კომიქსები - სახელმძღვანელო დამწყებთათვის

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

რით დავიწყოთ?

ვისაც კომიქსები ბავშვობიდან არ უკითხავს, ზრდასრულობისას ამ სრულიად ახალ, საკუთარი წესებისა და კანონების მქონე სამყაროში ფეხის შედგმა ცოტა საშიშიც კი შეიძლება ეჩვენოს. რომელი კარი უნდა შეაღო, რომ სასურველი წიგნების გარემოცვაში აღმოჩნდე? ალბათ ყველაზე მარტივი გზა ყველა დროის საუკეთესო კომიქსთა სიების დაგუგლვა და მათში ყველაზე ხშირად გამეორებული წიგნების ამორჩევაა. თავის დროზე მეც ასე ვქენი და ჩემი წიგნების თარო არტ შპიგელმანის, ალან მურისა და ფრენკ მილერის კომიქსებით შეივსო.

მაგრამ საუკეთესოებით დაწყება გარკვეულ ხიფათს შეიცავს - მათ მერე მხოლოდ დაღმართში თუ დაეშვები. და არც ამორჩეული ავტორის ტექსტების მიყოლაა იმის გარანტია, რომ მოლოდინი გაგიმართლდება. გამოუწვრთნელმა მკითხველმა V ანუ ვენდეტას მერე იმავე ალან მურის ნემოს ტრილოგია რომ წაიკითხოს, დიდი შანსია, საბოლოოდ აიცრუოს გული ხელოვნების ამ დარგზე.

საყოველთაოდ აღიარებული ტექსტების მიღმა დამალული საგანძურების აღმოჩენა მას შეუძლია, ვინც კომიქსების ენის ნიუანსებით ტკბობაშია გაწვრთნილი. გონების წვრთნა კიდევ მოსაწყენი არ უნდა იყოს - ჩვენ ხომ, ბოლოსდაბოლოს, კომიქსებზე ვსაუბრობთ. ამიტომ მათი შეყვარების საუკეთესო გზა იმ ჟანრის ან თემატიკის წიგნების პოვნაა, რომელიც ისედაც მოგწონს და გაინტერესებს. ჰოდა, დავიწყოთ - მე რამდენიმე მიმართულებაზე გეტყვით მოკლედ, არჩევანი თქვენზე იყოს.

ავტობიოგრაფია

ხომ არსებობენ უნივერსალურად აღიარებული წყვილები: კინოდარბაზი და პოპკორნი, ტყეში დანთებული ცეცხლი და ისტორიები მოჩვენებებზე, კირკი და სპოკი… კომიქსები და ავტობიოგრაფიული თხრობაც ასეთი იდეალური წყვილია; განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ტექსტი და არტი ერთ ავტორს ეკუთვნის. ამის მიზეზებზე ბევრი დაწერილა და ყველა, ასე თუ ისე, ერთზე თანხმდება: ადამიანის მოგონებები დანაწევრებული და ფლუიდურია - ფაქტებზე და მოვლენებზე მეტად, ფერებით, სუნებითა და შეგრძნებებითაა გაშუალებული. ხატებისა და სიტყვების ერთობა კი ამ ბოლომდე მოუხელთებელი ფენომენის მაქსიმალური სიზუსტით გადმოცემის საშუალებას იძლევა. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ კრიტიკულად აღიარებული კომიქსების უმრავლესობა სწორედ ავტობიოგრაფიული ჟანრისაა.

თჰი ბუის 2017 წლის ავტობიოგრაფიული რომანი, The Best We Could Do: An Illustrated Memoir, ომის სისასტიკით განაწამები ოჯახის ისტორიას გვიყვება.

