ბოროტების, ტკივილისა და ჰუმანურობის პრიმო ლევისეული უკომპრომისო ხედვა
პრიმო ლევის შთამბეჭდავი მემუარები ჰოლოკოსტის ამბავს შეულამაზებლად გვიყვებიან. მწერლის დაბადებიდან ასი წლის თავზე ამ ტექსტებში დატეული ჰუმანურობა კვლავაც არ კარგავს ემოციურ სიმძლავრესა და აქტუალობას.
"გამოხდის პროცესი მშვენიერია. პირველ რიგში, იმიტომ, რომ ეს არის ნელი, ფილოსოფიური და ჩუმი პროცესი, რომელშიც ბოლომდე ჩართული ხარ, მაგრამ ის, ამასთან, გაძლევს დროს, იფიქრო სხვა რამეებზეც — დაახლოებით ისე, როგორც ველოსიპედით სეირნობისას. ასევე, ის გულისხმობს სითხის ორთქლად ქცევას და მის ისევ სითხედ გარდაქმნას. მაგრამ ამ ორმაგ მოგზაურობაში, ამ ზევიდან ქვევით მონაცვლეობაში, სიწმინდე მიიღწევა. ეს ორაზროვანი და მომხიბლავი პროცესია, რომელიც იწყება ქიმიით და მიდის ძალიან შორს".
იშვიათად თუ წააწყდებით ციტატას, რომელიც ისეთივე სრულყოფილებით წარმოაჩენს ავტორისეულ სულისკვეთებას, როგორც ამას პრიმო ლევის ავტობიუგრაფიული წიგნიდან, პერიოდულობის ცხრილიდან მოხმობილი ეს სიტყვები ახერხებენ. ლევი იყო ქიმიკოსი, რაც შესამჩნევი და აშკარაა არა მხოლოდ ამ ამონარიდის თემატიკიდან, არამედ წერის მისეული პედანტური და მოზომილი სტილიდანაც. ლევი, ასევე, იტალიელი ებრაელი იყო და 24 წლის ასაკში ის აუშვიცში გადაასახლეს. დისტილაცია ააშკარავებს ლევის წერის მანერას; კერძოდ კი იმას, რომ ავტორი სიტყვაკაზმულობას აზრის სიცხადეს ამჯობინებს. ის, გარკვეულწილად, იმ გზასაც აღწერს, რომელიც ლევიმ ტურინიდან აუშვიცამდე და მერე უკან, ტურინში დასაბრუნებლად გაიარა. ამის მერე მწერალმა დარჩენილი ცხოვრება იმავე ბინაში გაატარა, სადაც დაიბადა. მიღებულმა გამოცდილებამ ის ეგოსა და ამპარტავნებისგან სრულიად განძარცვა და მეტად რეალისტი და გამჭრიახი გახადა.
წელს პრიმო ლევის დაბადებიდან ერთი საუკუნე გადის და ეს შესანიშნავი დროა ჰოლოკოსტზე მისი სამი მოგონების გადასახედად. მათგან პირველი, თუ ეს ადამიანია, დაიწერა ომის შემდეგ, ლამის მაშინვე, როგორც კი ის სახლში დაბრუნდა. მასში აუშვიცში გატარებული დროა აღწერილი. მეორე, ზავი, დაიწერა ათწლეულების შემდეგ და აღწერს მოგზაურობას, ერთგვარ ოდისეას აუშვიციდან ტურინამდე. ჰოლოკოსტიდან სამი ათწლეულის შემდეგ, მის სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე კი ლევიმ მესამე მემუარი, დამხრჩვალნი და გადარჩენილები, დაწერა. ეს პოლემიკური ხასიათის წიგნია, რომელშიც განხილულია მწერლის ცხოვრების მანძილზე დაგროვებული მითები ჰოლოკოსტზე.
პიროვნების ჩამოშლა
"ჩემს იღბალს უნდა ვუმადლოდე, რომ აუშვიცში მხოლოდ 1944 წელს გადამასახლეს", — წერდა ლევი. ომის ბოლო ეტაპზე ფაშისტებმა გადაწყვიტეს, შრომისუნარშერჩენილი ებრაელებისთვის სიცოცხლე გაეხანგრძლივებინათ და მათ საკუთარი ახირებით აღარ კლავდნენ. ამან ცოცხლად დარჩენის შანსები გაზარდა. და მაინც, 650 იტალიელიდან, რომლებმაც პრიმო ლევისთან ერთად იმგზავრეს აუშვიცამდე, მხოლოდ 20 გადაურჩა ბანაკს.
