როგორ განულდება ვალები და რამდენია პროექტის რეალური ღირებულება
ეროვნული ბანკის 2017 წლის ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში მოქმედმა ბანკებმა ჯამში 21,8 მილიარდი ლარის სესხი გასცეს. ამავე პერიოდში ვადაგადაცილებული სესხების რაოდენობა სულ 465 მილიონი ლარი იყო. ეს მთლიანი საკრედიტო პორტფელის 2,1 პროცენტია. უცნობია, რა ოდენობის სესხი გასცეს ბანკებმა 2018 წელს და რამდენია აქედან ვადაგადაცილებული. ამის მიუხედავად ჭარბვალიანობა საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად დაასახელა.
ამ მიმართულებით ბევრი ნაბიჯი უკვე გადადგეს, მათ შორისაა ლარიზაციის რეფორმა. რამდენიმე რეგულაცია მომავალი წლიდან ამოქმედდება. ჭარბვალიანობასთან ბრძოლის კამპანიაში, უპირობოდ, ყველაზე ხმაურიანი გადაწყვეტილება 600 ათასი მოქალაქისთვის ძველი დავალიანების ჩამოწერა იყო. ამ მხრივ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, თუ რა ფენომენთან გვაქვს საქმე, როგორ ჩამოიწერება ვალები, რა არის პროექტის რეალური ღირებულება, არსებობს თუ არა საერთაშორისო გამოცდილება და რა გავლენა ექნება ამ ინიციატივას მოსახლეობის ცხოვრებაზე.
ვალების ჩამოწერა ძველი აღთქმის მიხედვით
სხვადასხვა სახის ვალებისა და ფინანსური დავალიანების ჩამოწერა და განულება ახალი მოვლენა არ არის. ფინანსური დავალიანებების ჩამოწერის სხვადასხვა მექანიზმი ჯერ კიდევ ძველ აღთქმაშია აღწერილი, სადაც ვალების ჩამოწერა 49-ე საიუბილეო წლის ბოლო შაბათს უნდა მომხდარიყო. ამ დღეს მევალეები ძველი ვალებისა და ყადაღისგან სრულად თავისუფლდებოდნენ.
ვალების ჩამოწერას ვრცელი ისტორია აქვს თანამედროვე მსოფლიოშიც. საბაზრო ეკონომიკისა და ფინანსური ბაზრების განვითარების პარალელურად, სხვადასხვა სახის ფინანსური კრედიტი სულ უფრო მეტი ადამიანისა და სახელმწიფოს ცხოვრებაში თამაშობს მნიშვნელოვან როლს. კრედიტი თანამედროვე ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელია. დღევანდელი მდგომარეობით რაიმე სახის ფინანსური დავალიანების არმქონე სახელმწიფო არ არსებობს, თუმცა პრობლემა მხოლოდ მაშინ იქმნება, როდესაც მსესხებელი სესხს ვეღარ იხდის. მსგავსი პრობლემები უფრო ხშირად ღარიბ სახელმწიფოებს აქვს.
სახელმწიფო ვალების ჩამოწერის ყველაზე მასშტაბური კამპანია მიმდინარე საუკუნის დასაწყისში განხორციელდა. 2001 წლის დამდეგს "დიდი რვიანის" გადაწყვეტილებით მსოფლიოს უღარიბეს ქვეყნებს ჯამურად 55 მილიარდი დოლარის დავალიანება ჩამოეწერათ. პროგრამა, ძირითადად, მსოფლიოს ყველაზე ღარიბი კონტინენტის აფრიკისა და საჰარის რეგიონის ქვეყნებს შეეხო. კამპანია, ნამდვილად, ყველაზე მასშტაბური იყო, თუმცა არა უპრეცედენტო. სახელმწიფო ვალების ჩამოწერა თითქმის ყოველწლიურად ხდება. ასეთი გამოცდილება აქვს ჩინეთსა და სხვადასხვა აფრიკულ ქვეყნებს. დაახლოებით მსგავს პრაქტიკას მიმართა რუსეთმა საბჭოთა კავშირის მევალეების შემთხვევაშიც.
ვალების ჩამოწერის მიუხედავად, ვერც ერთმა სახელმწიფომ, რომელსაც პროგრამა შეეხო, სტრუქტურულ სიღარიბეს თავი ვერ დააღწია და, როგორც წესი, ახალი ვალების გადახდასაც ვერ ახერხებენ.
