მენსტრუაცია — ესაა სიტყვა, რომელიც საჯარო სივრცეში იშვიათად გვესმის. ამ საკითხზე საუბარი ტაბუდადებულია. ალბათ, ყველას გვინახავს აფთიაქის რიგში მდგომი ქალი, რომელიც ჩურჩულით ყიდულობს ჰიგიენურ საფენს ან კაცი აფთიაქარის დანახვისას სხვაგან მიდის, შემდეგ შავ პარკში ავხვევს და ჩანთაში ჩუმად ინახავს.

ქალები ფიქრობენ, რომ მენსტრუაცია სამარცხვინოა და სამსახურსა თუ სახლში ამ საკითხით გამოწვეულ პრობლემებზე საუბარს გაურბიან, მუცელზე სათბურებს იკრავენ, გამაყუჩებლებით იჭყიპებიან და იტანენ ტკივილს. რეკლამებშიც კი, რომელიც ჰიგიენურ საფენებთან დაკავშირებით არის გადაღებული, წითელის ნაცვლად ლურჯ სითხეს იყენებენ.

რატომ არის მენსტრუაციაზე საუბარი რთული? — ამ კითხვაზე პასუხს ყველაზე კარგად თავად ქალები სცემენ. მათი გამოცდილება განსხვავებულია, ზოგს მშობელმა არ მიაწოდა ინფორმაცია, ზოგი სკოლაში დააბულინგეს კლასელმა გოგოებმა. შედეგად, მენსტრუაცია დღესაც ისევ ბევრი ქალისთვისაა ჯოჯოხეთი.

მარი კურტანიძე, 27 წლის

ფოტო: მარი კურტანიძე / Facebook

ფემინისტი აქტივისტი, მარი კურტანიძე ერთ-ერთია იმ ქალებიდან, რომელმაც სოციალურ ქსელში კამპანიაც დაიწყო და მენსტრუაციის შედეგად გამოწვეული ტკივილისა და პრემენსტრუალური (PMS) პერიოდის სირთულეებზე საჯაროდ დაწერა:

დილის 4 საათია...

თვალებს ძლივს ვახელ და ზუსტად ვერ ვხვდები რატო მეღვიძება...
ხელი მივავლ-მოვავლე, სისველეში მძინავს.

ისე მეძინება, მირჩევნია ამ სისხლში წოლა გავაგრძელო, მაგრამ მერე ლაქების ამოყვანა გაჭირდება.

ვიღებ თეთრეულს და ვრეცხავ, ლეიბს ვხეხავ და ძლივს ამომყავს უზარმაზარი ლაქა.
ვპოულობ კუთხეში მშრალად დარჩენილ ადგილს და კედელზე აკრული ვიძინებ.
გათენდა თვალებს ვახელ და ისევ სისველე, ისევ სისხლი...

პრემენსტრუალური სინდრომი

მნიშვნელოვანია, მენსტრუაციაზე ქალებმა ხმამაღლა ვისაუბროთ. თვის ნახევარი მენსტრუაციასთან არის კავშირში. გრძელი და ცუდი პრემენსტრუალური (PMS) სინდრომი მაქვს. როგორც კი PMS-ი სინდრომი მთავრდება, მენსტრუაცია მეწყება, რომელიც მტკივნეულია. პირველი რამდენიმე დღე საწოლიდან ადგომაც კი არ შემიძლია.

პრემენსტრუალური სინდრომი გუნება-განწყობაზე მოქმედებს, სევდიანი ვარ, დეპრესიის ნიშნები მაქვს 10 დღის განმავლობაში, ხალხთან კომუნიკაციის სურვილი მეკარგება, გაღიზიანებული ვარ, უიმედო მდგომარეობაში, ყველაფერზე მეტირება. მენსტრუაცია რომ მეწყება, ემოცია ტკივილში გადადის. ასევე იკლებს ჩემი შრომისუნარიანობა.