გარკვეული დრო დასჭირდა ლევის იმის გასააზრებლად, რას ემსახურებოდა ბანაკები. ებრაელებისთვის ისინი არც შრომითი იყვნენ და არც სხეულის გამანადგურებლები. ისინი შექმნილნი იყვნენ "პიროვნების ჩამოსაშლელად". იქ მოხვედრისთანავე ბანაკის ახალწვეულები იყოფოდნენ ორ ჯგუფად: სასარგებლოებად ან უსარგებლოებად. ლევიმ, — იმის მიუხედავად, რომ არც თუ ისე ბრგე აღნაგობისა იყო, — პირველ ჯგუფში ამოჰყო თავი. ყველანი გაშიშვლებულები, თავგადაპარსულები და დაღდასმულები იყვნენ. ლევი ნომერი 174517 გახდა. მემუარების ენა, რომელიც პირველ ფურცლებზე ხან გმირული, ხან აღშფოთებული, ხანაც კი შიშნარევია, ამ მომენტიდან აწმყო დროში გადადის.
აქედან მოყოლებული, ლევის მონათხრობი მისი გამოცდილების არც ფილოსოფიურ და არც ისტორიულ ანალიზს არ შეიცავს. იგი არც ფაშიზმის ფესვებს იკვლევს და არც — ბოროტების წარმოშობასა და ბუნებას. სანაცვლოდ, ის ფოკუსირებულია ბანაკში ყოფნის დეტალებზე. ლევი სარკასტულად აღნიშნავდა ხოლმე, რომ მისი ნაშრომი ქიმიკოსის ლაბორატორიული დასკვნის მოდელირებაა. აქ გადმოცემის მისეული სტილი იმდენად სასხვათაშორისოა, რომ ზოგჯერ სისხლის გამყინავ მშრალ იუმორსაც კი გადააწყდებით. თუმცა უმეტესად თხრობის სტილი შემაძრწუნებელი, შემაშფოთებელი და ეჭვშეუტანლად რეალისტურია.
ცივი და მშიერი დღეები პატიმრების ცხოვრებას დღითიდღე წურავს. იმის კეთებას, რასაც მათ ავალებდნენ და იმის ჭამას, რასაც მათთვის იმეტებდნენ, სამ თვეზე მეტ ხანს ცოცხლად მხოლოდ რჩეულნი თუ გადაურჩებიან. ერთ დილას, ფიზიკური შრომისას, ლევი დაჰყურებს დავალებულ საქმეს და იცის, რომ ის ნახევარ საათში გათანგვისგან დაიღუპება. მალე ის ზედმეტი ძალისხმევისგან ყრუ და თითქმის ბრმაა. ის ტუჩს იკვნეტს, რადგან იცის, რომ "მცირე ტკივილის განცდა სტიმულს მისცემს, ენერგიის უკანასკნელი მარაგი გამოიხმოს". კაპოებმა, ებრაელმა ზედამხედველებმაც იცოდნენ ეს. ზოგი მათგანი პატიმრებს "წმინდა სიველურისა და ძალადობის" კარნახით სცემდა, მაგრამ ზოგიერთი ამას "ლამის სიყვარულით აკეთებდა და თითოეულ მოქნეულ მუშტს შეძახლებს ისე ურთავდა, როგორც მეეტლე შებმულ ცხენებზე მათრახის გადაჭერისას".
ღამღამობით ნარებზე ორ-ორად მოთავსებული კაცები სიზმრებს ხედავენ. მათი სიზმრები ორი შესაძლო სცენარით ვითარდება. ეს ან კოშმარია, რომელშიც ისინი ცდილობენ, მოყვნენ თავიანთი ისტორიები, ახსნან, რა ხდება საკუთარ, მეგორების და ოჯახის თავს, მაგრამ პასუხად მხოლოდ იგნორს იღებენ. ან მათი სიზმარი საჭმელზეა. "მრავალი მათგანი ტუჩებს ილოკავს და ყბას ამოძრავებს. მათ ესიზმრებათ, რომ ჭამენ". მაგრამ ნებისმიერი სიზმარი სჯობს გაღვიძებას. აუშვიცის ალიონის ბრძანება, Wstawàch (ადექი), ყურში მათრახის წუილად ჩაგესმის.
ამ სტრიქონების წერის დროსაც კი, — ლევი აღიარებს, — ის გრძნობს, რომ ჩვენი ენა შეუსაბამოა ჰოლოკოსტისეული შეურაცხყოფის აღსაწერად. ის კი იყენებს სიტყვებს, მაგრამ იმ მკითხველს, რომელიც იქ არ ყოფილა, ისეთი ასოციაციები უჩნდება, რომლებიც ახლოსაც ვერ მივა იმასთან, რასაც ავტორი გულისხმობს. "ჩვენ ვამბობთ სიტყვებს შიმშილი, შიში, ტკივილი, ზამთარი, დაღლილობა და ისინი სულ სხვა რამეს წარმოადგენენ. ეს თავისუფალი სიტყვებია — შექმნილნი და გამოყენებულნი თავისუფალი ადამიანების მიერ, რომლებიც კომფორტულად ცხოვრობდნენ და საკუთარ სახლებში იტანჯებოდნენ. ლაგერებს (ბანაკებს) უფრო დიდხანს რომ ეარსებათ, ახალი, შემზარავი ენაც დაიბადებოდა".