რა მოხდა საქართველოში
მიმდინარე წლის მაისიდან, ხელისუფლება ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად მოსახლეობის ჭარბვალიანობას ასახელებს. სწორედ ეს იყო ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების ერთ-ერთი ოფიციალური მიზეზი.
მოსახლეობის ჭარბვალიანობასთან ბრძოლის პარალელურად, ბოლო წლებში მნიშვნელოვნად იზრდება სახელმწიფოს საგარეო ვალი. ეროვნული ბანკის ბოლო მონაცემებით, საქართველოს 5,2 მილიარდი ოდენობის საგარეო ვალი აქვს, რაც მიმდინარე გაცვლითი კურსით, დაახლოებით, 14 მილიარდი ლარია. ეს რიცხვი საგრძნობლად აღემატება 2019 წლის ბიუჯეტს, რომელიც 10,4 მილიარდი ლარით განისაზღვრა. ეს რიცხვები საქართველოსთვის რისკებს ქმნის. შესაძლოა, საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგში ქვეყნის პოზიციები გაუარესდეს, რასაც, თავის მხრივ, შესაძლოა, კრედიტის გაძვირება ან ვალის მუდმივი ზრდის შემთხვევაში კრედიტზე უარიც კი მოყვეს.
ხელისუფლებამ აქტიურად დაიწყო საუბარი საბანკო სექტორის შეზღუდვაზე. მომავალი წლიდან პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემის ამოქმედება იგეგმება, რომელიც სესხების გაცემის პოლიტიკას გაართულებს. ის პირები, ვისაც შემოსავალი ოფიციალურად არ უდასტურდებათ, ნებისმიერი სახის ფინანსურ კრედიტზე წვდომა შეეზღუდებათ.
ჭარბვალიანობასთან ბრძოლის კამპანიამ კულმინაციას საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე რამდენიმე დღით ადრე მიაღწია. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ იმ 700 ათასი მოქალაქიდან, რომელიც ამჟამად ე.წ. შავ სიაში იმყოფება, 600 ათასს ფინანსურ დავალიანებას ფონდის ქართუს ფინანსური დახმარებით ჩამოაწერენ. ბახტაძემ პროექტის ღირებულებად 1,5 მილიარდი ლარი დაასახელა. პრემიერის თქმით, ეს ადამიანები დაუბრუნდებიან სრულფასოვან ეკონომიკურ საქმიანობას, რისი საშუალებაც აქამდე არ ქონდათ.
ვალები რომ გაანულონ, რამდენიმე კრიტერიუმი ერთდროულად უნდა დაკმაყოფილდეს:
- ცალკეული კრედიტის ძირი თანხა არ აღემატებოდეს 2 000 ლარს;
- ბოლო წლის განმავლობაში არ უნდა იყოს ვალის დასაფარად შეტანილი რაიმე თანხა.
ე.წ. შავი სია
ე.წ. შავი სიას, რომელიც დაახლოებით 700 ათასი მოქალაქის მონაცემებს აერთიანებს, კერძო კომპანია კრედიტინფო საქართველო აწარმოებს. ეს კომპანია კერძო საკრედიტო ბიუროა, რომელმაც ეროვნულ ბანკში რეგისტრაცია 2018 წლის პირველ სექტემბერს გაიარა.
კომპანიის მიერ წარმოებული ე.წ. შავი სია წარმოადგენს მონაცემთა ბაზას, რომელშიც გაერთიანებულია ყველა ონფორმაცია ზოგადად მსესხებლებზე, მათ შორის კარგ და ცუდ გადამდხდელებზეც. ეს არის რაიმე ოფიციალური დოკუმენტი. შესაბამისად, არც კანონიერი ძალა აქვს. კომპანიის მთავარი ფუნქციაა დაეხმაროს მსესხებელს და ინფორმაცია მიაწოდოს გამსესხებელს. ე.წ. შავი, რა ფორმითაც მასზე სახელმწიფო პირები საუბრობენ არ არსებობს.
"ე.წ. შავი სიიდან მოქალაქეების ამოღება კრედიტინფოს მონაცემთა ბაზაში მხოლოდ საკრედიტო სტატუსის ცვლილებას გულისხმობს. დიდი ალბათობით, ვალების განულების შემდეგ მხოლოდ მიმდინარე ვადაგადაცილების სტატუსი შეიცვლება. ეს ნიშნავს, რომ თუ მომხმარებელს სესხის დაფარვამდე ჰქონდა სტატუსი — "ნეგატიური", სესხების განულების შემდეგ ეს სტატუსი შეიცვლება — "იყო ნეგატიურით", — განუცხადეს On.ge-ს კრედიტინფო საქართველოში.