"ქალი ვარ"

პირველი მოსვლა ტრაგიკულად განვიცადე. მითხრეს, რომ "შენი ბავშვობა მთავრდება". 12 წლის ბავშვს რომ ეუბნები, უკვე ქალი ხარ იმიტომ, რომ სისხლი მოგდისო, ტრაგიკულია. მრცხვენოდა საუბარი და რაღაც პერიოდი ვმალავდი, რომ "გავიზარდე და ქალი ვარ".

სტიგმას ღრმა ფესვები აქვს და პატრიარქსაც უკავშირდება. რელიგიასთანაც ვავლებ პარალელს. ბავშვობიდან მესმოდა, რომ მენსტრუაციის დროს უწმინდური სხეული მქონდა და ეკლესიაში არ უნდა შევსულიყავი. სისხლი დემონიზებულია, რაც უნდა დამალო და უნდა შეგრცხვეს. ამ პრობლემებზე ხმამაღლა არ ვსაუბრობთ".

ჩემი ფეისბუქპოსტების მიზანია, რომ მენსტრუაცია სირცხვილთან ასოცირებული არ იყოს. ნახევარი თვე ამ მდგომარეობაში ვარ, მაგრამ მაინც ვახერხებ გავაგრძელო ცხოვრება და სასირცხვილო კი არა საამაყაროა, რადგან სიძლიერეს უკავშირდება. მინდა, დისკურსი შეცვალო, რომ მენსტრუაცია არა ტკივილთან, არამედ სიძლიერესთან ასოცირდებოდეს.

თამ ფონიავა, 22 წლის

ფოტო: Tam Poniava / Facebook

თამ ფონიავა იმ ფემინისტური ჯგუფის წევრია, რომელმაც ქალებზე ძალადობის 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში პერფორმანსები მოაწყო. მან თამამი ნაბიჯი გადადგა იმ სიჩუმისა და უხერხულობის წინააღმდეგ, რომელიც მენსტრუაციის შესახებაა საზოგადოებაში. ის საჯაროდ გამოვიდა და მოუწოდა ქალებს, ისაუბრონ ჯანმრთელობის იმ პრობლემებზე, რომელიც მენსტრუაციითაა გამოწვეული.

"არანაირი დრამა"

არანაირად არ უკავშირდება ტრამვას. ერთ მშვენიერ ზაფხულის დღეს მდინარეზე მიმავალმა აღმოვაჩინე, დედას ვუთხარი, არ მახსოვს იმ დროს ამიხსნა, თუ უკვე ვიცოდი. არანაირი დრამა.

სირცხვილი

მენსტრუაციის გამო სირცხვილის განცდა არასდროს მქონია. ეს საკითხი ოჯახშიც არასდროს ყოფილა ტაბუდადებული. სირცხვილის განცდის ჩანერგვას უფრო ხალხი ცდილობდა: "როგორ შეიძლება მენსტრუაციის კვალი გქონდეს შარვალზე და ამაზე არ აღშფოთდე? ჰიგიენური პაკეტი ხელში რატო, გიჭირავს, ვინმემ რომ ნახოს?". სახელებიც ისეთი მოვუფიქრეთ "თვიური", "ქალთა დღე", "დედათა წესი" და ათასი უბედურება. ქალები ჩემს ირგვლივ, უმეტესად, არასდროს საუბრობენ ხმამაღლა.

ტკივილი და ჯანმრთელობა

მენსტრუაცია ერთი დიდი თავგადასავალია ჩემთვის. ყოველთვის მქონდა მტკივნეული მენსტრუაცია, მაგრამ ექიმებს, რატომღაც, ამისთვის ყურადღება არც მიუქცევიათ. "მენსტრუაციული ტკივილი ნორმალურია და ნუ აზვიადებ რა" ფრაზებით მესაუბრებოდნენ, ჰოდა, მეც ვითმენდი.

