ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა შორეული გალაქტიკიდან მომავალი ულტრაიისფერი კაშკაშა სინათლე დააფიქსირა, რომელმაც ჩვენამდე მოსაღწევად ახალგაზრდა სამყაროს ნისლეული "გაარღვია". ეს მიანიშნებს, რომ უძველესმა ვარსკვლავებმა გარემომცველი კოსმოსი იმაზე ადრე შეცვალა, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა.

ამ მიგნების მნიშვნელობა უკეთ რომ გავიგოთ, დიდი აფეთქების შემდგომ პერიოდს უნდა დავუბრუნდეთ, როცა სამყარო პროტონების, ნეიტრონებისა და ელექტრონებისგან შედგებოდა. გაგრილების პარალელურად პროტონები და ნეიტრონები გაერთიანდა, შედეგად კი დადებითად დამუხტული წყალბადის იონები მივიღეთ. ამ უკანასკნელმა უარყოფითად დამუხტული ელექტრონები მიიზიდა და ნეიტრალური წყალბადის ატომების ნისლი წარმოქმნა. ის მოკლე ტალღების მქონე სინათლეს შთანთქავდა და მას საშუალებას არ აძლევდა, რომ დიდ მანძილებზე გაეღწია. მათ შორისაა ულტრაიისფერი სპექტრის გამოსხივებაც.

ეს დიდხანს არ გაგრძელებულა. პირველი ვარსკვლავებისა და გალაქტიკების ფორმირებამ საკმარისი ულტრაიისფერი სინათლე გამოყო იმისთვის, რომ ელექტრონები ისევ წყალბადის ატომებს დაჰბრუნებოდა. ამის გამო სხივებმა ნისლი გაარღვია, რაც რეიონიზაციის ეპოქაში მოხდა.

ეს პერიოდი დიდი აფეთქებიდან დაახლოებით 1 მილიარდი წლის შემდეგ დასრულდა, მაგრამ მისი დასაწყისი ბურუსითაა მოსული (პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით). შესაძლოა, ამ დროითი მიჯნის დადგენაში სწორედ ახალი გალაქტიკის აღმოჩენა დაგვეხმაროს.

სამყაროს ევოლუცია ბნელი ეპოქიდან რეიონიზაციამდე.

ფოტო: Getty

მისი სახელი JADES-GS-z13-1-ია და ისეთს ვხედავთ, როგორიც 330 მილიონი წლის სამყაროში იყო. ვების მონაცემებში ასტრონომებმა ე.წ. ლაიმან-ალფას კაშკაშა სპექტრული ემისია შენიშნეს, რომელსაც წყალბადი გამოყოფს. მართალია, ეს გამოსხივება თავდაპირველად ულტრაიისფერი იყო, თუმცა სამყაროს გაფართოებამ ის ინფრაწითელ სპექტრში გადაიყვანა. ამგვარი სინათლის მიმართ კი ვები განსაკუთრებით მგრძნობიარეა.

ჩვენამდე ლაიმან-ალფას ემისიის მოსაღწევად გალაქტიკაში წყალბადის აირის საკმარისად რეიონიზაცია იქნებოდა საჭირო. სხვაგვარად ულტრაიისფერი სინათლე ნისლს ვერ გაარღვევდა. მეცნიერებისთვის ასეთ ახალგაზრდა კოსმოსში მსგავსი პროცესის კვალის მიგნება მოულოდნელი იყო, რადგან ეს ადრეული გალაქტიკების ფორმირების თეორიებს არ შეესაბამება.

ასტრონომები ფიქრობენ, რომ ლაიმან-ალფას ემისია, შესაძლოა, ძალიან ცხელ და მასიურ ვარსკვლავებს წარმოექმნა, ანდაც — ზემასიურ შავ ხვრელს. ამის მიუხედავად, ზუსტი პასუხი ჯერ არ აქვთ.

მათი ნაშრომი გამოცემაში Nature გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.