დიდი ალბათობით ეს სია, პირდაპირ კავშირში არ არის ბანკების მონაცემთა ბაზებთან. ბანკები და სხვა ფინანსური ინსტიტუტები წლების განმავლობაში თავად აგროვებენ და აახლებენ ინფორმაციას საკუთარი კლიენტების შესახებ. გამოდის, რომ კრედიტინფოს შავი სიიდან ვინმეს ამოღება ბანკების მონაცემთა ბაზებზე გავლენას მაინც ვერ მოახდენს.
ვალების ჩამოწერის რეალური ღირებულება
ვალების ჩამოწერის პროექტის ოფიციალური ღირებულება ჯერჯერობით უცნობია. თანამდებობის პირები სხვადასხვა, თუმცა დაუზუსტებელ მონაცემებს ავრცელებენ. პრემიერის მტკიცებით, პროექტის ღირებულება 1,5 მილიარდი ლარია და ამ თანხას მთლიანად ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ფონდი ქართუ დაფარავს. თუმცა პრემიერის განცხადებიდან ერთი თვის შემდეგ სპეციალურად ვალების განულების პროექტისთვის შექმნილ ვებგვერდზე ვალების ჯამური რაოდენობა 3,6 მილიარდი იყო.
მამუკა ბახტაძისგან განსხვავებული ციფრი დაასახელა ფონდი ქართუს თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ჩხეტიანმა. მისი თქმით, მიმდინარე წელს ვალების ჩამოწერისთვის ფონდს მხოლოდ 100 მილიონი ლარი აქვს დარეზერვებული.
On.ge-მ სცადა გასაუბრება ნიკოლოზ ჩხეტიანთან პროექტის ზუსტი ღირებულების დაზუსტების მიზნით, თუმცა ქართუ ფონდის პრესსამსახურმა მასთან ვერ დაგვაკავშირა.
მიუხედავად იმისა, რომ პროექტის ღირებულების ოფიციალურ ფასს არ ასახელებენ, საერთაშორისო და ადგილობრივი ბაზრის საბუღალტრო წესებისა და ფინანსური ბაზრების მუშაობის პრინციპებზე დაყრდნობით, შესაძლებელია, პროექტის დაახლოებითი ღირებულების გამოთვლა.
პრემიერის მიერ თავდაპირველად დასახელებული 1,5 მილიარდი ლარი, დიდი ალბათობით, პრობლემური აქტივების ჯამური მოცულობაა, რომელშიც შედის თითოეულ ვადაგადაცილებულ სესხზე დარიცხული ჯარიმა, პირგასამტეხლო და პროცენტი. თუ გავითვალისწინებთ, რომ პროექტი მხოლოდ იმ ვალებს გაანულებს, რომლის არც ძირი თანხა და არც პროცენტი ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ გადაუხდიათ, გამოვა, რომ 1,5 მილიარდის უდიდესი ნაწილი, სწორედ, დარიცხული ჯარიმები და პროცენტია.
მაგალითად, თუ მსესხებელმა აიღო 100 ლარი და ერთი წლის განმავლობაში ამ სესხის მომსახურების თანხა არ გადაიხადა ყოველდღიურად, ჯარიმის სახით, ნასესხები თანხის 1,5 პროცენტი დაერიცხება. ასევე დაერიცხება ერთჯერადი ჯარიმა პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე. წლის ბოლოს ასეთი "გაფუჭებული" კრედიტის გადასახადი, დაახლოებით, 650 ლარი იქნება. ბანკების გამოცდილება აჩვენებს, რომ "გაფუჭებულ" სესხებზე დარიცხულ ჯარიმებსა და პროცენტებს თითქმის არასდროს იხდიან. ასეთ დროს მსესხებელი ორგანიზაცია ძირითადად ე.წ. ძირის ანუ მის მიერ გაცემული თანხის ამოღებას ცდილობს.
სესხების კლასიფიკაციის სისტემა
ბანკებს სესხების კლასიფიკაციის სისტემა აქვთ. ეს სისტემა სესხებს ხუთ კატეგორიად ჰყოფს:
- სტანდარტული;
- საყურადღებო;
- არასტანდარტული;
- საეჭვო;
- უიმედო.
საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულაციის მიხედვით, უიმედოა სესხი, როცა მისი ძირითადი თანხის ან პროცენტის გადახდა 180 ან მეტი დღითაა ვადაგადაცილებული. ამ დროს სესხის სრულად ამოღება ან შეუძლებელია ან ამოსაღები თანხები არ შეესაბამება ამოღებისათვის დახარჯულ დროსა და ხარჯებს. ფონდი ქართუ მოქალაქეებს მხოლოდ იმ ვალებს გაუნულებს, რომელთა ვადაგადაცილებაც 180 დღეზე მეტია.
უიმედო სესხების გაყიდვის უპირატესობა
ფინანსურ ორგანიზაციებს მსგავსი უიმედო სესხების გაყიდვის უფლება აქვთ. ეს მათთვის მომგებიანი გარიგებაა, რადგან ასეთი სესხების ამოღება ან შეუძლებელია ან ძვირი. ფორმალურად, სწორედ, ეს მოხდა მიმდინარე პროექტის ფარგლებშიც. გაფუჭებული უიმედო სესხები, რომლებიც, თავის მხრივ, სხვადასხვა ამომღებ ორგანიზაციებზე გაყიდეს, ქართუ ფონდმა გამოისყიდა.
180-დღიანი და მეტი ვადაგადაცილების სესხების მთლიანი პაკეტის ღირებულება მის მოცულობაზე კრიტიკულად ნაკლებია. არსებობს ფორმულა, რომლითაც ასეთი სესხების პაკეტებს აფასებენ. როგორც წესი, 90-დღიანი ვადაგაცილების მქონე სესხების პაკეტს, გაცემული სესხების ძირი თანხის 4 პროცენტად აფასებენ. ვალების განულების პროექტში ვაგადადაცილება 90 დღეს რამდენიმეჯერ აღემატება, ამიტომ გამოსყიდვის ფასი დასახელებულზე კიდევ უფრო ნაკლები უნდა იყოს.
ამის გარდა, არსებობს კიდევ რამდენიმე გარემოება, რომელიც ასეთი უიმედო სესხების პაკეტს მნიშვნელოვნად გააიაფებდა. ერთი ის, რომ ასეთი გაფუჭებული სესხების მთლიანი პაკეტის გამოსყიდვა მსესხებლისთვის ხელსაყრელია, რადგანაც დაბალფასიან აქტივს ერთიანად იშორებს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მოლაპარაკებებს კერძო პირებთან არა კერძო პირი, არამედ სახელმწიფო აწარმოებდა.
თუ ჩამოთვლილ გარემოებებს მხედველობაში არ მივიღებთ და მსგავსი პრობლემური აქტივების ყველაზე მაღალ საერთაშორისო ფასს გავითვალისწინებთ, ვალების ჩამოწერის პროექტი 1,5 მილიარდზე მაინც კრიტიკულად მცირე გამოდის.
თუ ფინანსურ პლატფორმა Investopedia-ს მონაცემებს დავეყრდნობით, უიმედო აქტივის საშუალო ფასი, ბახტაძის მიერ დასახელებული მთლიანი მოცულობის (1,5 მილიარდი ლარი) 4 პროცენტი, ანუ 60 მილიონი ლარია. ეს რიცხვი, დაახლოებით, ათჯერ უფრო ნაკლებია, ვიდრე პრემიერის დასახელებული ოდენობა. ეს თანხა ასევე 40 მილიონითაა ნაკლები 100 მილიონ ლარზე, რაც ფონდ ქართუს აქვს ვალების ჩამოწერისთვის გათვალისწინებული.
სხვა ქვეყნების პრაქტიკა
საგადასახადო დავალიანების ჩამოწერისგან განსხვავებით, რაც საერთაშორისო პრაქტიკაა, კრიტიკულად მცირეა კერძო ვალების ჩამოწერის საქართველოს მსგავსი შემთხვევები. მსოფლიოში, კერძო ფინანსური დავალიანების ჩამოწერის სულ ორი შემთხვევა მოვიძიეთ. საუბარია სამხრეთ კორეასა და ხორვატიაზე.
სამხრეთ კორეა
სამხრეთ კორეაში წინა წლის ნოემბერში დაახლოებით მსგავსი რამ მოხდა. მოქალაქეების კერძო ვალების ჩამოწერის პროექტი 1,6 მილიონ კორეელს შეეხო. ისინი წლების განმავლობაში ვერ იხდიდნენ კრედიტს და მათი ხელფასი 1 000 დოლარის ადგილობრივ ექვივალენტს არ აღემატებოდა. დავალიანება "ბედნიერების ფონდის" თანხებით დაფინანსდა, რომელიც სახელმწიფო იყო.
