რუსეთის პარლამენტის დეპუტატი, ვლადიმირ ჯაბაროვი მოითხოვს, რომ რუსეთმა საქართველოს ეკონომიკური სანქციები დაუწესოს, კერძოდ კი ღვინის იმპორტი აკრძალოს. მის განცხადებას გამოცემა Ria ავრცელებს.

"საქართველო პატარა ბავშვი ხომ არაა, რომელიც ვერაფერს ხვდება, დააშავა უნდა ვაპატიოთ. თითქმის 30 წელია დამოუკიდებელი სახელმწიფოა და თავის ნაბიჯებზე პასუხი უნდა აგოს. მგონია, რომ სანქციები უნდა გამოვიყენოთ. საერთოდ არ მომწონს, როდესაც ამბობენ, რომ ქართული ღვინის ხარისხი გაფუჭდა. რატომ ვსაუბრობთ ასე? ყველას ხომ ეღიმება, როდესაც ამას კითხულობს. მიმაჩნია, რომ უნდა ვთქვათ, რომ რადგან ქვეყანა არამეგობრულად მოიქცა, არ გვსურს ასეთ ქვეყანასთან ვაჭრობა. არ გვსურს, რომ ჩვენს ხარჯზე მიიღოთ სარგებელი", — განაცხადა ჯაბაროვმა.

20 ივნისის აქცია

რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ სკამის დაკავებას საპროტესტო ტალღა მოჰყვა პარლამენტის წინ. მოქალაქეებმა ანტისაოკუპაციო აქციები მოაწყეს. დღის ბოლოს კი პარლამენტის წინ შეიკრიბნენ. ოპოზიციის წევრები ითხოვდნენ ირაკლი კობახიძის, ვახტანგ გომელაურისა და გიორგი გახარიას გადადგომას.

აქციის მონაწილეების ნაწილმა პარლამენტში შესვლა სცადა და ცენტრალურ გამზირზე მობილიზებულმა სპეცრაზმმა მათი დაშლა დაიწყო. სამართალდამცავებმა მოქალაქეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს. აქციის დაშლის დროს კლინიკებში 240 მოქალაქე გადაიყვანეს, რომელთაგან 80 სამართალდამცავი იყო. დაშავებულებიდან 2-მა თვალი დაკარგა, მათ შორის 18 წლის გოგომ. დაზიანებები მიიღეს 30-ზე მეტმა ჟურნალისტმა, მათ შორის იყვნენ On.ge-ს სამი თანამშრომელი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სხვადასხვა სამართალდარღვევისთვის ჯამში 305 ადამიანი დააკავა. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს.