეხვედრა ამომრჩეველთან კერძო ღონისძიებად მიიჩნევა და შესაბამისად, იქ ყველაფერი ორგანიზატორის ნება–სურვილზეა დამოკიდებული.
ღონისძიების დაწყებამდე რეკომენდაცია მივიღეთ, რომ რადგან არ გვქონდა მედია აკრედიტაცია, თან არ წაგვეღო ვიდეო–ფოტო კამერები, ხოლო თუ ინტერვიუს ჩაწერისას ტრამპის რომელიმე წარმომადგენელი შეგვამჩნევდა, არ უნდა გვეთქვა, რომ ვართ ჟურნალისტი, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაგვატოვებინებდნენ ტერიტორიას.
ცნობილი ფაქტია, რომ დონალდ ტრამპი ჟურნალისტების მიმართ კეთილგანწყობილი არ არის. რამდენიმე თვის წინ მიჩიგანში, ამომრჩევლებთან შეხვედრისას თქვა: „მე მძულს ისინი, ისინი ნამდვილად საშინლები არიან, მაგრამ მათ არასდროს არ მოვკლავდი“.
თავად ამერიკელი ჟურნალისტებიც ამბობენ, რომ მათ არაერთხელ შექმნიათ პრობლემა ტრამპის ღონისძიებების გაშუქებისას და საქმე, არც თუ იშვიათად, ტრამპის დაცვის მხრიდან ფიზიკურ შეურაცხყოფამდეც მისულა.
ამერიკული მედიასაშუალება პოლიტიკოს უფროსმა გამომძიებელმა ჟურნალისტმა კელ ვოგელმა გამოცემის ოფისში გამართულ შეხვედრაზე უცხოელ ჟურნალისტებს განგვიცხადა, რომ მან პირადად ნახა ტრამპის უსაფრთხოების სამსახურის მიერ შედგენილი ჟურნალისტების „შავი სია“:
„ამ სიაში ის ჟურნალისტები ხვდებიან, რომელთა მასალებიც დონალდ ტრამპს არ მოსწონს. ისინი მის მომდევნო ღონისძიებას ვერ ესწრებიან”.
თეატრში შესასვლელად, სადაც შეხვედრა ტარდებოდა, რიგში დაახლოებით 1 საათს ვიდექით.
შენობის შესასვლელი დაგვატოვებინეს წყლის ბოთლები, შემდეგ გავიარეთ მეტალოდეტექტორებში. ტრამპის უსაფრთხოების სამსახურმა დეტალურად შეამოწმა ჩვენი ჩანთები, მათ შორის საფულეებიც. მიუხედავად შენობაში შესვლისა, აღმოჩნდა, რომ 1500–ადგილიანი დარბაზი უკვე შევსებული იყო და კარებიც დაიკეტა. ტრამპის მომხრეებთან ერთად ფოიეში დადგმული დინამიკიდან ვუსმენდით დარბაზში გამომსვლელთა სიტყვებს.
სანამ დონალდ ტრამპის სიტყვით გამოსვლას დაიწყებოდა, თეატრის ფოიეში მის მხარდამჭერებთან ვცადე ინტერვიუს ჩაწერა. მათი უმრავლესობა ინტერვიუზე უარს ამბობდა, ნაწილი, ვინც საუბარი ისურვა, ან ვინაობა არ დაასახელა, ან ფოტოს გადაღებაზე მითხრა უარი. ტრამპის ერთ–ერთ მხარდამჭერს ვკითხე, თუ რას ფიქრობდა დემოკრატების კანდიდატ ჰილარი კლინტონზე, რის შემდეგაც მივიღე საპასუხო კითხვა:
„რა სულელური კითხვაა. გეი ხართ თუ მუსლიმი?“
თუმცა, იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც საუბარიც ისურვეს და ფოტოს გადაღების ნებაც დამრთეს.
სილვია სპენსერი: „ტრამპს იმიტომ ვუჭერ მხარს, რომ ის სხვა პოლიტიკოსებისგან ძალიან განსხვავდება. მჯერა, რომ ის შეძლებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ფეხზე დაყენებას და ამერიკის ემიგრანტებისგან დაცვას“.
გლენ ჯეიკობი: „მე ვეტერანი ვარ და მიყვარს ჩემი ქვეყანა. მინდა, რომ ჩემი ქვეყანა ისეთივე მაგარი გახდეს, როგორიც ოდესღაც იყო და ტრამპს ეს შეუძლია. ტრამპს შეუძლია, რომ დაიცვას კონსტიტუციის მეორე შესწორება (იარაღის ტარების უფლება), ქვეყანა დაიცვას ემიგრანტებისგან, შეაჩეროს სამუშაო ადგილების გადინება მექსიკაში“.