ფოტო: Abrams ComicArts

როგორც შეგპირდით, MAUS-ისა და პერსეპოლისის მსგავს ტექსტებზე საუბრით თავს არ შეგაწყენთ. მათ უჩემოდაც მიაგნებთ. მე ვიეტნამიდან ამერიკაში იმიგრირებული ავტორის, თჰი ბუის 2017 წლის ავტობიოგრაფიული რომანის, საუკეთესო, რაც შევძელით: ილუსტრირებული მემუარები, წაკითხვას გირჩევთ. ეს უსაზღვროდ ინტიმური და, ამავე დროს, პოლიტიკურად დამუხტული დრამა ერთი ოჯახის სამი თაობის ისტორიის მოყოლით ვიეტნამის ომის სისასტიკესა და აბსურდულობას ხდის ფარდას. უცხო მიწაზე და უცხო კულტურაში ადაპტაციის ამბავი კი ომის იმ შედეგებზე გვაფიქრებს, რომელიც საბრძოლო მოქმედებების დასრულების მერე, ათწლეულების განმავლობაში ტოვებს ადამიანის ცხოვრებაზე ნაკვალევს.

დამატებითი რეკომენდაციები: კრეგ ტომპსონის The Blankets, 2003 წელი; რაინა ტელგემიერის Smile, 2010 წელი; პოლ დინის Dark Night: A True Batman Story, 2016 წელი.

პოლიტიკური სატირა

სატირის ცალკე ჟანრად გამოყოფა საკამათო ამბავია, მაგრამ კომიქსების ისტორია იმდენადაა გადაჯაჭვული პოლიტიკურ კომენტართან, რომ ცალკე ერთი-ორი სიტყვის თქმას ნამდვილად იმსახურებს. კომიქსების ფურცლებზე ფერად-ფერადი სუპერგმირების გამოჩენისთანავე ფანტასტიკური სიუჟეტების უკან რეალურზე რეალური პრობლემები და ავტორებისეული პოზიცია იკითხებოდა. ამის ყველაზე შთამბეჭდავი მაგალითი მარველის იქს-ადამიანების სამყაროა, სადაც გენეტიკური მუტაცია ადამიანთა ჯგუფის საზოგადოებიდან გარიყვის წინაპირობა ხდება. თუ გავიხსენებთ, რომ სტენ ლიმ იქს-ადამიანები 1963 წელს, ამერიკაში სამოქალაქო უფლებებისთვის ბრძოლის გადამწყვეტი ფაზის დროს შექმნა, სოციუმიდან გარიყული მუტანტების ალეგორია მარტივად გასაგები ხდება.

დღეს კომიქსების ავტორებს აღარ სჭირდებათ პოლიტიკური პოზიციის თვალისმომჭრელი კოსტუმებით შეფუთვა იმისათვის, რომ მკითხველს მწვავე პოლიტიკური სატირით გაუმასპინძლდნენ. ნიკ დრენასოს 2018 წლის საბრინას პოპულარობა ამის ილუსტრაციაა. საბრინა პირველი კომიქსია, რომელიც ბუკერის პრემიის გრძელ სიაში მოხვდა და - დამსახურებულადაც. ის თანამედროვე სამყაროს მანკიერებებს შეუბრალებელი პირდაპირობით და ჩამთრევი თხრობით აშიშვლებს.

ნიკ დრენასოს 2018 წლის გრაფიკული რომანი, Sabrina, მინიმალისტური არტისა და დაძაბული შინაარსის ბალანსირებით გადმოსცემს სათქმელს.

