1918 წლის 26 მაისს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა და რუსეთის იმპერიის გავლენებისგან თავი საბოლოოდ გაითავისუფლა. ამ დღიდან მოყოლებული, სამი წლის განმავლობაში, საქართველო სწრაფი ტემპით იცვლებოდა. იქმნებოდა დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული დასავლური სახელმწიფო, რომელიც მაღალი პოლიტიკური კულტურის ღირებულებებს პირველივე წლებში საუკეთესოდ ავლენდა. პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მუშაობის კულმინაცია კონსტიტუციის შექმნა და მისი დამტკიცება იყო, რომელიც იმ დროს ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე პროგრესულად მოიაზრებოდა და დღესაც უამრავი განვითარებული სახელმწიფოს კონსტიტუციის გვერდით დგას.

წაიკითხეთ:

ყველაფერი საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ - მარტივად

1921 წლის 25 თებერვალს საქართველოში საბჭოთა რუსეთის წითელი არმია შემოიჭრა და მისი ანექსია მოახდინა. პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა 18 მარტამდე იცავდა თავს, თუმცა ბრძოლამ შედეგი ვერ გამოიღო. საქართველომ ვერ გაუძლო ბოლშევიკების შემოტევებს და საბოლოოდ "გაწითლდა". მანამდე იგივე გზა აზეირბაიჯანმა, შემდეგ კი სომხეთმა გაიარეს. საქართველოს გასაბჭოებაში თურქეთის ხელიც ურევია, რომელსაც იმ დროს რუსეთის დახმარება ესაჭიროებოდა. პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლების დიდი ნაწილი იძულებული გახდა ემიგრაციაში წასულიყო, ხოლო ვინც ეს ვერ მოახერხა, მკაცრად დასაჯა საბჭოთა რუსეთმა.

ამ სტატიაში ჩვენ ვიმსჯელებთ იმაზე, თუ როგორი მომავალი შეიძლებოდა ჰქონოდა საქართველოს, ბოლშევიკებს რომ არ დაეპყროთ და 70 წლის განმავლობაში საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში არ ყოფილიყო. ჩვენი მსჯელობა ვარაუდებზეა დამყარებული, ამიტომ მას მეცნიერული ღირებულება არ გააჩნია, თუმცა სხვა ჩვენი მსგავსი ევროპული ქვეყნების მაგალითებზე შეგვიძლია ვიფიქროთ, სად და როგორ იქნებოდა დღეს საქართველო, განვითარება დამოუკიდებლად რომ გაეგრძელებინა.

პოლიტიკა

საშინაო პოლიტიკა

ამ თავში ჩვენ ვისაუბრებთ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ვერ შემდგარ მომავალზე, რომელიც სუვერენიტეტის შენარჩუნებას შეიძლებოდა მოჰყოლოდა.

პირველ რესპუბლიკას საშინაო პოლიტიკაში, ცხადია, არაერთი პრობლემა ჰქონდა, რომელსაც დროთა განმავლობაში, წლიდან-წლამდე აგვარებდა, თუმცა მთავარი გამოწვევა მაინც კონსტიტუციის შემუშავება და მიღება იყო. დამფუძნებელი კრების აზრით, სწორედ კონსტიტუცია იყო ფუნდამენტი, რომლის მიხედვითაც ქვეყნის შენება უნდა გაგრძელებულიყო.

1921 წლის თებერვლის მოვლენებმა კონსტიტუციის მიღების პროცესი დააჩქარა. რომ არა საბჭოთა რუსეთის თავდასხმა, სავარაუდოდ, ქვეყნის მთავარ დოკუმენტზე მუშაობა კიდევ გაგრძელდებოდა და რამდენიმე პუნქტი დაემატებოდა, თუმცა ის ვერსია, რომელიც დამფუძნებელმა კრებამ მიიღო, გამორჩეულად პროგრესულია ადამიანის უფლებების თვალსაზრისით.

ის, რაც ზუსტად შეგვიძლია ვივარაუდოთ, სწორედ ადამიანის უფლებების განვითარებაა. საქართველოს პირველი კონსტიტუციით დაცული იყო ადამიანის თავისუფალება, თანასწორობა, არჩევანისა და რწმენის თავისუფლება, ხმის მიცემის თავისუფლება, სეკულარიზმი და სხვა ფუნდამენტური უფლებები. ასეთი დეკლარირებული უფლებებით პირველი რესპუბლიკა ერთ-ერთი მოწინავე იყო მსოფლიოში, რაც გვაფიქრებინებს, რომ დღეს საქართველო ადამიანის უფლებების კუთხით ძალიან განვითარებული იქნებოდა და ადამიანებს განსხვავებული შეხედულებების, ორიენტაციისა თუ რწმენის გამო აღარ დაამუნათებდნენ.

