მასკმა პლატფორმა X "გაყიდა" და თავადვე "შეიძინა" — ფორმალური გარიგების დეტალები

ფოტო: Shutterstock
როგორც ჩანს, ილონ მასკმა თავის საკუთრებაში არსებული ერთი კომპანია მეორეს "გადასცა" — ხელოვნურ ინტელექტზე (AI) მომუშავე კომპანიამ, xAI-მ, სოციალური ქსელი X შეიძინა.
ცნობისთვის, 2022 წელს მასკმა Twitter $44 მილიარდად იყიდა, შემდეგ კი მას სახელი გადაარქვა და X უწოდა. სოციალური ქსელის ღირებულებამ მას შემდეგ $11 მილიარდით იკლო.
ახალი გარიგების შესახებ მასკმა X-ზე დაწერა. მისი განმარტებით, ტრანზაქცია სრულად აქციებით განხორციელდა; კომპანია xAI $80 მილიარდად შეფასდა, X კი — $33 მილიარდად (ეს რიცხვი მოიცავს $12-მილიარდიან ვალსაც, რომელიც მასკმა Twitter-ის შეძენისას დაიდო). ბიზნესმენი ირწმუნება, რომ ორი კომპანიის შერწყმით "უზარმაზარი პოტენციალი" ჩნდება, რადგან ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით xAI-ს დახვეწილი შესაძლებლობები X-ის მასიურ მონაცემთა ბაზასთან ერთიანდება.
მასკს არ გამოუვიდა, რომ X "ყველაფერი ერთში" აპლიკაციად ექცია, თუმცა იგი მჭიდროდ დაუკავშირა xAI-ს — AI კომპანიას, რომელიც მან 2023 წელს აამოქმედა. იგი ფიქრობდა, რომ Twitter-ის უზარმაზარ მონაცემთა ბაზასთან წვდომა xAI-ს დიდ უპირატესობას მისცემდა. მასკის AI ჩატბოტი, სახელად Grok, თავიდან X-ში ინტეგრირდა, მოგვიანებით კი ამ პლატფორმას გასცდა და Telegram-საც დაემატა.
ახლის მსგავსი გარიგება მასკს წარსულშიც დაუდია: 2016 წელს Tesla-მ $2,6 მილიარდად SolarCity შეიძინა. ამ უკანასკნელის უმსხვილესი ინდივიდუალური აქციონერი სწორედ მასკი იყო, მისი ბიძაშვილი ლინდონ რაივი კი — კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი. Tesla-ს სახელს ამის შემდეგ "Motors" ჩამოსცილდა.
ბოლო განცხადებაში მასკს აღარ უხსენებია, რომ X-ის ფინანსურ და მრავალფუნქციურ პლატფორმად გარდაქმნას გეგმავს. მეორე მხრივ, იგი კვლავ ირწმუნება, რომ ეს სოციალური ქსელი "ციფრული საჯარო მოედნის" როლს ასრულებს, ანუ დისკუსიებისა და სიტყვის თავისუფლების კერაა.
ცნობისთვის, იანვრის ინფორმაციით, xAI-ს თანამშრომლები X-ში აქამდეც მუშაობდნენ. კერძოდ, ისინი ამ კომპანიის ლეპტოპებს იყენებდნენ და კოდების ბაზასთან ჰქონდათ წვდომა. წარსულში მასკმა განაცხადა, რომ X-ის ინვესტორები xAI-ს 25%-ს მიიღებდნენ, თუმცა, იანვრის მდგომარეობით, ეს პირობა არ შესრულებულა.
კომენტარები