ფოტო: Granta Publications

ერთი შეხედვით, საბრინაში ბევრი არაფერი ხდება: ახალგზარდა გოგო უჩინარდება. მის ახლობლებს ამ ტრაგედიასთან გამკლავების მისაღებ ფორმებს საინფორმაციო გამოშვებები და ონლაინ მომხმარებლები კარნახობენ. მორჩა, სულ ესაა. მაგრამ ამ თითქოსდა მარტივი სიუჟეტური ხაზის მიუხედავად, საბრინას პირველი გვერდის გადაშლისთანავე მკითხველი გილიოტინაზე დებს თავს და უკანასკნელ გვერდამდე შეძრწუნებული ელოდება დანის პირის კისერზე დაშვებას. ტრაგედიას, რომელიც რეალურად ორი ადამიანის საკუთრებაა, ისევე სასტიკად და უცერემონიოდ იტაცებს საზოგადოება, როგორც საბრინა გაიტაცა უცნობმა ადამიანმა. ამ შეგრძნებას დრენასოს ხატვის მინიმალისტური სტილი აძლიერებს: წერტილ-ტირეებით აწყობილი, უემოციო სახეები, დეტალებისგან დაცლილი, უსახური ინტერიერი საყოველთაო უნუგეშობისა და აბსოლუტური სიმარტოვის განცდას ტოვებს.

დამატებითი რეკომენდაციები: არნოლდ დრეიკის და ლესლი უოლერის It Rhymes with Lust, 1950 წელი; მაქს ბემისის Evil Empire, 2014 წელი; ალექს ლეტნერის PARADOX: Super Indy, 2016 წელი.

სოციალური კომენტარი

პოლიტიკური სატირის ერთი კონკრეტული მიმართულება, რომლისადმიც კომიქსების სამყარო განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენს, გენდერული თანასწორობაა. ის, რომ მსოფლიო ლიტერატურაში დამოუკიდებელი, სამგანზომილებიანი ქალი პროტაგინისტების სისტემურად დაბადება ხელოვნების ამ დარგმა ითავა, შემთხვევითობას ნამდვილად არ წარმოადგენს. სევდიანი ამბავი კია, მაგრამ ფაქტია, რომ კაცობრიობამ ძლიერი ქალის მხატვრული სახის მიღება და გადახარშვა ფანტასტიკურ კონტექსტში - დრომიღმულ სივრცეში ან შორეულ მომავალში - შეძლო (მოგვიანებით კინომაც მსგავს ტაქტიკას მიმართა - დამოუკიდებელი ნებელობის მქონე ქალი პერსონაჟები ვარსკვლავური ომების, უცხოს და ტერმინატორის სამეცნიერო ფანტასტიკურ სამყაროებში დაიბადნენ).

რემი ბოიდელის 2018 წლის სადებიუტო რომანში, The Pervert, ანთროპომორფული პერსონაჟების სევდიან თავგადასავლებს ვეცნობით.

ფოტო: Image Comics

ვანდერ ვუმენისა და ში-ჰალკის მსგავსი სუპერგმირი ქალი პროტაგინისტების თავგადასავლების გარდა, კომიქსებისთვის სექსუალური უმცირესობების წარმომადგენელთა სამგანზომილებიანი რეპრეზენტაციაც არაა უცხო ხილი. ეს იმიტომ, რომ კომიქსების ენა ფაქიზ თემებზე თამამად საუბრის საშუალებას იძლევა. მაგალითად, რემი ბოიდელის გასული წლის სადებიუტო რომანი, გარყვნილი, სიეტლში მცხოვრები და პროსტიტუციით თავის მარჩენალი ტრანსი გოგოს სევდიან ისტორიებს შპიგელმანისეული მეთოდით გვიყვება. ბოიდელის პერსონაჟები ანთროპომორფული ცხოველები არიან, რაც ემოციურად მძიმე და მოსასმენად უხერხულ ისტორიებს შედარებით მარტივად წასაკითხს კი ხდის, მაგრამ ეფექტს ნამდვილად არ ასუსტებს. მსგავი მოჩვენებითი სიმსუბუქე მკითხველის ცნობიერებაში ერთი შეხედვით შეუმჩნეველ, თუმცა კი ღრმა კვალს ტოვებს.

დამატებითი რეკომენდაციები: ელისონ ბეჩდელის Fun Home: A Family Tragicomics, 2006 წელი; ჯი უილოუ უილსონის Ms. Marvel: No Normal, 2014 წელი; ედ ლუსის Wuvable Oaf, 2015 წელი.