ეს ახალი ენა იმ ახალი ფენომენის აღსაწერად შეიქმნებოდა, რომელიც ბანაკებში წარმოიქმნა და ჯოჯოხეთური სახის სოციალურ და ბიოლოგიურ ექსპერიმენტს წარმოადგენდა. ლევის დაკვირვება არასდროს შეუწყვიტავს, "იმ ნატურალისტივით, რომელიც ამაზრზენ, მაგრამ სრულიად ახალ გარემოში ხვდება, ამაზრზენად ახალ გარემოში". აუშვიცმა ლევის დაანახა ადამიანური ბუნების საზღვრები და კანონები. პატიმრების უკიდურეს მდგომარეობამდე მიყვანა ერთგვარი ფსიქოლოგიური ან თუნდაც მეტაფიზიკური სტრესის გამოცდად იქცა. როგორ იცვლება ადამიანი მსგავს პირობებში — და როგორ უნდა შეცვალოს ამან ჩვენი წარმოდგენები კაცობრიობაზე? წიგნის სათაური ლოგიკური დასკვნის წანამძღვრებასავით იკითხება: "თუ ეს ადამიანია, მაშინ…" პრიმო ლევი წერს, რომ ბანაკში "უმჯობესი იყო, არ გეფიქრა". მან თავისი მოგონებები იმ დრომდე გადაინახა გონებაში, სანამ კვლავ ადამიანად არ ჩათვალა თავი.
დამხრჩვალნი და გადარჩენილები
აუშვიცში გატარებული თერთმეტი თვის შემდეგ, შუა ზამთარში, ბანაკი გაათავისუფლეს რუსმა ჯარისკაცებმა, რომლებიც ნანახით შეძრწუნებულნი დარჩნენ. ლევის მეორე მემუარი, ზავი, აღწერს მის მოგზაურობას ტურინამდე, სახლამდე. მაგრამ ლევისთვის ეს არ იყო მგზავრობა სამხრეთ-დასავლეთისკენ, აუშვიციდან პირდაპირ ტურინში, არამედ — აღმოსავლეთისკენ. ის ჯერ საბჭოთა კავშირში ჩავიდა, ჩრდილოეთით ლამის მინსკამდე მიაღწია, შემდეგ კი გამობრუნდა და რუმინეთისკენ, სამხრეთით გაემართა. მხოლოდ ამის შემდეგ აიღო გეზი დასავლეთისკენ, უნგრეთის, ჩეხოსლოვაკიის, ავსტრიის, გერმანიის გავლით და, საბოლოოდ, იტალიაში აღმოჩნდა. ეს ჰომეროსისეული მოგზაურობაა. ზამთარი მოტყდა, მზემ გამოიხედა და პირველ თავსაც "დათბობა" ჰქვია. ლევის ადამიანური ბუნება ძვლებზე ცხიმისა და ხორცის მატებასთან ერთად დაბრუნდა.
ლევიმ ტურინში რომ ჩააღწია, აუშივიცში ნანახი სიზმრები ცხადში აუხდა. სახლი, ოჯახი და საჭმელი — დიახ, ახლა ეს ყველაფერი ჰქონდა, მაგრამ, ამასთან, საკუთარი ამბის მოყოლის სურვილი და შიში იმისა, რომ მომხდარის გადმოცემას ვერ შეძლება, არსად წასულა. იგი ქიმიკოსობას დაუბრუნდა და მთელი კარიერული ცხოვრება საღებავების ერთ ქარხანაში მუშაობაში გაატარა, კვირაობით კი წერდა.
ლევის აწუხებდა, რომ გადარჩა. რატომ მაინცდამაინც ის? რამ განსაზღვრა მისი აუშვიცში გადარჩენა? ლევის აზრით, ამის მიზეზი ის იყო, რომ საკონცენტრაციო ბანაკში მოხვედრისას გერმანულს კარგად ფლობდა და არც ჯანმრთელობას უჩიოდა. ამასთან, იღბალმაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. ლევის ბედმა ორჯერ გაუღიმა: ერთხელ, როცა გაიცნო იტალიელი, რომელიც ექვსი თვის განმავლობაში საჭმლით ჩუმად ამარაგებდა და მეორედ, როცა ავად გახდა იმ მომენტში, როცა რუსები აუშვიცს უახლოვდებოდნენ და ფაშისტებმა ის პატიმრები, რომლებსაც სიარული შეეძლოთ, სასიკვდილო მარშზე გაიყვანეს. მაგრამ ლევის ამ ყველაფერში ღვთის განგება არ დაუნახავს. "გადარჩნენ ამაზრზენები, ეგოისტები, სასტიკები, უგრძნობები, ნაცრისფერ ზონაში მყოფი კოლაბორაციონისტები. ეს არ იყო განსაზღვრული წესი... თუმცა ეს რაღაც წესი მაინც იყო... საუკეთესოები ყველანი დაიღუპნენ".
ნაცრისფერი ზონა — ლევისეული ეს ტერმინი იმ მორალურ სივრცეს აღნიშნავს, რომელიც ფაშისტებსა და იმ მსხვერპლებს შორისაა მოთავსებული, ვინც საკუთარ თავთან ბრძოლისა თუ კომპრომისებზე წასვლის გარეშე დაიღუპნენ. ამ ზონაში მისნაირი ადამიანები არიან; ისინი არინ, ვინც ბოროტებას სიცოცხლის გახანგრძლივებისთვის გაურიგდნენ. ზოგიერთისთვის ეს გარიგება უმნიშვნელო იყო — პურის დამატებითი რაციონის მისაღებად ფაშისტის ჩექმების შეკერვის დონის; ზოგიერთისთვის კი გაცილებით ღრმა. ბანაკებში ყოველთვის მოიძებნებოდნენ პატიმრები, რომლებიც მცველებს წესრიგის დამყარებაში ეხმარებოდნენ. ნაცრისფერი ზონის ამ ორ პოლუსს შორის ყველა შესაძლო სიმძიმის ცოდვის მატარებელმა მოიყარა თავი. და ამ გარემოებამ ადამიანებისთვის უცოდველებისა და დამნაშავეების იარლიყების მიწებების სურვილი გააქრო.
იმან, რაც ჰოლოკოსტის დროს იხილა, ლევის ადამიანების მიმართ შეხედულებები შეუცვალა. მაგრამ მას ერთი წამითაც არ უფიქრია, რომ ამ ტრაგედიამ მათი ნამდვილი ბუნება გამოავლინა. "ჩვენ არ გვჯერა ყველაზე აშკარა და ზედაპირული დასკვნის, რომ ადამიანი ბუნებით სასტიკი, ეგოისტი და სულელია იმ პირობებში, როცა ყველა სახის ცივილიზებული ინსტიტუტი ისპობა... სანაცვლოდ, ჩვენ გვწამს, ერთადერთი დასკვნა, რომელიც უნდა გამოვიტანოთ, არის ის, რომ უკიდურესი გაჭირვებისა და ფიზიკური შეზღუდვის პირობებში, მრავალი სოციალური ჩვევა და ინსტინქტი დუმილამდე დაიყვანება".
მაგრამ რისი თქმა შეიძლება ფაშისტებზე? ეს "ბოროტების ლოგიკური გამოვლინება იყო თუ ლოგიკის არ არსებობის? როგორც ხშირად ხდება ხოლმე, როცა საქმე ადამიანურ ამბებს ეხება, ეს ორი ალტერნატივა თანაარსებობდა". რთულია, ჰოლოკოსტის გააზრება, რადგან ის ცივილიზებული სტანდარტების ყოველგვარ აზრსაა მოკლებული. თუმცა ლევი ხაზს უსვამს იმას, რომ ის შეუცნობელი არ არის. ინდივიდუალურ დონეზე მაინც, ის ნაცნობი ადამიანური მოტივაციების შედეგი გახლდათ. ზოგიერთი ფაშისტი ფანატიკოსი იყო, ზოგიერთი — ოპორტუნისტ-ავანტურისტი, ზოგიერთიც კი — მხდალი. მაგრამ მასად ქცეულ ადამიანებს არაადამიანური საქმეების ჩადენა შეუძლიათ.
1961 წელს, პირველი გამოცემიდან 14 წლის შემდეგ, თუ ეს ადამიანია გერმანულად ითარგმნა. ლევის ამ გამოცემის წინასიტყვაობაზე მუშაობა განსაკუთრებით გაუძნელდა. ის მთელი ძალით ეწინააღმდეგებოდა რისხვის, ბრალდებებისა და სასოწარკვეთის გრძნობებს, რომლებსაც ფურცლებზე გადმოსვლა სურდათ. სიტყვები, რომლებიც მან აირჩია, დაუმორჩილებლობას გამოხატავდა — ოღონდ გამოხდილი ფორმით: "მე ცოცხალი ვარ და მინდა გაგიგოთ იმისთვის, რომ განგსაჯოთ".
კომენტარები