მეხის დაცემა ხეების ბუნებრივად, ადამიანის ჩარევის გარეშე, სიკვდილის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. ამის მიუხედავად, პანამის ჯუნგლებში არის ტროპიკული ხის ჯიში, რომელმაც ამ ძალის გამოყენება "ისწავლა". ესაა Dipteryx oleifera, რომელიც ასეთი მოვლენის დროს არა მხოლოდ გადარჩენას ახერხებს, არამედ მისი მეშვეობით მეზობელ ხეებსა და პარაზიტულ ხვიარა მცენარეებსაც იშორებს თავიდან. ამის შესახებ ნაშრომი გამოცემაში New Phytologist გამოქვეყნდა.

ტროპიკულ ტყეებში მეხი განსაკუთრებით დიდ და ხნიერ ხეებს ეცემა, მაგრამ მრავალწლიანმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ Dipteryx oleifera მეტწილად უვნებელი რჩება ხოლმე. სპეციალური სენსორებითა და კამერებით მკვლევრებმა ბარო კოლორადოს ბუნების ძეგლის მიმდებარედ 100-მდე მეხი დააფიქსირეს. დაცემის ადგილების გამოსავლენად მაღალი გარჩევადობის სისტემა გამოიყენეს, შემდეგ კი მოპოვებული ინფორმაცია სახმელეთო დეტექტორებისა და დრონების მონაცემებთან შეაჯერეს. ამან დაზიანებული ხეების ადგილმდებარეობის განსაზღვრა და მათზე დაკვირვება გახადა შესაძლებელი.

"40 წლის განმავლობაში მოპოვებულ მონაცემებში ფიქსირდება საფრთხე, რომელიც Dipteryx oleifera-სთან სიახლოვეს მოაქვს. მის მეზობელ ხეებს სიკვდილის უფრო მეტი შანსი აქვთ, ვიდრე სხვა დიდი და ხნიერი მცენარეების გვერდით არსებობისას ექნებოდათ", — აცხადებს კვლევის წამყვანი ავტორი, ევან გორა.

მარცხნივ Dipteryx oleifera მეხის დაცემის შემდეგაა ნაჩვენები, მარჯვნივ კი — ამ მოვლენიდან ორ წელში. ის მინიმალურად დაზიანდა, სამაგიეროდ პარაზიტული ხვიარები და მახლობელი ხეები "მოიშორა".

ფოტო: Evan Gora

დადგინდა, რომ მეხის თითოეულმა დაცემამ ამ ხის მახლობლად 2.4 ტონაზე მეტი ბიომასა და Dipteryx oleifera-ზე შემოხვეული ლიანების 80% გაანადგურა. ვარაუდობენ, რომ მისი ამტანობის უკან მცენარის ფიზიკური სტრუქტურა დგას — კვლევებმა ცხადყო, რომ მას მაღალი შიდა გამტარობა გააჩნია, ანუ ელექტრული მუხტი ბევრს ვერაფერ დააკლებს.

ვინაიდან ეს ხეები საკმაოდ მაღალია და საუკუნეების განმავლობაში ცოცხლობს, ზრდის დასრულების შემდეგ მეხი მათ 5-ჯერ მაინც ეცემა. ყოველი ასეთი შემთხვევისას ისინი ამ გზით ხვიარებსა და "კონკურენტ" მცენარეებს იშორებენ, რითაც ადგილს ითავისუფლებენ. მეცნიერთა გამოთვლებით, ასე Dipteryx oleifera-ს მიერ თესლის წარმოქმნა 14-ჯერ იზრდება და ჯიშს გამრავლებაში ეხმარება.

სპეციალისტები ფიქრობენ, რომ იგივე ფენომენი სხვა სახის ეკოსისტემებშიც შეიძლება გვხვდებოდეს, მათ შორის მეჩხერ ტყეებში. სწორედ ამიტომ, ავტორები აფრიკისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ტყეების შესწავლას აპირებენ, რათა მეტი გაიგონ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.