სამეცნიერო ფანტასტიკა

ბევრისთვის კომიქსები სწორედ ამ ჟანრთან ასოცირდება. მიზეზი რთულად ამოსაცნობი არაა: ავტობიოგრაფიების მსგავსად, აქაც დარგის ფორმალისტური მახასიათებლებია დამნაშავე. სამეცნიერო ფანტასტიკამ ლიტერატურისა და კინოს გზაშესაყარზე იმიტომ იპოვა იდეალური გამომსახველობითი ფორმა, რომ მისთვის ფილოსოფიური წიაღსვლები და ვიზუალური გამომსახველობა ლამის თანაბრად მნიშვნელოვანია. ამიტომ არც ისაა გასაკვირი, რომ ნამდვილ შედევრებს კომიქსების სამყაროში ყველაზე ხშირად ამ ჟანრში წააწყდები.

ბრაიან ვონის შედევრის, Saga-ს პერსონაჟებს კომიქსთა მკითხველები პირველად 2012 წელს შეხვდნენ.

ფოტო: Image Comics

ბრაიან ვონისა და ფიონა სტეიპლის 2012 წელს დაწყებული ამბავი, საგა, აი, იმ გენიალურ ტექსტებს შორისაა, სტატიის დასაწყისში რომ გაგაფრთხილეთ, ზედმეტად დიდ მოლოდინებს გაგიჩენთ კომიქსების მიმართ-მეთქი. ეს ბერძნული მითის სადარი კოსმოსური ოდისეაა, სადაც ჩვენი თანამედროვეობის ყველა სიქველესა და ყველა მანკიერებას ერთად მოუყრია თავი. საგა აკრძალული სიყვარულის ამბავია, ამ სიყვარულის ნაყოფისვე პირით მოყოლილი. და თუ როგორღაც ისე მოხდა, რომ ცხოვრებაში მხოლოდ ერთი კომიქსის წაკითხვა გადაგიწყვიტათ ფატუმმა, წარბშეუხრელად გეტყვით - საგა წაიკითხეთ.

დამატებითი რეკომენდაციები: ალეხანდრო ხოდოროვკსის The Incal, 1980 წელი; უორენ ელისის Transmetropolitan, 1997-2002 წლები; ჯონ ჰიკმანის East of West, 2013 წლიდან.

ფენტეზი

თუ სამეცნიერო ფანტასტიკა მომავალს ან ალტერნატიულ რეალობას პოლიტიკური კრიტიკისთვის წარმოიდგენს, ფენტეზი ესკაპისტური ლიტერატურაა. მომნუსხველი ვიზუალის და ემპირიული რეალობისგან სხვადასხვა დოზით დაშორებული სამყაროს დამაჯერებელი სურათის დახატვა ამ ჟანრისთვის წარმატების გარანტია. კომიქსის ფორმატი კი ორივე მიზანს შესანიშნავად ემსახურება. ის, ერთი მხრივ, მხატვრის ფანტაზიას აძლევს სრულ გასაქანს, მეორე მხრივ კი, მწერალს სამყაროს ნელი ტემპით და დეტალებზე დაკვირვებით აშენების შესაძლებლობას აძლევს.

2014 წელს დაწყებულ გრაფიკულ რომანში, The Wicked + The Divine, გილენ მაკკელვის ჩამთრევ ამბავს უილსონ ქოულესისა და თანედროვე კომიქსთა სამყაროს სხვა წამყვანი მხატვრების განუმეორებელი არტი ამშვენებს.

