მსოფლიო ქარტეხილში საქართველოს თავისუფლება იშვა — რას წერდნენ გაზეთები საუკუნის წინ
1783 წელს გაფორმებული გეორგიევსკის ტრაქტატის შემდეგ, დაპირებული მშვიდობისა და დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების ნაცვლად, საქართველომ 1801 წლის მანიფესტი მიიღო და რუსეთის გუბერნიის ნაწილი გახდა. დაიწყო თავისუფლებისთვის ხანგრძლივი, 117-წლიანი ბრძოლა. ბრძოლა ხანჯლითა და კალმით. რუსეთის იმპერიამ აჯანყებების ჩახშობით, ინტელიგენციის ციმბირში გადასახლებით და პრესის ცენზურით სცადა იმპერიის ნაწილად ექცია საქართველო, მაგრამ ვერაფრით შეაჩერა 1918 წლის 26 მაისის დადგომა.
2018 წლის 26 მაისს პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან 102 წელი გავიდა. ჩვენ უკვე გიამბეთ ქართული პრესის როლზე დამოუკიდებლობის მოპოვებაში, ამიტომ გადავწყვიტეთ, თქვენთვის დაგვეწერა ის, რასაც 102 წლის წინ დღევანდელ დღეზე წერდნენ.
რა ხდებოდა 102 წლის წინ, როგორ შეხვდა საქართველო დამოუკიდებლობის აღდგენას, როგორ ულოცავდნენ, ან როგორ აღნიშნავდნენ, ამის შესახებ ინფორმაცია მწირია. მცირე, მაგრამ მნიშვნელოვან ინფორმაციას ინახავს იმ დროინდელი გაზეთებების რამდენიმე ფურცელი და ფოტოები, რომელიც ეროვნულ არქივსა და ბიბლიოთეკაშია დაცული.
On.ge გთავაზობთ 1918 წლის პერიოდული გამოცემების ერთობის, Тифлисслии листокь-ის ანუ ტიფლისის ფურცელის და საქართველოს სტატიებს პირველი რესპუბლიკისთვის მზადებასა და დამოუკიდებლობის გამოცხადებაზე.
ბალშევიკების ასეთ პოლიტიკას დემოკრატია ვერ შეურიგდება
უშუალოდ რა ხდებოდა 26 მაისს ამიერ-კავკასიის სოციალ-დემოკრატიულ მუშათა ორგანიზაციების გაზეთ ერთობაში ვერ წაიკითხავთ, რადგან მისი ასლი ბიბლიოთეკაში არ ინახება. თუმცა წინა პერიოდში გამოსული ნომრები ზოგად წარმოდგენას გვიქმნის როგორ იზრდებოდა ქვეყანაში დამოუკიდებლობის გამოცხადების სურვილი.
1918 წლის 13 მაისს გაზეთში გამოქვეყნდა სტატია სათაურით დიდი დღე, რომელიც დამფუძნებელი კრების შესახებაა. სტატია საუბარია იმაზე რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა იმ დღეს გამართულ შეხვედრას, რომელზეც არცერთ დეპუტატს არ დაუგვიანია და როგორ გაივსო დარბაზი, ისევე როგორც შენობის მიმდებარე ტერიტორია ხალხით.21 მაისს გამოსულ ნომერში კი ვკითხულობთ:
სტატიის ავტორი გვიამბობს, რომ ამიერ-კავკასია მტრების წინააღმდეგ მარტო დარჩა და საქართველოს დახმარება სჭირდება. 22 მაისს კი გაზეთში წერია, რომ მიუხედავად რთული მდგომარეობისა ბრძოლა უნდა გაგრძელდეს:
"ბალშევიკების რუსეთის ასეთ პოლიტიკას ამიერ-კავკასიის დემოკრატია ვერ შეურიგდება და უკანასკნელი ისეთსავე წინააღმდეგობას გაუწევს, როგორც ოსმალეთის კარზე მომდგარ ძალმომრეობას."
თუ ხალხს დამოუკიდებლობა უნდა, დაე, იყოს ასე
ამავე პერიოდში რუსულ ენაზე გამოიცემოდა გაზეთი Тифлисслии листокь. დამოუკიდებლობის გამოცხადების შესახებ გაზეთში მხოლოდ 28 მაისს დაწერეს, მეორე გვერდზე და ერთი პატარა სვეტით.
