რუსმა სამხედროებმა ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით კაცი დააკავეს. რადიო თავისუფლება წერს, რომ წინასწარი ინფორმაციით, დაკავებულია კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები, 96 წლის გორა ღარიბაშვილი, რომელიც სასაფლაოზე მისვლას ცდილობდა.

"დღეს მაღაზიაში ჩამოვედი პურზე და იქა თქვეს, გორა ღარიბაშვილი დააკავესო. ახალგორისკენ ჩემი წინაპრების ნახვა მინდაო, იქ უნდა მოვკვდე, იქ უნდა დავიმარხოო, ჩემი დედ-მამა სადაც არისო", — ამბობს ადგილობრივი ვახტანგ პაპუაშვილი მთავარ არხთან საუბარში.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში On.ge-ს გატაცების ფაქტი დაუდასტურეს. მათი თქმით, ინფორმაციის გადამოწმების მიზნით გააქტიურებულია ე.წ. ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.