ანაფორებით, ჩოხებითა და ხატებით ოჯახის სიწმინდის დასაცავად
უკვე მეხუთე წელია, რაც საპატრიარქო ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავს. დღესასწაული პატრიარქმა მას შემდეგ დააწესა, რაც 2013 წელს ძალადობრივმა ჯგუფებმა და ანაფორაში შემოსილმა პირებმა მშვიდობიანი ანტიჰომოფობიური აქცია დაარბიეს.
წელს ლგბტქი ადამიანებმა ჰომოფობიასთან, ტრანსოფობიასთან და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე არ აღნიშნეს. მიზეზი წლების განმავლობაში მიღებული გამოცდილებაა. უსაფრთხოდ შეკრებას მხოლოდ რამდენიმე ასეული პოლიციელის კორდონს მიღმა ახერხებდნენ, საპირწონედ დაარსებულ დღეზე კი საპატრიარქოს ორგანიზებით, მასშტაბური მსვლელობები ეწყობოდა.
წლევანდელ მსვლელობისთვის, საპატრიარქომ და მისმა დაქვემდებარებულმა ორგანიზაციებმა ხალხი საღამოს ხუთი საათზე რესპუბლიკის მოედანზე შეკრიბეს. პარასკევს, სამუშაო საათების მიუხედავად, ტერიტორიაზე 10 ათასობით ადამიანი შეიკრიბა.
სანამ საორგანიზაციო დეტალები ზუსტდებოდა და ხალხს მსვლელობისთვის ამზადებდნენ, სიტუაცია დაიძაბა. კლუბ ივერიას ვერანდაზე მყოფ პირს მსვლელობის რამდენიმე მონაწილე სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და ემუქრებოდა: "რა გაცინებს, ჩამოგათრევ და მოგი***ავ პატრონს".
სიტუაციის დარეგულირება ჯერ მამა შალვა კეკელიამ სცადა, შემდეგ პოლიციის თანამშრომლებმა. საბოლოოდ, პოლიციამ აგრესიული პირები დააშოშმინა, მამაომ კი ტერიტორიიდან გაიყვანა.
რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილები ორ ნაწილად იყვნენ გაყოფილები. პირველ ნაწილს მღვდლები ხელმძღვანელობდნენ, მეორეს კი საპატრიარქოს ახალგაზრდული ფრთა დავითიანი.
"ოჯახის სიწმინდის დაცვის" იდეა ქართველმა ბაიკერების ნაწილმაც გაიზიარა.
იმისთვის, რომ წყობა არ დაეკარგათ მსვლელობის მონაწილეები სამი მხრიდან თოკებით იყვნენ შემოსაზღვრული, რომელიც გვამცნობდა, რომ 17 მაისი ოჯახის დღეა.
მსვლელობას მღვდლები ხატებით და საკმევლით მიუძღვებოდნენ.
სწორი რიგის შენარჩუნებასა და კადრის არგაფუჭებაზე კოორდინატორები ზრუნავდნენ. თითოეულ მათგანს სპეციალური საშვი ჰქონდა, რომელიც, მათი განმარტებით, უფლებას აძლევდათ ჟურნალისტები და ფოტოგრაფები მსვლელობის წინ არ დაეტოვებინათ და გვერდით მხარეს გადაეყვანათ.
გარდა ამისა, ხალხის მასას გზას უკვალავდა მანქანა, საიდანაც კაცი ხალხს 17 მაისს ულოცავდა და ამცნობდა, თუ ვინ უერთდებოდა მსვლელობას.
რუსთაველის გამზირზე ღონისძიებას პატრიარქის მიერ დალოცილი საგვარეულოს წევრები შეუერთდნენ. ისევე, როგორც შემდგომ გამოჩენილი ჯგუფები, გვარების წარმომადგენლები წინასწარ შეთანხმებული წესების მიხედვით ჩადგნენ რიგში.