სათქმელად ისიც კმარა, რომ 1920 წელს თბილისში ჩამოსული რემზი მაკდონალდი (რომელიც შემდგომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი გახდა), აღფრთოვანებული იყო საქართველოში განვითარებული პროცესებით, ადამიანის უფლებებითა და ქალებისა და კაცების თანასწორობით. საქართველომ ქალებს საარჩევნო ხმა ევროპაში ერთ-ერთმა პირველმა მიანიჭა, დიდმა ბრიტანეთმა კი სწორედ მაკდონალდის პრემიერობის დროს გადადგა ეს ნაბიჯი.

გარდა ამისა, ჩვენ ასევე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საქართველო განვითარდებოდა როგორც საპარლამენტო რესპუბლიკა, რომელიც ოთხ წელიწადში ერთხელ აირჩევდა წარმომადგენლობით ორგანოში თავის წარმომადგენლებს. ეს იქნებოდა უაღრესად საინტერესო პროცესი, რადგან მთელი ერთი საუკუნის განმავლობაში ჩვენ ჩამოგვიყალიბდებოდა პარტიული პოლიტიკის კულტურა, არჩევნების გამოცდილება და მმართველებად გვეყოლებოდა სხვადასხვა იდეოლოგიის გამტარი პოლიტიკური გაერთიანებები დროის ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებით. ეს შეიძლებოდა ყოფილიყო კარგის, ცუდისა და საშუალოდ მონაცვლეობა და მათ თავიანთი ინტერესებისა და შეხედულებებისამებრ ემართათ ქვეყანა, თუმცა თუკი თავისუფალი არჩევნების დაშვებას ვაკეთებთ, ისიც უნდა ვთქვათ, რომ ასეთ პირობებში საზოგადოებაც ვითარდება და უფრო მომთხოვნი ხდება. შესაბამისად, ქართველი ხალხი იქნებოდა უფრო მეტად პასუხისმგებლიანი და ხელისუფლების მოქმედებებზე ექნებოდათ რეაგირება.

თუმცა ყველაფერი იდეალურად რომ არ იქნებოდა, ესეც უნდა გვესმოდეს. საქართველო იმ დროში ეკონომიკურად სუსტი ქვეყანა იყო, რომელიც მართალია იზრდებოდა, მაგრამ როგორც სოციალ-დემოკრატიული მმართველობისთვის არის დამხასიათებელი, საკმაოდ ნელა. მიუხედავად ამისა, სავარაუდოა, რომ დროთა განმავლობაში აუცილებლად გადაიხედებოდა ეკონომიკური პოლიტიკა და იმ დროისთვის საკმაოდ არაპოპულარული საბაზრო ეკონომიკა, ადრე თუ გვიან, მაინც დადგებოდა დღის წესრიგში. დღეის მდგომარეობით, საქართველო ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანა იქნებოდა როგორც უფლებრივი თვალსაზრისით, ისე ეკონომიკურად. თუკი ჩვენი მსგავსი ქვეყნების გამოცდილებას გავითვალისწინებთ, დღეს შესაძლოა ბალტიისპირა ქვეყნების დონეზე ან მათზე უკეთეს მდგომარეობაში ვყოფილიყავით.

რაც შეეხება პოლიტიკურ ლანდშაფტს, 1918 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, დროებითი მთავრობაც კი კოალიციური იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეებს თანამშრომლობის პრობლემა არ ჰქონდათ, მიუხედავად იდოლოგიური დაპირისპირებებისა. ასე რომ გაგრძელებულიყო, დღეს საქართველოში გვექნებოდა მრავალპარტიული, ჯანსაღი პოლიტიკური დაპირისპირება, როგორც ეს წამყვან ევროპულ ქვეყნებშია. ეს არ გამორიცხავს პოპულისტური პარტიების არსებობას, მაგრამ პლურალისტული გარემო გარანტირებული იქნებოდა.

საგარეო პოლიტიკა

საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით, საქართველოს სხვადასხვა დიპლომატიური გადაწყვეტილებების მიღება უწევდა. მიუხედავად იმისა, რომ პირველ რესპუბლიკაზე ხშირად ამბობენ ნეიტრალიტეტი ჰქონდა გამოცხადებულიო, ეს ინფორმაცია მაინც და მაინც სიმართლე არ არის. საქართველოს ოფიციალური პოზიცია იყო, რომ საერთაშორისო ომიანობის დროს არ იქნებოდა ჩართული, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ დიპლომატიურ კავშირებს თავდაცვის მიზნით უგულებელყოფდა.