რამდენიმე წლის წინ კი დამიდგინდა ენდომეტრიოზი. ეს არის დაავადება, რომელიც ყოველ მეათე ქალს ემართება მსოფლიოში, ყველა ასაკობრივ ჯგუფში. ერთ-ერთი სიმპტომი მტკივნეული მენსტრუაციაა, დაურეგულირებული ციკლი, მტკივნეული პენეტრაცია.

რამდენიმე წლის წინ დამიდგინდა ენდომეტრიოზი. ეს არის დაავადება, რომელიც ყოველ მეათე ქალს ემართება მსოფლიოში, ყველა ასაკობრივ ჯგუფში. ერთ-ერთი სიმპტომი მტკივნეული მენსტრუაცია, დაურეგულირებული ციკლი, მტკივნეული პენეტრაციაა.

თამ ფონიავა

გამომდინარე მენსტრუაციის დროს ტკივილთან დაკავშირებული სტერეოტიპებისა, ქალები არ იკვლევენ ან შეიძლება არ გაგიმართლოს და არაკომპეტენტური ექიმი შეგხვდეს. იყო ისეთი შემთხვევებიც, როცა 20 წლის განმავლობაში ქალებს ენდომეტრიოზის დიაგნოზი ვერ დაუდგინეს.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, ენდომეტრიოზი მთლიანად ცვლის მენსტრუაციისადმი განწყობას. მკურნალობის პერიოდში, როცა წამალს ვსვამ, მენსტრუაცია მიწყდება და 9 თვიანი კურსის შემდეგ, ისევ ბრუნდება. მაშინ იწყება ტანჯვა... გამაყუჩებელი ნემსების, წნევის წამლების ეპოქა. ზოგჯერ არც არის მტკივნეული, ზოგჯერ სასწრაფოს ვიძახებ. ვერ გაიგებ როდის, როგორ.

ტაბუ

ტაბუები დროთა განმავლობაში ყალიბდება და გამოხატავენ კულტურის სახესა და განწყობებს. ჩვენი კულტურა პატრიარქალურია, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი კაცებზე ორიენტირებულია და კაცს აღიქვამს, როგორ დომინანტ პერსონას, აქ ქალი ყოველთვის მეორეხარისხოვანია. მენსტრუაციის ტაბუდ ქცევა მის მიზოგინიურ სახესაც ასახავს — ქალის სხეულის დამცირება, შეურაცხყოფა. იყო დრო, როცა ქალებს ბოსლებში ამწყვევდნენ მთიან რეგიონებში მენსტრუაციის დროს...

ყველაფერი მაინც უცოდინრობიდან მოდის. ხალხმა არ იცის, რომ მენსტრუაციული სისხლი ბინძური კი არა უსუფთავესია. რომ არა მენსტრუაცია, ქალები შვილებს ვერ გააჩენდნენ, მენსტრუაცია დადებით გავლენას ახდენს ქალის სხეულზე და ა.შ.

ეს არის ბუნებრივი პროცესი ქალის ცხოვრებაში. ამაში დასამალი არაფერია, პირიქით, ამაყად უნდა ვისაუბროთ და შევიმეცნოთ, შევამეცნოთ ახალ თაობას თუ ძველს, რა არის ეს მენსტრუაცია და რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ამ პროცესს ქალისათვის. თუმცა არამარტო ქალისთვის.

სამსახური

როგორც ზევით აღვნიშნე ქრონიკული დაავადება ენდომეტრიოზი მაქვს. ამ პერიოდში ჩემი პროდუქტიულობის დონე ძალიან დაბალია და ხშირად ლოგინიდანაც შეიძლება გამიჭირდეს წამოდგომა. რა თქმა უნდა, სამსახურებისთვის მენსტრუაციის მიერ გამოწვეული დისკომფორტი და ტკივილები არაფერს ნიშნავს, ამაზე არც არავინ საუბრობს, სამწუხაროდ. არადა, ვინც ამ ტკივილს გამოცდის, იცის, დასვენება და საკუთარ თავზე ზრუნვა, როგორი მნიშვნელოვანია ამ დროს. დღეს საქართველოში კაპიტალისტური ბუნება იმდენად ველურია, იმდენად კონცეტრირებულია დასაქმებულის დამონებასა და დაჩაგვარაზე, რა გასაკვირია, რომ მენსტრუაცია დღის წესრიგშიც კი არ დგას.

