ჭარბვალიანობისა და სიღარიბის პრობლემის მოსაგვარებლად მოსული პრემიერი ისე წავიდა, რომ "დაგვაჯერა" ჩემი მისია შევასრულე, მაგრამ სიღარიბე ოკუპაციასთან ერთად კვლავ მთავარ გამოწვევად რჩებაო. მინისტრმა, რომელიც ამომრჩეველმა ინსტაგრამზე საკუთარი ფოტოების "დაბუსტვით" გაიცნო, გადადგომის შესახებ ფეისბუქზე დაწერა 3947-სიტყვა. არადა, წესით, უნდა სცოდნოდა, რომ ფეისბუქის მომხმარებლები გრძელ ტექსტებს იშვიათად კითხულობენ...

მამუკა ბახტაძე მთავრობის ხელმძღვანელად ისე დანიშნეს, რომ მოსახლეობის ნახევარი არ იცნობდა. 14-თვიანი პრემიერობის შემდეგ კი ბევრჯერ გაიხსენებენ სამთავრობო ინიციატივების, გადაწყვეტილებებისა თუ ფრაზების გამო. სხვა თუ არაფერი, ის პირველი პრემიერია, რომელმაც გადადგომის შესახებ ფეისბუქზე დაპოსტა.

ინიციატივები, რომლითაც მამუკა ბახტაძემ თავი დაგვამახსოვრა

მცირე მთავრობის კონცეფცია

ფოტო: თორნიკე მანდარია / On.ge

საქართველოს პარლამენტში მთავრობის დამტკიცებისას მამუკა ბახტაძემ პრიორიტეტად მცირე მთავრობის კონცეფცია დაასახელა, რაც გარკვეული უწყებების გაერთიანებას გულისხმობდა. მამუკა ბახტაძემ 13 სამინისტრო 10-მდე შეამცირა, სახელმწიფო მინისტრის აპარატი კი ერთამდე. 3 სამინისტრო გაუქმდა და სხვა სამინისტროებს შეუერთდა.

  • განათლების სამინისტროს სპორტისა და კულტურის უწყებები შეუერთდა;
  • სასჯელაღსრულების სამინისტრო იუსტიციის სამინისტროსთან გაერთიანდა;
  • დევნილთა სამინისტრო გაუქმდა და მისი ფუნქციები გადანაწილდა სამ უწყებაზე: განსახლების ფუნქცია ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს შეუერთდა, მიგრაცია - შსს-ს, ხოლო სოციალური პოლიტიკა — ჯანდაცვის სამინისტროს.

ასევე ცვლილებები შეეხო არა მხოლოდ სამინისტროებს, არამედ მთავრობის შემადგენლობაში მყოფ სხვა სტრუქტურულ ერთეულებსაც.

  • რელიგიის სააგენტო შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს შეერწყა;
  • ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი განვითარების კომპონენტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გადავიდა.

საბანკო რეგულაციები

ფოტო: WSJ.com

სახელმწიფო რეგულაციების ახალი ტალღა პირველად სწორედ ქვეყნის საბანკო სექტორს შეეხო. ბანკებით უკმაყოფილო პერიოდულად სხვადასხვა თანამდებობების პირები იყვნენ. პირველად ბანკების მიმართ უკმაყოფილება, სწორედ, მამუკა ბახტაძემ 2018 წლის აპრილში გამოთქვა:

"საქართველოს საბანკო სისტემა უნდა იყოს არა ეკონომიკის განვითარების მუხრუჭი, არამედ მისი მამოძრავებელი ძალა".

ამ განცხადებიდან მალევე, 2018 წლის მაისიდან, ჭარბვალიანობასთან ბრძოლის ფარგლებში დაწესდა სხვადასხვა შეზღუდვა. ბანკებს აეკრძალათ ყველა სახის სესხის გაცემა, გადახდისუნარიანობის ანალიზის გარეშე. ასევე, შეიზღუდა სესხის გაცემა თვითდასაქმებულ პირებზე. ბანკების ასეთ მოქალაქეებზე სესხის გაცემა მხოლოდ მათი საქმიანობის ფინანსური ანალიზისა და სტაბილურობის ხარისხის დადგენის შემდეგ შეუძლიათ.

უფრო მასშტაბური საბანკო რეგულაციების ამოქმედება, თავდაპირველად, 2018 წლის პირველი ნოემბრიდან იგეგმებოდა. საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ ცვლილებების შეტანის არგუმენტით ვადამ ორი კვირით, 15 ნოემბრამდე გადაიწია. საბოლოოდ, ახალი რეგულაციები მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა. ცვლილებები ყველა სახის საბანკო კრედიტებს შეეხო.

ვალების ჩამოწერა

ფოტო: Shutterstock

არჩევნების მეორე ტურამდე რამდენიმე დღით ადრე მთავრობამ "შავ სიაში" მყოფ 600 000 ადამიანს ჯამში 1,5 მილიარდის ოდენობის დავალიანება გაუნულა. ცვლილება ბანკების, ონლაინ ორგანიზაციებისა და სხვა საფინანსო ინსტიტუტების მიმართ დავალიანებას შეეხო. პრემიერმა მადლობა გადაუხადა ქართუ ჯგუფს და აღნიშნა, რომ მათი დახმარების გარეშე ეს პროექტი ვერ განხორციელდებოდა.

არასამთავრობოებმა და ოპოზიციამ ხელისუფლება ამომრჩევლის მოსყიდვაში დაადანაშაულა, თუმცა ბახტაძის თქმით, ჭარბვალიანობის რეფორმის ინიციატივა მთავრობას არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე ჰქონდა. პრემიერის თქმით, ვალის ჩამოწერის შემდეგ ეს ადამიანები დაუბრუნდებიან სრულფასოვან ეკონომიკურ საქმიანობას.

სოციალური ინიციატივები არჩევნების მეორე ტურის წინ

ფოტო: GETTY IMAGES

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მამუკა ბახტაძემ სოციალურად დაუცველი 16 წლამდე ბავშვების დახმარება 10 ლარიდან 50 ლარამდე გაზარდა. ახალი ინიციატივა 140 ათასამდე ბავშვს შეეხეხო. მისივე წინასაარჩევნო ინიციატივით, სოციალურად დაუცველ მოსახლეობას სამსახურის დაწყების გამო დახმარება აღარ შეუწყდება.

ბახტაძე დაპირდა შეიარაღებული ძალების მოსამსახურეებს არჩევნების წინ, რომ 2019-2020 წლებში წოდებების მიხედვით ხელფასები გაეზრდებოდათ. მან ასევე თქვა, რომ თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეებს ბინები სამ ეტაპად 2020 წლისთვის გადაეცემოდათ, რითაც 2007 წელს ნაკისრი ვალდებულებები შესრულდებოდა.

მან ბინების გადაცემა იძულებით გადაადგილებული პირებისთვისაც დააანონსა. ბახტაძის თქმით, 2019 წლის ბიუჯეტის თანახმად, 2 000-მდე მოქალაქე მიიღებს ბინას. მისივე თქმით, დამატებით 20 მილიონი ლარის მობილიზება მოხდება, რომელიც დევნილების საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად დაიხარჯება.

სამართლიანმა არჩევნებმა მიიჩნია, რომ ხელისუფლების მიერ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ დაანონსებული სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაა. საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო აცხადებდა, რომ მეორე ტურის წინ ხელისუფლებამ მასშტაბური სოციალური პროექტების წარდგენისგან თავი უნდა შეეკავებინა.

"განათლება, როგორც ეროვნული იდეა"

ფოტო: კადრი ვიდეოდან

მამუკა ბახტაძის ინიციატივით, არსებული თუ ნებისმიერი მომავალი ხელისუფლება ვალდებული იქნება, მთლიანი შიდა პროდუქტის 6 პროცენტი, ანუ ბიუჯეტის მეოთხედი მიმართოს განათლებაზე. მან აიღო პასუხისმგებლობა, რომ 2020 წელს განათლების ბიუჯეტი 2 მილიარდი ლარი იქნება, 2021 წელს - 2 მილიარდ ნახევარი, ხოლო 2022 წელს ის გაუტოლდება ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 6 პროცენტს და შეადგენს 3 მილიარდ 400 მილიონ ლარს.

