შესაძლოა, უდიდესი მარსული მეტეორიტი აუქციონზე გაიყიდოს — რა ეღირება ის

ფოტო: Sotheby's
მიმდინარე თვეში სოტბის აუქციონია დაგეგმილი, რომლის განმავლობაშიც, შესაძლოა, მარსული მეტეორიტი გაიყიდოს. ის ყველაზე დიდი ასეთი ფრაგმენტია, რომელიც დედამიწაზე წითელი პლანეტიდან მოხვდა და მისი ოფიციალური სახელი NWA-16788-ია.
მეტეორიტი 24.67 კილოგრამს იწონის, რითაც ის წინა რეკორდის მფლობელ Taoudenni 002-ს ახლოებით 70%-ით აღემატება. ეს უკანასკნელი 2021 წელს მალიში აღმოაჩინეს და მისი წონა 14.51 კილოგრამია.
რაც შეეხება NWA-16788-ს, მას 2023 წლის ნოემბერში ნიგერის აგადესის რეგიონში მიაკვლიეს, რომელიც დინოზავრების ნამარხებითაა ცნობილი. შანხაის ასტრონომიულმა მუზეუმმა იქ გაგზავნილი მცირე ნატეხის გამოკვლევით მისი მარსული წარმომავლობა დაადასტურა. მნიშვნელოვანია, რომ ეს მეტეორიტი დედამიწაზე მოხვედრის გამო მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, ანუ ფიზიკური და ქიმიური მახასიათებლები მეტწილად შეინარჩუნა. ეს მიანიშნებს, რომ იგი ხმელეთზე ახლო წარსულში ჩამოვარდა.
მასში მინის მსგავსი მინერალის, მასკელინიტის, მაღალი შემცველობაა და რამდენიმე ადგილი შეჯახების შედეგად დამდნარიცაა. აქედან ასკვნიან, რომ იგი მარსიდან მაშინ გამოიტყორცნა, როცა ამ პლანეტას ასტეროიდი შეეჯახა. სოტბის აღწერის მიხედვით, ეს მეტეორიტი მარსის მაგმის ნელი გაციების შედეგად წარმოიქმნა; მას მტკიცე, უსწორმასწორო სტრუქტურა აქვს და სხვა მინერალებსაც შეიცავს, როგორიც ოლივინი და პიროქსენია.
ამ ნიმუშის გაყიდვას მეცნიერთა ნაწილი არ ეთანხმება. მათო აზრით, მისი ადგილი მუზეუმშია და არა რომელიმე ოლიგარქის საცავში. ის უნდა შეისწავლონ და ადამიანებმა მისი დათვალიერება შეძლონ. მეორე ნაწილი ფიქრობს, რომ მომავალმა მფლობელმა, შესაძლოა, სამეცნიერო კვლევებს სულაც არ შეიშალოს ხელი და სპეციალისტებთან ითანამშრომლოს.
ასეა თუ ისე, სოტბის აუქციონი 16 ივლისს დაიწყება, მეტეორიტის სავარაუდო ღირებულება კი 4 მილიონ დოლარამდეა.
კომენტარები