დონალდ ტრამპის გამოსვლა ტერე ჰოიტეს თეატრში 1 საათს გაგრძელდა. მან მხარდამჭერებს 3 მაისის პრაიმერიში მხარდაჭერისკენ მოუწოდა. ტრამპის გზავნილები ხალხისადმი ძირითადად, იგივე იყო, რაც სხვა გამოსვლებისას:
- ობამას მიერ შემუშავებული ჯანდაცვის სისტემის გაუქმება.
- მექსიკა–ამერიკის საზღვარზე კედლის აშენება და არალეგალების ქვეყნიდან გაძევება.
- დასაქმებისას უპირატესობის ამერიკელებისთვის მინიჭება.
- ქვეყნის თავდაცვის სისტემის გაძლიერება.
დონალდ ტრამპმა ასევე ისაუბრა მის მიერ მექსიკელ ემიგრანტებსა და ქალებთან დაკავშირებით გაკეთებული აგრესიული განცხადებებზე. ტრამპის თქმით, მას მექსიკელები უყვარს და საკუთარ კომპანიებშიც ასაქმებს, ოღონდ ამერიკაში ლეგალურად მყოფებს. რაც შეეხება ქალებს, ის დარწმუნებულია, რომ ქალებს უნდათ ძლიერი საზღვრები, ძლიერი ამერიკული არმია და ძლიერი პრეზიდენტი, რის გამოც ისინი ტრამპს აირჩევენ.
ტრამპის გამოსვლის პარალელურად, თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციას მართავდნენ დემოკრატების კანდიდატის, ბერნი სანდერსის მომხრეები. აქციის დაწყებამდე ტრამპის წარმომადგენელმა საკუთარი მხარდამჭერები გააფრთხილა, რომ არ მიეყენებინათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი მოწინააღმდეგეებისთვის, რაც აქამდე არაერთხელ მომხდარა.
„ფაშისტებო, წადით სახლში, ტრამპი=ნაცს“, „მოდი, დავასრულოთ რასიზმი“, „ქალები ბერნისთვის“ და ა.შ. – ტრამპის მოწინააღმდეგეთა აქციაზე ძირითადად მსგავსი შინაარსის პლაკატებს ნახავდით.
„მე აქ ვაპროტესტებ სიძულვილს, რასიზმს, ფაშიზმს. ვაპროტესტებ იმ ადამიანთა განცხადებებს, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ყველა მუსლიმი ტერორისტია, ყველა ემიგრანტი კრიმინალია. მინდა ტრამპის მხარდამჭერებმა გააცნობიერონ, თუ რამდენად საშიშია ის ქვეყნის მომავლისთვის“, – განუცხადა On.ge-ს სტუდენტმა ინდიანადან.
„ბებიაჩემი დონალდ ტრამპის მხარდამჭერია. მე მას ვუთხარი, რომ არ მოსულიყო დღეს აქ მის მხარდასაჭერად, რადგან ის ავრცელებს სიძულვილს, თუმცა, ის მაინც მოვიდა. მე მინდა, რომ ჩვენს ქვეყანაში ყველანი თანასწორები ვიყოთ, ტრამპი კი ამას საფრთხეს უქმნის“ – განგვიცხადა აქციის კიდევ ერთმა მონაწილემ.
მიმდებარე ტერიტორიას ტრამპის პირადი უსაფრთხოების სამსახურთან ერთად ადგილობრივი პოლიციაც იცავდა.
3 მაისს ინდიანაში პრაიმერი იმართება, სადაც რესპუბლიკელებმა და დემოკრატებმა უნდა აირჩიონ, ვინ იქნება მათი პრეზიდენტობის კანდიდატი 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. ამჟამად ყველაზე მეტი შანსი დემოკრატებიდან ჰილარი კლინტონს აქვს, რესპუბლიკელებიდან კი – დონალდ ტრამპს. თუ ტრამპმა ინდიანას პრაიმერი მოიგო, ანალიტიკოსების შეფასებით, რესპუბლიკელ ტედ კრუზს კანდიდატად დასახელების შანსი, პრაქტიკულად, არ ექნება. სწორედ ამიტომ, პოლიტიკური წრეები და მედია განსაკუთრებული ყურადღებით ელოდება ინდიანაში გასამართ პრაიმერის.
კომენტარები