გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტმა, კლაუდია როთმა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზე ისაუბრა. მისი თქმით, თუ ვლადიმერ პუტინი ისტორიაზე საუბრობს, მაშინ 1991 წლის მოვლენები უნდა გაიხსენოს.

"როდესაც გორში ჩავედი, როდესაც დავინახე მავთულხლართები, ღობეები, მცოცავი ოკუპაციის რეალობა და აგრესია, ჩემზე ამან ძალიან მძიმე შთაბეჭდილება მოახდინა. თუ ვლადიმერ პუტინი ისტორიაზე საუბრობს, გაიხსენოს, რა მოხდა 1991 წელს, როდესაც განისაზღვრა საზღვრები და ისინი აბსოლუტურად განსხვავდებოდა იმისგან, რაც მოხდა მერე უკრაინაში, სამხრეთ ოსეთში, აფხაზეთში. ჩვენ, როგორც ევროკავშირმა უნდა შევასრულოთ აქტიური როლი კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირებისათვის. საერთაშორისო სამართლის დარღვევას ვერ იტანს ის ხიდები, რომლებიც ამდენი შრომით აიგო სხვადასხვა ქვეყანას შორის", — განაცხადა კლაუდია როთმა, რომლის თარგმანს რუსთავი 2 ავრცელებს.

მცოცავი ბორდერიზაციისა და ანტისაოკუპაციო აქციების პარალელურად, ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ამტკიცებს, რომ ოკუპანტი არა თავად, არამედ საქართველოა. ის ოკუპაციის საკუთარ ვერსიას ავრცელებს და ირწმუნება, რომ 1918 წელს საქართველომ გერმანიის დახმარებით აფხაზეთის ოკუპაცია მოახდინა. გარდა ამისა, მან ოსების გენოციდში საქართველო დაადანაშაულა.

ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია საქართველოს ევროპული გზა მიმდინარეობს. წლევანდელი კონფერენცია აღმოსავლეთ პარტნიორობი დაფუძნების 10 წლისთავს ეძღვნება. ამ საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად საქართველოს ევროკავშირის და სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი და მაღალი დონის პირები ეწვიენ. მათ შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი, ევროკომისარი ჰუმანიტარული დახმარებისა და კრიზისების მართვის საკითხებში ქრისტოს სტილიანიდესი, აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატორი ქვეყნების — პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები — იაცეკ ჩაპუტოვიჩი და მარგოტ ვალსტრომი, ბულგარეთის ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი ეკატერინა ზაჰარიევა, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზოჰრაბ მნაცაკანიანი, სერბეთის ევროინტეგრაციის მინისტრი იადრანკა იოქსიმოვიში, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ტომაშ პეტრშიჩეკი, გერმანიის ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მინისტრი მიხაელ როტი, მოლდოვის საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის სახელმწიფო მდივანი დანიელა მორარი, ალბანეთის, ბელარუსის და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეები, ნორვეგიისა და მონტენეგროს საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივნები, გერმანიის, რუმინეთის, შვედეთის სამეფოს პარლამენტის ვიცე-სპიკერები.

ამავე თემაზე: