NASA-ს მარსმავალმა Perseverance ცოტა ხნის წინ უცნაური ობიექტი შენიშნა. ესაა ქვა, რომელიც ობობას ასეულობით კვერცხის გროვას მოგვაგონებს. ის ეზეროს კრატერის კიდეზე, ვიჩ ჰეიზელის გორაზე, აღმოაჩინეს. ქვა წითელი ქვიშით მსუბუქადაა დამტვერილი და გარემოს აშკარად არ შეესაბამება.

მას გუნდმა "Saint Paul’s Bay" დაარქვა. ის ისეთ ქვებს მიეკუთვნება, რომლებიც იქ არ აღმოუჩენიათ, სადაც წარმოიშვა. შესაბამისად, არ გვაქვს მინიშნებები, რომლებიც მის უცნაურ ტექსტურას ახსნიდა, აღნიშნავს NASA. შესაძლოა, ქვის გადაადგილების გამომწვევმა მიზეზმა მარსის შესახებ ახალი ინფორმაციის მოპოვება გაამარტივოს.

არსებობს ვარაუდი, რომ ქვა მაშინ წარმოიშვა, როდესაც პლანეტაზე მეტეორიტი ჩამოვარდა. შედეგად კლდოვანი მასა ჯერ აორთქლდებოდა, შემდეგ კი ხელახლა გამკვრივდებოდა და პატარა გრანულებად გარდაიქმნებოდა. თუ ეს მართლა ასე იყო, მეცნიერებს მიეცემათ შანსი, შეისწავლონ, როგორ გადაადგილდება მარსზე ობიექტები.

ფოტო: Live Science

NASA-ს თანახმად, ასევე შესაძლებელია, რომ ქვა ვიჩ ჰეიზელიდან დაგორებულიყო. ვარაუდობენ, რომ ის ამ გორის ერთ-ერთი მუქი ფენისგან წარმოიშვა, რომელიც მეცნიერებმა ორბიტიდან აღმოაჩინეს. ვიჩ ჰეიზელის უფრო დეტალურმა შესწავლამ შეიძლება აჩვენოს, რისგან შედგება ეს მუქი ფენები. თუ ისინი აღმოჩენილი ქვის მსგავსი შედგენილობისაა, არაა გამორიცხული, ვულკანურ შრეზე, მეტეორიტთან შეჯახებაზე ან მიწისქვეშა წყლების არსებობაზე მიგვითითებდეს.

აღმოჩენილი ქვები მეცნიერებს მნიშვნელოვან მინიშნებებს აძლევს იმაზე, თუ როგორ შეიცვალა დროთა განმავლობაში წითელი პლანეტა. მათი წარმოშობა და გადაადგილება წყალს, ქვასა და სხვა გეოლოგიურ ძალებს შორის კომპლექსურ ურთიერთობებს ცხადყოფს. ეს მკვლევრებს დაეხმარება პასუხი გასცენ კითხვას, არსებობდა თუ არა მარსზე სიცოცხლე.

თუ ვიჩ ჰეიზელი ზედაპირქვეშა წყლებს შეიცავდა, მაშინ Perseverance-ის მიერ შეგროვებული ნიმუშები შეიძლება ნამარხ მიკრობულ სიცოცხლეს ინახავდეს. 2030 წლისთვის NASA ნიმუშების დედამიწაზე ჩამოტანას გეგმავს, რათა ისინი დეტალურად შეისწავლოს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.