მსვლელობა მუსიკის ფონზე გაგრძელდა. ქართულ ფოლკლორთან ერთად, დინამიკებში ესტრადის მომღერლების შემოქმედება ისმოდა.
პირად საუბრებში ისევ განიხილავდნენ ლგბტქი თემის ცხოვრების სტილს. ვერ მალავდნენ ბედნიერებას იმის გამო, რომ "თავისუფლად პარპაშის" უფლება არ მისცეს. ისევ გაჟღერდა "სახლში, რაც უნდათ ის აკეთონ, აქ არაფერი ესაქმებათ".
მსვლელობას პატრიარქის ჩოხოსნები შეუერთდნენ.
რუსთაველზე გამოჩნდა მსოფლიო ჩემპიონი და არაერთგზის რეკორდსმენი ლაშა ტალახაძეც. სპორტსმენმა განაცხადა, რომ ყოველ წელს ცდილობს მსვლელობაში მონაწილეობის მიღებას და მოხარული იქნება, თუ უფრო მეტი ადამიანი ჩაერთვება ღონისძიებაში.
პარლამენტთან კიმონოებში ჩაცმული "წმინდა გიორგის რაინდები" ელოდნენ მსვლელობას.
თავისუფლების მოედანზე კი მრევლს ქართული ცეკვის ანსამბლები შეუერთდნენ.
გზად უცხოელი ტურისტების კითხვის პასუხად, მსვლელობის მონაწილეები ამბოდნენ, რომ საქართველო ეროვნულ დღესასწაულს ზეიმობს.
სიცხის მიუხედავად, მსვლელობა არც შეფერხებულა და არც ხალხის რაოდენობა შემცირებულა.
პირიქით, გაიზარდა. ოჯახის სიწმინდის დასაცავად ქართველი წყალბურთელებიც გამოვიდნენ.
მსვლელობა სამებას მიუახლოვდა. მიმდებარე ქუჩების სივიწროვის გამო ეკლესიაში შესვლის პროცესი გაჭინაურდა. სამების კიბეებზე მღვდელმთავრები მზეს იჩრდილავდნენ და მრევლს ათვალიერებდნენ.
"დააჩქარეთ", — დაავალეს მათ რამდენიმე სტიქაროსანს. დანაბარები კი გადასცეს, მაგრამ ვერ შასრულეს.
საბოლოოდ, მრევლი ეკლესიაში შევიდა. ატყდა ჩოჩქოლი წინა რიგების დასაკავებლად და პატრიარქის დასანახად. ბევრმა მათგანმა არ იცოდა, რომ ილია მეორემ საზეიმო პარაკლისი უკვე დაასრულა.
პატრიარქმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბედნიერი მხოლოდ კანონიერი ოჯახია. კანონიერ ოჯახად კი მან მხოლოდ "დედაკაცისა და მამაკაცის ერთობა" მოიხსენია.
ბოლოს საკურთხევლიდან გამოსულმა პატრიარქმა სამჯერ შესძახა: "ქრისტე აღსდგა". "ჭეშმარიტად" გაისმა პასუხად და პატრიარქი ტაძრიდან გავიდა. თანმხლებმა პირებმა ის კონცერტზე ჩაიყვანეს. ეკლესიაში ძლივს შესულმა მრევლმა, უკან გასვლა დაიწყო.
ამ დროს ყურადღების ცენტრში მოექცა რაინდად ნაკურთხი ბიზნესმენი ლევან ვასაძე. მასთან ფოტოს გადაღების მსურველების გარდა, მთხოვნელების რიგიც დადგა.
"ჩემი რეკომენდაცია ამ ხელისუფლების პირობებში არათუ ხელს შეგიწყობთ, დაგაბრკოლებთ. ხომ იცით როგორები არიან", — ამ წინადადებით დაემშვიდობა დახმარების ორ მთხოვნელს ბიზნესმენი და სცენისკენ გადაინაცვლა.