სიღარიბე და ჰიგიენა

ქალის ჰიგიენის ნივთები ძვირია. რას აკეთებენ ღარიბი ქალები ამ დროს? გუშინ 20 ლარი დავხარჯე მხოლოდ გამაყუჩებლებსა და საფენებზე. რა უნდა ქნას ღარიბმა ქალმა? როგორ უნდა იმკურნალოს ენდომეტრიოზზე, როცა ერთი თვის სამყოფი წამალი ვიზანა 140 ლარამდე ჯდება. ასეთი ქალები ყველაზე მეტად მოწყვლადები არიან და მათთვის ქალობა სწორედ რომ ჯოჯოხეთად იქცევა ხოლმე.

ნინა ბუდაღაშვილი, 34 წლის

ფოტო: Nina Budaghashvili / Facebook

ნინას ბავშვობა მენსტრუაციით გამოწვეულ ტრამვასთან ასოცირდება, რომლის მაპროვოცირებლებიც მასწავლებელი და კლასელი გახდნენ. ყოფილ პარტნიორთანაც შექმნია პრობლემა მენსტრუაციის გამო, თუმცა ურთიერთობა მალევე დაასრულა და ახლა სირცხვილს საერთოდ აღარ გრძნობს.

სკოლა

ჩვენ თვითონ უფრო ვკომპლექსდებოდით, ვიდრე სხვები გვაკომპლექსებენ. საშინელი შემთხვევა მქონდა და დღემდე არ მავიწყდება. სკოლაში აღმოვაჩინე რომ "მომივიდა" და საფენი არ მქონდა. მომენტალურად ხელით სინჯვა დავიწყე, ისტერიულად. გვერდით ჩემი კლასელი გოგო იჯდა. გაკვეთილების დასრულების შემდეგ დამრიგებელი შემოვიდა და გამოაცხადა, რომ ყველა გოგო უნდა დარჩენილიყო და სერიოზულ საკითხზე გვესაუბრა. აღმოჩნდა, რომ ჩემმა კლასელმა ენა მიუტანა მასწავლებელს, რომ მე ხელს ვიდებდი ინტიმურ ადგილებზე. გარყვნილებად ჩამითვალეს. სტრესი მქონდა, დეპრესია დამეწყო, ვერ ვთქვი, რომ მენსტრუაცია მქონდა. ვთქვი, რომ ელვაშესაკრავი გამიფუჭდა და იმის შეკეთებას ვცდილობდი. ის გოგო არასდროს მინახავს და სულ მინდა ვუთხრა, რომ ის არ იყო, რაც იფიქრა.

პარტნიორი

ერთხელ ჩემი პარტნიორი უნდა მენახა და მითხრა, რომ მენსტრუაცია თუ გაქვს, არ მოხვიდეო. თქვენ წარმოიდგინეთ, თავიდან არ მეწყინა, მერე გავიაზრე, მარტო სექსის გულისთვის ხომ არ მიდიხარ პარტნიორთან და ძალიან მეწყინა.. კარგია რომ ახლა ისეთი პარტნიორი მყავს, რომელსაც ზუსტად ესმის ჩემი, მამარაგებს მედიკამენტებით, შეუძლია გავიდეს და ტამპონი მიყიდოს თუ არ მაქვს.

