ეთიოპიის ქვეშ დედამიწის მანტია "პულსირებს" და ახალი ოკეანის წარმოქმნას უწყობს ხელს
ფოტო: Freepik
ახალი კვლევის თანახმად, აფრიკის აღმოსავლეთ ნაწილში დედამიწის შიგნიდან ზედაპირისკენ ქვის დამდნარი მასა პერიოდული "პულსების" სახით მიიწევს. მას მანტიის პლუმი ეწოდება და ის ეთიოპიის აფარის რეგიონში შეინიშნება.
ტექტონიკური ფილების მოძრაობით განპირობებული ეს პროცესი ამ არეალს ნელ-ნელა ხლეჩს და ახალ ოკეანეს აყალიბებს. ის ადენის ყურესა და წითელ ზღვას შორის ფორმირდება. მეცნიერები ამბობენ, რომ პლუმისა და ტექტონიკის კავშირი მნიშვნელოვანია იმის გასაგებად, თუ როგორ მიმდინარეობს ვულკანიზმი, მიწისძვრები და კონტინენტური დანაწევრებები.
აფარის რეგიონის ქვეშ სამი ტექტონიკური ფილის გადაკვეთის ადგილია. მათ შორის არსებული ყველა ნაპრალი სხვადასხვა ასაკისაა და განსხვავებული ტემპით იცვლება. ზოგი ოკეანის წარმოქმნაში მონაწილეობს, ზოგი კი ქერქის გახლეჩას უწყობს ხელს. თავად პლუმის გადაადგილების ან ამის უკან მდგომი მექანიზმის შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით.
ქერქისა მის ქვეშ არსებული მანტიის ცხელი ნაკადის შესასწავლად მეცნიერებმა აფარის რეგიონის ვულკანური ქანების 130-ზე მეტი ნიმუშის შედგენილობა გააანალიზეს. აღმოჩნდა, რომ პლუმი სამივე ნაპრალის ქვეშაა მოქცეული, მაგრამ ქიმიურად ერთგვაროვანი არაა. გამოვლინდა ისიც, რომ მისი ნაკადი ზედა მიმართულებით რიტმულად მოძრაობს და განსხვავებულ ქიმიურ კვალს ტოვებს.
"პულსები სხვადასხვაგვარია იმის მიხედვით, თუ როგორია ფილის სისქე და რამდენად სწრაფია მისი დანაწევრება. იმ ნაპრალებთან, რომლებიც შედარებით ჩქარა ფართოვდება (მაგალითად წითელი ზღვის), პულსები უფრო ეფექტიანად და რეგულარულად გადაადგილდება", — ამბობენ ავტორები და ამას ვიწრო არტერიის პულსაციას ადარებენ.
იქ, სადაც ლითოსფერო (ქერქისა და ზედა მანტიის მომცველი შრე) სქელია, ცხელი ნაკადის მოძრაობა შენელებულია და ნაპრალების ზოლები ახლო-ახლოსაა. უფრო თხელ არეალებში ეს ზოლები ერთმანეთისგან მეტადაა დაშორებული და პლუმი იქ ვულკანურ აქტიურობას უწყობს ხელს.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Nature Geoscience გამოქვეყნდა.

კომენტარები