ხორვატია
საქართველოს მსგავსია ვალების ჩამოწერის ხორვატიული გამოცდილება, როგორც ინიციატივის შინაარსით, ისე პოლიტიკური კონტექსტით. 2015 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციური კანდიდატის გამარჯვების შემდეგ ხორვატიის ხელისუფლებამ სახელმწიფო პროგრამა "ახალი სტარტი" გამოაცხადა. პროგრამის ფარგლებში ქვეყნის ყველაზე ღარიბ 60 ათას მოქალაქეს ყველანაირი ფინანსური დავალიანება გაუნულდა, მათ შორის კომუნალური დავალიანებებიც. პროექტის ფარგლებში დაფარულმა დავალიანებამ ჯამურად 500 მილიონი დოლარი შეადგინა. 2015 წელს ამ პროგრამას საერთაშორისო პროტესტი მოყვა. ბევრი ოპოზიციური პარტია მიიჩნევდა, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ამ პროექტის გამოცხადებით ხელისუფლება ამომრჩევლის ნებაზე გავლენის მოხდენას ცდილობდა.
სამხრეთ კორეისა და ხორვატიისგან განსხვავებით საქართველოში ვალების ჩამოწერის პროექტს რამდენიმე უნიკალური მახასიათებელი აქვს დავალიანება არა სახელმწიფო ხარჯებით, არამედ მმართველი პარტიის დამფუძნებელისა და ქვეყნის ყველაზე მდიდარი მოქალაქის პირადი ფონდიდან იფარება. ასევე, აღსანიშნავია, რომ ქართული პროექტი მნიშვნელოვნად იაფი გამოვიდა.
გავლენა მოსახლეობასა და ბაზარზე
ეკონომისტი გიორგი პაპავა ფიქრობს, რომ მიუხედავად ხელისუფლების ოპტიმისტური განწყობისა, ვალგანულებული ადამიანები სრულფასოვან ეკონომიკურ საქმიანობას შესაძლოა, ვერ დაუბრუნდნენ.
მისი აზრით, აქტიურ ეკონომიკურ ცხოვრებას სახელმწიფოს მიერ დაწესებული ახალი საბანკო რეგულაციები შეუშლის ხელს. გიორგი პაპავას თქმით, მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს, რომელიც თვითდასაქმებულია და ვერ ახერხებს თავისი შემოსავლების დოკუმენტურ დადასტურებას სახელმწიფომ კრედიტის აღების შესაძლებლობა წაართვა. მისი აზრით, ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ დადასტურებული და მაღალი შემოსავალი არც იმ ადამიანებს აქვთ, ვისაც ქართუ ფონდი ვალს ჩამოაწერს.
"დიდი ალბათობით ვალების ჩამოწერის პროექტს, ნეგატიური ეფექტი ექნება მომხმარებლის საკრედიტო და ფინანსურ პასუხისმგებლობაზე. პროექტი, ასევე, უარყოფითად იმოქმედებს გაუნულებელი დავალიანების ამოღებისა და დაფარვის პროცესზე, გაურთულდებათ მუშაობა ბანკების პრობლემური აქტივების დეპარტამენტსა და ამომღებ ორგანიზაციებსაც", — აცხადებს ეკონომიკის ექსპერტი On.ge-სთან.
მისი აზრით, უმნიშვნელოდ იზრდება, მომხმარებლის მხრიდან ინფანტილური ქცევის რისკი. პაპავას მიაჩნია, რომ ვალების განულების პროგრამა უპასუხისმგებლო გადამხდელობას წაახალისებს. ის მიმდინარე პროექტში პოლიტიკური პოპულიზმის რისკებსაც ხედავს.
"თეორიულად შესაძლებელია, მმართველ ძალას კვლავ დასჭირდეს მსგავსი პოპულისტური ნაბიჯი", — განმარტავს ის.
მისი შეფასებით, ვალების განულების დადებითი ეფექტი მხოლოდ ის იქნება, რომ დავალიანების მქონე მოქალაქეებს ბანკის პრობლემური აქტივებისა და ამომღები ორგანიზაციების თანამშრომლები "ხშირი სატელეფონო ზარებით აღარ შეაწუხებენ".
კომენტარები