რუსა ჯიჯელავა, 25 წლის

ფოტო: Rusa Jijelava / Facebook

12 წლის იყო პირველად სისხლის ლაქა რომ შენიშნა საცვალზე. ჰიგიენური საფენების აფთიაქში შეძენის დროს კი დღესაც სირცხვილს გრძნობს. მენსტრუაციას ჯოჯოხეთს ადარებს და პრემენსტრუალური პერიოდიც ურთულებს ცხოვრებას.

პირველი მენსტრუაცია

მახსოვს ბებომ მითხრა, რომ როცა პირველად მოგივა, სამ კიბეზე უნდა ჩახვიდე ხტუნვითო და მერე მთელი ცხოვრება სამი დღე გექნება მენსტრუაციაო. მე კიდევ მინდოდა რაიმე გამორჩეული მექნა და შვიდ კიბეზე ჩავხტი... შვიდი დღე მაქვს ხოლმე, ალბათ, უბრალოდ დამთხვევაა. მოვიტყუები თუ ვიტყვი, რომ მსგავსი ცრურწმენების მჯერა, მაგრამ მაინც საინტერესო დამთხვევაა.

"ის"

აფთიაქში პაკეტების შეძენის დროს მცხვენია. როდიდან დაიწყო, არ მახსოვს, თუმცა მახსენდება რამდენიმე ფაქტი, რომელსაც შეიძლება ამაზე გავლენა მოეხდინა. პირველი ის, რომ პაკეტის შავ პარკში ჩადება იყო მიღებული, რათა არავის დაენახა, რა იყიდე. მახსოვს, სკოლაში კლასელს ჩანთიდან ამოუვარდა პაკეტი და ყველას გასაჭორი და დასაცინი გახდა. ამის შემდეგ განსაკუთრებით სიფრთხილით ვინახავდი. საპირფარეშოში გასვლისას ლამის აკრობატული ნომრების მეშვეობით ვმალავდი სახელოში ან შარვლის ჯიბეში.

დღეს ვიცი, რომ სისულელეა მენსტრუაციის გრცხვენოდეს, მითუმეტეს მაშინ, როცა ამაზე ქალებთან საუბრობ, მათთვის მაინც ხომ არ არის მასში რაღაც უცხო და უცნაური. მაგრამ ხშირად იმის მაგივრად, რომ ვთქვა მენსტრუაცია მაქვს-მეთქი, ვამბობ, რომ "ის" მაქვს...

"ჯოჯოხეთი"

ჩემთვის მენსტრუაცია არის ჯოჯოხეთი, რადგანაც პირველი დღის უსაშინლეს ტკივილებთან და სისუსტესთან ასოცირდება

შემდგომ დღეებში კი იმაზე ფიქრთან, რომ შარვალი არ მომესვაროს, პაკეტი დროზე გამოვიცვალო და ა.შ. თან მენსტრუაციის წინა დღეებში უხასიათობა მახასიათებს და ესეც ზოგჯერ უარყოფითად აისახება ჩემი ცხოვრების ხარისხზე.

ეს ყოველივე ხელს მიშლის ნორმალურად ფუნქციონირებაში. ზოგი ლექციის გაცდენა აისახება ქულებზე, ამიტომაც მიწევდა ამ მდგომარეობაში დასწრება და ორი საათის მანძილზე ატანა, რომ მთელ სხეულში თავს დამტვრეულად ვგრძნობდი და არ შემეძლო უბრალოდ დაწოლა და საბანში გახვევა. პლუს, სისუსტის გამო თაბრუსხვევები მაქვს ხოლმე და ტრანსპორტში ყოფნა განსაკუთრებით მიჭირს. თუ ფეხზე დგომა მიწევს, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ უნდა დავეცე.

ტატა, 23 წლის

ფოტო: GETTY IMAGES

ტატამ მენსტრუაციის შესახებ კლასელებისგან გაიგო. ამბობს, რომ მშობლების შეცდომას თავად არ გაიმეორებს და შვილს საჭირო ინფორმაციას სწორ დროს მიაწვდის.

"დიდი გოგო"

დაახლოებით 11 წლის ვიყავი, როცა მენსტრუაცია "მომივიდა". ცუდი რეაქცია ან შიში არ მქონია, ველოდებოდი, განცდა მქონდა, რომ "დიდი გოგო" გავხდებოდი, კლასელებისგან მესმოდა ეს ყველაფერი და შესაბამისად, მეც ჩავერთე მაგ მოლოდინის პროცესში თავის დროზე. მხოლოდ ის ვიცოდი, რომ სისხლთან იყო დაკავშირებული. დედაჩემს დიდად არ შეუწუხებია თავი ახსნით, სამწუხაროდ.

სხეულის გაცნობამდე

სირცხვილის განცდა მქონდა, ალბათ, იმ პერიოდამდე, ვიდრე საკუთარ სხეულს იმაზე უკეთ შევიცნობდი. ამაში სწორი ადამიანები და ურთიერთობები დამეხმარნენ. მენსტრუაციას სამარცხვინო რამედ ვთვლიდი, რომელიც უნდა დამალო. აი, ვიღაც რომ გკითხავს, რა გჭირს? — "ის" მაქვს უპასუხო, დაქალს ჩუმად ხელიდან ხელში პაკეტი საიდუმლოდ რომ უნდა გადააწოდო და ასე... ახლა თამამად ვაფრიალებ ყველგან ჩემს პაკეტებსაც და ტამპონებსაც. საერთოდ არ ვთვლი ამ პროცესში რამეს სამარცხვინოდ.

ამ დღეებში ფეხით ბევრი სიარული მომწონს. გულს ვაყოლებ უფრო კარგად, ვიდრე სახლში ჯდომით და წოლით. მთელი სახე მიბრწყინავს ხოლმე, სიმშვიდეს და რაღაცნაირად სასიამოვნო დაცლილობას ვგრძნობ.

პარტნიორი

ამ კომპლექსებიდან გამომდინარე, მეგონა, რომ პარტნიორებთანაც ტაბუ უნდა დებოდა ამ თემას. გაუგებრობას არ დავარქმევდი, უფრო მიუღებლობას. ვიცნობდი ადამიანს, რომელიც გვერდით ვერ დაგიწვებოდა მენტრუაციის დღეებში, რაც ჩემთვის ახლანდელი გადმოსახედიდან, ძალიან სასაცილოა. ახლა, მენსტრუაციის დღეებშიც აქტიურად მაქვს სექსი.

ლილი ხეჩუაშვილი, ფსიქოლოგი

ფოტო: Lili Khechuashvili / Facebook

ლილის შემთხვევაში ყველაფერი განსხვავებულად იყო. მშობლებმა თავის დროზე მიაწოდეს ადეკვატური ინფორმაცია მენსტრუაციის შესახებ. ამბობს, რომ სირცხვილის განცდაც არასდროს ჰქონია.

"მესამე კურსი დავასრულე. ზაფხულია. ბათუმიდან ვბრუნდებით ღამის მატარებლით მე, ჩემი ძმა და სამი მეგობარი. წინა დღით "მომივიდა"... ზღვა, მზე, პლაჟი — მოკლედ, ყველა პირობაა, რომ თქეშივით მომდიოდეს. მაშინ ქალიშვილი ვიყავი და მხოლოდ პაკეტის გამოყენებას ვახერხებდი. მეცვა შორტი და მაისური, ზედა სართულზე მეძინა. დილით ვიღვიძებ უსიამოვნო განცდით. მუცელზე ვწევარ და განძრევას ვერ ვბედავ. საბოლოოდ, გავბედე ქვემოთ ჩახედვა... აბსოლუტურად სველი და წითელი ვარ, მთლიანად სისხლში ვცურავდი, სადღა იყო ის, ჩემი ვითომ ღამის ბევრწვეთიანი პაკეტი! ტყუილად იყო, კოლტები, ნაფლეთები... კიდევ კაი, ყველას ეძინა კუპეში. არ ვიცი, როგორ მოვახერხე მეორე სართულიდან ჩამოძრომა, პირსახოცის მობილიზება და ა. შ., რომ გავსულიყავი მატარებლის ტუალეტში, დამებანა, გამომეცვალა, ის დასვრილი ტანსაცმელიც რაღაცნაირად დამეკეც-შემენახა და დავბრუნებულიყავი. ნუ, ტკივილზე აღარ ვლაპარაკობ, წელს ვერც კი ვგრძნობდი, ისე მტკიოდა.