"კვირას 26 მაისს, ძველი კალენდრით კი 13 მაისს, კავკასიის ცხოვრებაში უდიდესი მოვლენა მოხდა: საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადდა", - წერს გამოცემა. ერთი შეხედვით აღფრთოვანებული ტონი იგრძნობა, თუმცა თუ კითხვას გავაგრძელებთ ვნახავთ, რომ სტატიის ავტორი სკეპტიკურად უდგება საქართველოს მონაპოვარს.
"ჩვენ არ გვაქვს მომავლის ჭვრეტის უნარი, ამიტომ ვერ ვიტყვით მოუტანს ეს დამოუკიდებლობა ბედნიერებას ქართველ ხალხს თუ მოითხოვს მისგან მეტ განსაცდელს და მსხვერპლს. მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია არ გვიხაროდეს, მშვენიერი საქართველოს ნამდვილ მამულიშვილებთან ერთად ის ფაქტი, რომ ქართველები დამოუკიდებლად იცხოვრებენ და იქნებიან თავისუფლებები თავიანთ თანასწორებს შორის.
ჩვენ გვგონია, რომ რუსის, სომეხისა და მუსულმანებისთვისაც, როგორიც არ უნდა იყოს მათ პოლიტიკური ხედვა, მისასალმებელია დამოუკიდებელი საქართველოს შექმნა, რომელიც როგორც ყოველთვის, კეთილმეზობლურად გაუხსნის კარს ყველას, ვინც კავკასიაში გამოჩნდება კეთილი მიზნებით...
თუ ხალხს დამოუკიდებლობა უნდა, დაე, იყოს ასე, ჩვენ კი ანგარიში უნდა გავუწიოთ მომხდარ ფაქტს და ვუსურვოთ ახალდაბადებულ სახელმწიფოს კეთილი და მეგობრული ურთიერთობა მეზობლებთან.
დაე, იცხოვროს და განვითარდეს საქართველო", - წერს გამოცემა.
გაუმარჯოს განთვისუფლებულს საქართველოს, გაუმარჯოს ქართველ ერს!
Тифлисслии листокь-სგან საპირისპიროდ უდგება საკითხს გაზეთი საქართველო, რომელიც დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე რამდენიმე თვით ადრე აქტიურად წერდა სუვერენიტეტის მნიშვნელობაზე. პირველ აპრილს გამოქვეყნებულ სტატიაში, რომელსაც ერთადერთი გზა ჰქვია წერია, რომ ქართველ ერს ყოფნა-არყოფნის საკითხი უდგას და ბრძოლის ხაზი თავისუფლებაზე გადის.
აქვე აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ საქართველომ არა ამიერ-კავკასიის, არამედ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის უნდა იბრძოლოს:
"ქართველი ერი დღეიდან ვეღარ დაჰხარჯავს უკანასკნელ ძალას და ენერგიას, რომ ამიერ-კავკასიის არსებობა განაგრძოს. ამ საბედისწერო ჟამს, როდესაც საქართველოს სხეულს შუაზე გაჩებას უქადიან და ქართველი ერის არსებობის ყოფნა-არყოფნის საკითხია დაყენებული...
საქართველო ყველას ჰპატრონობდა და ყველას ჭირისუფლობდა. დღეს, როდესაც მას უდიდესი განსაცდელი ეწვია, ის მარტოდ რჩება, როგორც არასოდეს."
სტატიაში მრავლადაა მოწოდებები ეროვნული თვითმყოფადობის გამოსაფხიზლებლად:
"ამ უდიდესი განსაცდელის ჟამს, როდესაც ქართველი ერი უფსკრულის წინაშე სდგას, დაუყოვნებლივ უნდა უკუგდებულ იქმნას ყოველგვარი პარტიულობა, ჯგუფური პოლიტიკა და ექპერიმენტები. დღეს ერს თუ იხსნის დაღუპვისგან, ეს მხოლოდ მისი ეროვნული გაერთიანება და ყველა ეროვნული ძალების მობილიზაცია."
გაზეთში ხაზგასმით წერდნენ რუსეთის მტრული განწყობების შესახებაც.
მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას რთული საგარეო და საშინაო პოლიტიკური მდგომარეობა ჰქონდა და დამოუკიდებლობის გამოცხადების საკითხი სულ უფრო საეჭვო ხდებოდა, გაზეთი საქართველო აქტიურად მოუწოდებდა მკითხველს ბრძოლისკენ:
"საქართველო უკვე მოსული ამ დღეებამდე, უკან აღარ უნდა დაბრუნდეს, სრული და დაყოვნებლივი დამოუკიდებლობა საქართველოსი, მაინც ის ერთადერთი გზაა ხსნისა, რომელიც გამოიყვანს მას უკიდურესი მდგომარეობიდან."
ავტორის მოლოდინი გამართლდა, საქართველომ ამ მიზნისკენ სვლა განაგრძო, შედეგად კი 1918 წლის 26 მაისს გაზეთი დიდი ენთუზიაზმით შეხვდა დამოუკიდებლობის გამოცხადებას. ამ დღეს გამოსულ ნომერში განცხადებებისთვის გამოყოფილი სივრცე ერთადერთ წინადადებას დაეთმო: "საქართველოს დამოუკიდებლობა გადასწყდა". იქვე გამოქვეყნდა სტატია სათაურით - "დამოუკიდებელი საქართველო აღსდგა, გაუმარჯოს საქართველოს!"
"გაუმარჯოს საქართველოს გაუმარჯოს ქართველ ერს!
საქართველოს ყოველი ნაწილი, ქართველი ერის ყოველი საზოგადოებრივი წრე, ჯგუფი ქედს მოიხრის საქართველოს აღდგენილი თვისუფლების წინაშე."
სტატიის ავტორი მოუწოდებს მთელ ერს ერთად იბრძოლონ და თავი არ დაზოგონ ნანატრი დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად:
"ქართველი ხალხი - სოფლის მეურნე, ქალაქის მუშა, ხელოსანი, თუ ვაჭარ-მრეწველნი ერთსულოვნად უნდა შემოკრებენ საქართველოს სახელმწიფოებრივი ცხოვრების აღმშენებლობისათვის. ყოველი კლასის, ყოველი ჯგუფის და თვითეული ქართველი მამულიშვილის მხნე და თავგანწირული მოქმედება საჭიროა საქართველოს სახელმწიფოებრივი ცხოვრების მტკიცე ნიადაგზე დასამყარებლად.
მთელი ერის საქმიანი ამოძრავებაა საჭირო, რომ ჩვენმა სამშობლომ დროზე დაახწიოს თავი დღევანდელ ეკონომიკურ ჩამოქვეითებას, ფინანსურ გასაჭირს, ანარქიას და უწესრიგობას.
დამოუკიდებელ საქართველოს ამჟამად მრავალი მტერი ჰყავს შინ და გარედ. მაგრამ მთელი ერი იქნება დამცველი სამშობლოს თავისუფლების
საქართველოს მამულიშვილნო! საშინელს მსოფლიო ქარტეხილს, შინაურ და გარეშე ბრძოლაში საქართველოს თავისუფლება იშვა. შემოკრიბეთ ყველანი მის დასაცავად, ასაყვავებლად.
გაუმარჯოს განთვისუფლებულს საქართველოს, გაუმარჯოს ქართველ ერს!", - სტატია ამ სიტყვებით სრულდება და მთელი საქართველოს სიხარულს გამოხატავს.
ბევრი შეიძლება ვილაპარაკოთ და ბევრი მტკიცებულებაც გვქონდეს იმისა, რომ მაშინდელი ქართული პრესა კონკრეტული პარტიების და ჯგუფების ინტერესებს ატარებდა, მაგრამ ფაქტია, რომ 26 მაისის მნიშვნელობას მაშინაც და დღესაც ერთნაირად ემოციურად აღვიქვამთ.
მიუხედავად იმისა, რომ 117 წელი ნანატრმა დამოუკიდებლობამ მხოლოდ 3 წელი იარსება და საბოლოოდ, ისევ, რუსეთის დამპყრობლურ და აგრესიულ პოლიტიკას ემსხვერპლა, 1918 წლის 26 მაისი საქართველოს ისტორიაში მნიშვნელობას 100 წლის შემდეგაც არ კარგავს.
კომენტარები