ფოტო: Image Comics

წარმოიდგინეთ, რომ ცხოვრობთ რეალობაში, სადაც ყოველ ოთხმოცდაათ წელიწადში სხვადასხვა კულტურის მითოლოგიებიდან თორმეტი ღმერთი დედამიწაზე მოზარდის სხეულში რეინკარნირდება. ისინი უყვართ. ისინი სძულთ. ორ წელიწადში ისინი მკვდრები არიან… გილენ მაკკელვის მითში, ცოდვილნი და უმწიკვლონი, დევიდ ბოუის, პრინცის, რიანას, კანიე ვესტის და სხვა პოპ-ვარსკვლავების მსგავს სხეულებში რეინკარნირებული ღმერთების დებოშით, სკანდალით, დრამითა და მკვლელობებით სავსე ცხოვრება თინეიჯერი ფანი გოგოს, ლორას პერსპექტივიდან არის მოთხრობილი. უილსონ ქოულესის არაამქვეყნიური სილამაზის არტი კი - გადაპრიალებული პოსტერების ყველასთვის ნაცნობი კოდებით რომ თამაშობს - კითხვის პროცესს ყველა ასაკის ადამიანისთვის დაუვიწყარს ხდის.

დამატებითი რეკომენდაციები: ნილ გეიმანის The Sandman, 1989 წლიდან; სტივ დილონის Preacher, 1995-2000 წლები; მეთ ფრექშენის Sex Criminals, 2013 წლიდან.

ჰორორი და მისტიკა

სიმართლე გითხრათ, ჰორორი ერთადერთი ჟანრია, რომლის ვერც შეყვარება შევძელი და, თუ თან სოციალური კომენტარი არ ახლავს, ვერც დაფასება. ამიტომ დიდად ვერც კომიქსის ფორმაში შეფუთულმა მოიგო ჩემი გული. თუმცა, ეს გემოვნების საკითხია და ჰორორის მოყვარულებს ამის გამო არ გაგანაწყენებთ - ჩემი ნეიტრალური დამოკიდებულება ჟარისადმი თქვენთვის კარგი წიგნების რჩევაში ხელს არ შემიშლის.

ჩარლზ ბარნსის კლასიკად ქცეული ჰორორი, Black Hole, სოციალურ პრობლემებზე შემზარავი ილუსტრაციებისა და სევდიანი ისტორიის დახმარებით საუბრობს.

ფოტო: Fantagraphics Books

ოდნავ სუბიექტური აქაც ვიქნები და, პირველ რიგში, ჟანრის კლასიკას, ჩარლზ ბარნსის შავ ხვრელს გირჩევთ. შავ-ბნელი ისტორიები და შემზარავი ვიზუალი აქ კონკრეტული სოციალური პრობლემის წარმოჩენისათვის შექმნილი ფონია. ტექსტი, სადაც შიდსის ალეგორიად გამოყენებული საზარელი დაავადება 1970-იანი წლების სექსითა და ნარკოტიკებით გაბრუებულ ახალგაზრდობას ეპიდემიასავით ედება, რიგით დიდაქტიკურ შეგონებაზე მეტია. ეს კრონენბერგისეული სხეულის ჰორორი კონკრეტული პრობლემის მიღმა მიდის და იმ ყოვლისმომცველი მარტოობისა და უსუსურობის შეგრძნებებზე გვიყვება, ყველას რომ დაგვსტეხია თავს მოზარდობისას.

დამატებითი რეკომენდაციები: ალან მურის From Hell, 1999 წელი; ჯო ჰილის Locke & Key, 2008-2013 წლები; მაქსველ პრინსის Ice Cream Man, 2018 წლიდან.

ამავე თემაზე:

ვის ეშინია კომიქსების?


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 12 ქვეყნის უმაღლესი შეფასება ანდრიას — საბავშვო ევროვიზიის შედეგები დეტალურად
  2. ქვიზი: გამოიცანი ხილი გამოცანით და მის ერთ დადებით თვისებას გეტყვით
  3. საქართველო საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებულია
  4. მიხეილ ჯავახიშვილის 10 ფრაზა, რომლებიც ყოველთვის უნდა გვახსოვდეს
  5. მზად ვართ, საბავშვო ევროვიზიას ვუმასპინძლოთ — საზმაუს დირექტორი

გირჩევთ

ახლა კითხულობენ