შვილი

ჩემმა შვილმა, რომელიც დღეს 19 წლისაა და თავისი დამოუკიდებელი ცხოვრება აქვს სხვა ქვეყანაში, ყველაფერი, რაც შეეხებოდა სქესობრივ ცხოვრებას, მენსტრუაციას, სექსს, ჩემგან გაიგო. სადღაც 7 წლის იყო, როცა განვითარების ფსიქოლოგიის წიგნში მუცლადყოფნის პერიოდის ფოტოები ნახა. მკითხა, რა იყო. ავუხსენი და მერე სულ, ცოტ-ცოტა სულ ვლაპარაკობდით ამაზე. მერე იყო ანატომიის წიგნი.

11 წლის იყო დაახლოებით, მენსტრუაციის შესახებ რომ ვუთხარი. მანქანით მივდიოდით სადღაც და სიტყვამ მოიტანა საუბარში. ნაბიჯ-ნაბიჯ მოვუყები, რა ხდება საშვილოსნოში, რატომ ხდება და როცა ბავშვი არ ისახება, ყველაფერი იშლება, გამოდის და იწმინდება, მერე თავიდან ემზადება საშვილოსნო ბავშვისთვის. როგორ გამოიყურება ეს სისხლდენა, რას ვაკეთებთ, როცა ეს დღეები გვაქვს, რას შეიძლება გრძნობდეს და ა.შ.

13 წლის იყო, როცა მოუვიდა. ზუსტად მახსოვს მისი რეაქციები. გამოვიდა აბაზანიდან და მითხრა: "დედა, როგორც ჩანს, ის რაღაცები მჭირდება, შენ რომ უკვე აღარ გჭირდება" და გაიცინა.

ლილი ხეჩუაშვილი

13 წლის იყო, როცა მოუვიდა. ზუსტად მახსოვს მისი რეაქციები. გამოვიდა აბაზანიდან და მითხრა: "დედა, როგორც ჩანს, ის რაღაცები მჭირდება, შენ რომ უკვე აღარ გჭირდება" და გაიცინა. საქმე ისაა, რომ მეორე შვილი რამდენიმე თვის გაჩენილი მყავდა და აღარც მენსტრუაცია მქონდა ოპერაციის შემდეგ. მივეცი პაკეტები, ვაჩვენე, როგორ უნდა ექნა. ეს იყო და ეს.

რეკომენდაციები მშობლებს

ელაპარაკეთ შვილებს და რამდენადაც თქვენ იქნებით გახსნილნი, იმდენად მათ ექნებათ ადეკვატური, ბუნებრივი და ლაღი დამოკიდებულება საკუთარი სხეულისადმი და ყველა იმ პროცესისადმი თუ სითხისადმი, რომელიც სხეულს უკავშირდება. ბავშვები მოდელირებით სწავლობენ და თუ მშობელი იქნება ტაბუირებული, დამფრთხალი და აარიდებს თავს კონკრეტულ თემებზე საუბარს, იგივეს დაისწავლის ბავშვიც. წლების მერე იჩენს ეს თავს ბევრნაირ უბედურებაში, დაწყებული ფსიქოგენური ტკივილებით მენსტრუაციის დროს, დასრულებული ორგაზმის ვერ მიღწევით ან სექსის არიდებით (ზიზღის ჩათვლითაც კი).