პირველი რესპუბლიკის ხელისუფლებას მჭიდრო კავშირი ჰქონდა გერმანელებთან და ინგლისელებთან, რომლებიც საქართველოშიც იყვნენ წარმოდგენილნი თავიანთი ჯარებით — ჯერ გერმანია, შემდეგ კი ინგლისი. ქართულ მხარეს 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულების დადების შემდეგ, რომელშიც ნეიტრალიტეტი იყო ნახსენები, ინგლისელების საქართველოში დარჩენა სურდა, თუმცა ამ საკითხზე შეთანხმება ვერ შედგა. ამასთან, ხანგრძლივ და მჭიდრო მოლაპარაკებებს აწარმოებდა კოლექტიური თავდაცვის ორგანიზაციაში, ერთა ლიგაში შესასვლელად. სამეზობლოს ქვეყნებთან კი საქართველო უფრო და უფრო მეტი საერთოდ გამონახვას ცდილობდა, თუმცა მონასტერი ისევ რუსეთმა აურია.

აქედან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ ქართული მხარე საერთაშორისო ასპარეზზე გააგრძელებდა პარტნიორების მოძიებას და მათთან სხვადასხვა საკითხებზე შეთანხმებას. დღეს საქართველო აუცილებლად იქნებოდა ევროკავშირის წევრი, რადგან ბევრ წევრ სახელმწიფოზე მეტად დააკმაყოფილებდა ორგანიზაციის მოთხოვნეს. დიდი ალბათობით, საქართველო ნატოს წევრიც იქნებოდა, რადგან მისი მსგავსი ქვეყნები უკვე მრავალი წელია ჩრდილო-ატლანტიკურ გაერთიანებაში არიან.

თუმცა საგარეო პოლიტიკასთან მიმართებით, ერთი რამ მაინც საგულისხმოა: რა როლი ექნება საქართველოს მეორე მსოფლიო ომში და როგორ იმოქმედებდა ის?

ამ კითხვაზე ერთი პასუხის გაცემა რთულია, ვინაიდან ამის გასაზომად არანაირი რაციონალური არგუმენტი არ გაგვაჩნია. ყველაზე მეტად სავარაუდოა, რომ რუსეთი მეორე მსოფლიო ომში აუცილებლად ეცდებოდა საქართველოს დაპყრობას, როგორც ეს არაერთი სახელმწიფოს მიმართ სცადა. მიუხედავად ამისა, შეგვიძლია დავუშვათ, რომ თუ საქართველო გააგრძელებდა დემოკრატიულ განვითარებას, გაიზრდებოდა მისი ეკონომიკა, გაძლიერდებოდა რეგულარული არმია და საერთაშორიო ასპარეზზე იქნებოდა წარმოდგენილი, მას ექნებოდა შანსი რუსეთთან მოლაპარაკებები ეწარმოებინა. რამდენად გამოუვიდოდა საქართველოს ნეიტრალიტეტის დაცვა? ჩაერთვებოდა თუ არა ის მოკავშირეებთან ერთად ბრძოლაში? დაიპყრობდა თუ არა მას საბჭოთა კავშირი? — ეს არის კითხვები, რომელზეც პასუხის გაცემა სათუოა. ერთი კი ფაქტია: მეორე მსოფლიო ომი დიდი გამოცდა იქნებოდა საქართველოს სუვერენიტეტისთვის, რომ აღარაფერი ვთქვათ ეკონომიკისთვისა და პოლიტიკური სტაბილურობისთვის.

იმ შემთხვევაში, თუკი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ისე გადავრჩებოდით, როგორც ხორვატია ან სლოვენია გადარჩა და ტერიტორიებს შევინარჩუნებდით, მაშინ დღეს თანამედროვე, განვითარებულ ევროპულ ქვეყანაში ვიცხოვრებდით, ცხოვრების ისეთი დონის მაჩვენებლით, როგორიც დღეს ბელგიას, ჩეხეთს და მის მსგავს ქვეყნებს აქვთ.

სხვა ფაქტორები

გარდა პოლიტიკისა, სახელმწიფოში უამრავი სხვა მნიშნელოვანი ფაქტორიც არსებობს. 100-წლიანი სუვერენიტეტის პირობებში, საქართველოში დღეს განათლების დონე ძალიან მაღალი იქნებოდა და ეს სხვაობა განსაკუთრებით ნათლად გამოჩნდება, თუ დღევანდელ მაჩვენებელთან შევადარებთ. თავისუფალი აზროვნების განვითრების პირობებში, საქართველოში სასწავლო პროგრამები ევროპულ მაგალითებზე შეიქმნებოდა, განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, როცა გლობალიზაცია აქტუალური გახდა. ამ შემთხვევაშიც შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საშუალო ევროპული ქვეყნის შედეგის გამეორება არ გაგვიჭირდებოდა და უკეთეს შემთხვევაში, უფრო წინაც ვიქნებოდით. საქართველოში უნივერსიტეტების ოპერირების მრავალწლიანი გამოცდილება გვექნებოდა, რაც საშუალებას მოგვცემდა უფრო ეფექტიანი სასწავლო პროცესი შეგვექმნა და დღეს თანამედროვე გამოწვევებისთვის ადეკვატური პასუხი გაგვეცა.

საბჭოთა კავშირმა არაერთი ქართველი ხელოვანი გაანადგურა, რომლებსაც კიდევ ბევრი შედევრის შექმნა შეეძლოთ. მათ სიაში უსასრულოდ შეიძლება ისეთი ადამიანების მოხსენიება, როგორიცაა დავით კაკაბაძე, კოტე მიქაბერიძე, მიხეილ ჯავახიშვილი, ევგენი მიქელაძე და კიდევ ასობით ხელოვანი. რომ არა საბჭოთა კავშირი, დღეს ქართული კულტურა ძალიან განვითარებული იქნებოდა და მასზე არამარტო ჩვენ, არამედ მთელი დასავლეთის ინტელექტუალური წრეები ისაუბრებდნენ. ქართული ლიტერატურაც დროთა განმავლობაში უფრო ევროპული გახდებოდა და მისი წაკითხვა ევროპელებში გაუცხოებას ნაკლებად გამოიწვევდა.


მიუხედავად იმისა, რომ პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობა მხოლოდ 3-წლიან ისტორიას ითვლის, ზუსტად 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა შეძლო. ეს იყო საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დღე, თუმცა კვლავ რუსეთმა და მეორე მხრივ, საბჭოთა კავშირში "ჩამოყალიბებულმა" არასახელმწიფოებრივად მოაზროვნე საზოგადოებამ, საქართველო მორიგი სიკვდილისთვის გაიმეტა, რასაც შედეგად მოჰყვა პირველი პრეზიდენტის უკანონოდ ჩამოგდება, აფხაზეთის ომი, სამოქალაქო ომი, ეკონომიკური რეცესია და ყველაფერი ცუდი, რაც სახელმწიფოს შეიძლება დაემართოს.

თქვენ შეიძლება ფიქრობდეთ, რომ დამოუკიდებლობის აღდგენიდან უკვე დიდი დრო გავიდა, მაგრამ ისტორიისთვის 28 წელი არაფერს ნიშნავს. მითუმეტეს, რომ ამ 28 წლიდან ცამეტი წელი მხოლოდ ნგრევა ხდებოდა. ამავე პერიოდში ბალტიისპირა ქვეყნებმა, რომლებმაც შეძლეს ნორმალური განვითარება, საოცარი შედეგები აჩვენეს. დღეს ლიტვაც, ლატვიაც და ესტონეთიც ევროკავშირის წევრები არიან, სწრაფად იზრდებიან ეკონომიკურად, წინ და წინ მიიწევენ განათლების მაჩვნებლებით, უკეთეს შედეგებს აღწევენ საერთაშორისო ასპარეზზე და პრობლემებსაც ეფექტურად აგვარებენ.

1990-იანი წლების მიწურულიდან მოყოლებული დღემდე, საქართველოში ძირეული გარდაქმნების პერიოდი დაიწყო. ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველოში სწრაფად განვითარდა კერძო სექტორი, საბანკო და ფინანსური ბაზარი, დაიწყო მშენებლობები და გაჩნდა სამუშაო ადგილები. გამოცოცხლდა კულტურა, ქართველი ახალგაზრდები კი თავისუფალ გარემოში გაიზარდნენ, რომელშიც გლობალური კულტურა მარტივად აღწევს. დღეს საქართველო რიგი მიმართულებებით დიდ წარმატებებს აღწევს, მაგრამ წარმატება ჯერ კიდევ ბევრ შრომას და ბევრი სწორი გადაწყვეტილების მიღებას მოითხოვს.

ამავე თემაზე: