პალეონტოლოგიაში ქარვამ არაერთი მნიშვნელოვანი აღმოჩენა გახადა შესაძლებელი. ესაა ხის ფისი, რომელიც ამ ფორმით ჩამოყალიბებას მილიონობით წელს ანდომებს და ყველაფერს ინახავს, რაც მასში მოექცევა. მაგალითად, ხშირად ასეთ მინერალებში პრეისტორიულ მწერებს პოულობენ, რომლებიც იქ ისეთი სახითაა გაქვავებული, როგორიც სიცოცხლის ბოლო მომენტებში იყო.

ახალი კვლევის თანახმად, მეცნიერებმა ქარვაში 99 მილიონი წლის წინანდელ საინტერესო სანახაობას მიაგნეს — "ზომბად" ქცეულ მწერსა და ჭუპრს, რომელთა სხეულიდანაც პარაზიტი სოკოებია ამოზრდილი. კერძოდ, იდენტიფიცირებულია ორი ახალი სახეობა, რომლებიც ასეთ ნიმუშებს შორის ერთ-ერთი უძველესია. ისინი ადრეული ცარცული პერიოდისაა.

ორივე მათგანი, თავისთავად მწერიცა და ჭუპრიც, ამჟამად ლონდონის საბუნებისმეტყველო მუზეუმში ინახება. ერთ სახეობას Paleoophiocordyceps erontoformicae ეწოდება და მისი მცირე ზომის სპორების "საცეცები" ჭუპრიდანაა ამოშვერილი. მეორე Paleoophiocordyceps ironomyiae-დაა წოდებული და ფრთიანი მწერის თავის მიდამოშია.

Paleoophiocordyceps gerontoformicae.

ფოტო: Zhuang et al.

თითოეული მათგანი დღესდღეობით არსებული მონათესავე სოკოების მახასიათებლებს იზიარებს. საუბარია Ophiocordyceps-ის გვარზე, რომელიც მწერებზე პარაზიტული ზემოქმედებით გამოირჩევა და სპორებს იმავე მექანიზმით ავრცელებს, როგორითაც ეს ძველი სახეობები. მიიჩნევა, რომ Paleoophiocordyceps მას დაახლოებით 130 მილიონი წლის წინ გამოეყო.

P. ironomyiae.

ფოტო: Zhuang et al.

"ნამარხი მტკიცებულება გვიჩვენებს, რომ პათოგენური სოკო ასი მილიონი წლის წინ ორ სხვადასხვა მასპინძელ ორგანიზმთან უკვე ადაპტირებული იყო: ჭიანჭველებთან და ორფრთიან მწერებთან. ეს მიანიშნებს, რომ სოკომ სხვა არსებებში გავრცელება გამრავალფეროვნების პარალელურად დაიწყო. ამავე დროს მოყვავილე მცენარეები მრავლდებოდა და მწერების სხვა ჯგუფებიც ფორმირდებოდა, განსაკუთრებით ღამის და ჩვეულებრივი პეპლები", — აცხადებს პალეონტოლოგი ედმუნდ ჯარზემბოვსკი.

ახალი ნაშრომი გამოცემაში Proceedings of the Royal Society B გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.