გარეთ გამოსულმა მრევლმა ფოტოგადაღებისთვის დაიწყო მზადება. ღონისძიების ერთ-ერთი კოორდინატორი ჟურნალისტებს მითითებებს აძლევდა. საბოლოდ, კი განაცხადა, რომ პატრიარქის მიერ ნაკურთხი ერთ-ერთი ცნობილი ფოტოგრაფისთვის დაგვეთმო გზა, რადგან მასზე უკეთ მაინც ვერავინ გადაიღებდა.
ბარიკადებს მიღმა თავდაპირველად მხოლოდ საპატრიარქოს ტელევიზია შეუშვეს. ისინიც დიდი ხანი ცდილობდნენ აეხსნათ, საიდან იყვნენ.
კოორდინატორები არც პრესის ბარათს აქცევდნენ ყურადღებას და მოითხოვდნენ საშვს, რომელსაც ეწერებოდა, რომ ოჯახის სიწმინდის დღის გადაღების უფლება აქვს. რამდენიმეწუთიანი კამათის შემდეგ კოორდინატორი შეშვებას "არ გამხელის" პირობით დათანხმდა.
სცენის წინ შემაღლებულ სივრცეზე, რომელიც ჯებირებით იყო შემოსაზღვრული, მღვდლემთავრებისთვის განკუთვნილი ოცდაათიოდე სკამი იდგა.
მაყურებლების ნაწილი ვერც მღვდელმთავრების უკანა მხრიდან ხედავდა კონცერტს, რადგან აქ საქართველოს, საპატრიარქოს და დავითიანის დროშები ფრიალებდა.
საბოლოოდ, ერთთ მხარეს გადაინაცვლეს და ეკრანებზე აკვირდებოდნენ იმას, რაც სცენაზე ხდებოდა.
სტიქაროსნები და დავითიანის წევრები მაყურებლებს ტკბილეულით გაუმასპინძლდნენ.
"საერთოდ არ იყვნენ საჭირო ის მომღერლები, ვინც უარი თქვა", — ეუბნებოდნენ ერთმანეთს მაყურებლები, რომლებსაც კონცერტი მოსწონდათ.
ჯგუფ ალილოს შემდეგ პატრიარქისთვის ანსამბლმა ერისიონმა იმღერა. მათმა სამხატვრო ხელმძღვანელმა, შერმადინ ჭკუასელმა განაცხადა, რომ კონცერტში მონაწილეობის მიღებაზე "ერთი წუთითაც არ დაფიქრებულა" და ოჯახის სიწმინდე ის ძალაა, რომლისთვისაც ბრძოლა ღირს.
ანსამბლის დამაარსებელი ჯემალ ჭკუასელი კონცერტს მღვდელმთავრებისთვის გამოყოფილი სივრცის წინა რიგიდან აკვირდებოდა.
კონცერტზე წარსდგა ეროვნულ ნაციონალური ბალეტი სუხიშვილებიც.
მათ არაერთი ქართული ცეკვა შეასრულეს. მათ შორის ილიკო სუხიშვილის ახალი კომპოზიციაც.
ნინო სუხიშვილმა არ ისურვა საუბარი იმაზე, თუ რას ფიქრობენ საზოგადოების კრიტიკაზე. ამ კითხვებს თავი ილიკო სუხიშვილმაც აარიდა. სამაგიეროდ, მან პირველ არხს განუცხადა, რომ კარგი იქნება თუ ყოველ წელს 17 მაისს კონცერტები დაიგეგმება და შეძლებენ ქვეყანას ერთი ახალი ცეკვა აჩუქონ.
ოჯახის სიწმინდის დღის აღნიშვნა დაახლოებით 10 საათზე დასრულდა. 11 საათისთვის ეკლესიის ეზო დაიცალა.
"ხვალ სამსახურში იმდენი საქმე მაქვს, დღევანდელიც ასანაზღაურებელი", — ამ სიტყვებით ტოვებდა მრევლის ნაწილი ეკლესიას.
კომენტარები