ეს ცვლილებები პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ახალ ინიციატივაში, განათლება – გზა თავისუფლებისკენ გაწერა. უცნობია, გააგრძელებს თუ არა ბახტაძის პოლიტიკას ახალი პრემიერ-მინისტრი.

წილხვდომილობის დღის დაწესება

ფოტო: საქართველოს საპატრიარქო

საქართველოს პარლამენტმა მამუკა ბახტაძის მიმართვის საფუძველზე 12 მაისი დაჩქარებული წესით ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღედ გამოაცხადა. ის დარწმუნებულია, რომ 12 მაისი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დღესასწაული გახდება. წილხვდომილობის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების განსახორციელებლად მთავრობამ სარეზერვო ფონდიდან 893 940 ლარი გამოყო.

მზის პანელების ქარხანა და ელექტრომობილები

ფოტო: Jaguar

მამუკა ბახტაძემ ქუთაისში მზის პანელების ქარხანა გახსნა და ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობის დაწყება დააანონსა. მან განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში საქართველო მაღალტექნოლოგიური პროდუქციის მწარმოებელი ქვეყანა გახდება.

პურის ფასის ზრდის შესწავლის ინიციატივა

ფოტო: paperlief.com

მამუკა ბახტაძე პრემიერ-მინისტრის პოსტიდან ისე გადადგა, რომ კონკურენციის სააგენტომ მისი დავალება, რის გამო გაძვირდა პური, ვერ შეასრულა. საკითხის შესწავლა სააგენტოს მამუკა ბახტაძემ 2018 წლის 10 დეკემბერს დაავალა. 8 დღეში დავალების გაცემიდამ 9 თვე გავა.

მამუკა გორგოძის ნაკრებში დაბრუნება

ფოტო: აჩიკო გეგენავა

შოტლანდიის ნარკებთან ისტორიულ მატჩამდე მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ ნაკრების ყოფილ კაპიტანს ესაუბრა და დაბრუნებაზე დაითანხმა.

"მეგობრებო, მრავალრიცხოვან გულშემატკივართა თხოვნა იყო, რომ მამუკა გორგოძეს მიეღო მონაწილეობა რაგბის 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე. ამას დაემატა სამწუხარო ფაქტი, რომ ნაკრების რამდენიმე წამყვანი მოთამაშე მძიმედ დაშავდა. მამუკას ვესაუბრე ამ საკითხებზე 2 დღის წინ, სადაც მან თანხმობა მითხრა მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობაზე", — დაწერა პრემიერმა ფეისბუქზე.

საპატიო მოქალაქე

ფოტო: მამუკა ბახტაძე / Facebook

მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტს ერთი წლის ანგარიში ვერ წარუდგინა და არც "აქტიურ პოლიტიკაში დარჩენის შინაგანი განწყობა" შემორჩა, მამუკა ბახტაძე ისევ რჩება ხონისა და დალასის საპატიო მოქალაქედ.

მას სჯერა, რომ თავისი მისია შეასრულა და თანამდებობასაც წარმატებულ ინიციატივებზე საუბრით ტოვებს.

"განვითარების სტრატეგიული ჩარჩო შექმნილია, დანერგილია და შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ, რადგან ვთვლი, რომ ჩემი მისია ამ ეტაპისათვის შევასრულე", — თქვა მამუკა ბახტაძემ.

ის ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში მეოთხე პრემიერ-მინისტრი იყო. მანამდე 8 თვე ის ფინანსთა მინისტრად მუშაობდა. პოლიტიკაში მოსვლამდე 5 წლის განმავლობაში ის საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი იყო. მის შემცვლელად ინფრასტრუქტურის მინისტრ, მაია ცქიტიშვილთან ერთად, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია სახელდება, რომლის გადადგომასაც პარლამენტთან მოქალაქეები უკვე 75 დღეა ითხოვენ.