ძველად საჰარა მწვანე და ტენიანი იყო, დღევანდელი უდაბნოსგან სრულიად განსხვავებული. ახალი კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა ადამიანთა ის უცნობი პოპულაცია შეისწავლეს, რომელიც იქ 7 000 წლის წინ ცხოვრობდა. ორი მუმიის გენომის ანალიზმა აჩვენა, რომ ეს ინდივიდები წარმოადგენენ ჯგუფს, რომელიც სუბსაჰარული აფრიკის მაცხოვრებლებთან არ შერეულა, ანუ ისინი სრულ იზოლაციაში იყვნენ.

მწვანე საჰარა დაახლოებით 11 000-5 000 წლის წინ არსებობდა, აფრიკის ტენიან პერიოდში. ამ დროს იქ მცხოვრები ადამიანები მესაქონლეობას მისდევდნენ, კერძოდ კი სამხრეთ-დასავლეთ აზიიდან ჩაყვანილ შინაურ ცხოველებს ზრდიდნენ. აქამდე არ ვიცოდით, ცხოვრების ამგვარი წესი საჰარაში სხვა რეგიონიდან ჩასულმა პოპულაციამ დანერგა, თუ კულტურული პრაქტიკები გენეტიკური ურთიერთქმედების გარეშე გავრცელდა.

აღნიშნულ კითხვაზე პასუხის გასაცემად მკვლევრებმა ლიბიაში აღმოჩენილი, ბუნებრივად მუმიფიცირებული ორი ქალის გენომი გაშიფრეს. ის აფრიკის, ევროპისა და სამხრეთ-დასავლეთ აზიის მოსახლეთა 795 თანამედროვე და 117 ძველ გენომს შეადარეს. აღმოჩნდა, რომ ამ ინდივიდებს სუბსაჰარული ფესვები არ გააჩნიათ, რაც მათ იზოლაციაზე მიანიშნებს.

მსგავსება გამოვლინდა მუმიებსა და 15 000 წლის წინანდელ მონადირე-შემგროვებლებს შორის, რომელთა კვალიც მაროკოში მდებარე გამოქვაბულშია მიკვლეული. ასკვნიან, რომ ორივე პოპულაცია ჩრდილოაფრიკული წარმომავლობისაა და გენეტიკურად განცალკევებულ მემკვიდრეობით ხაზს მიეკუთვნება. სავარაუდოდ, მცენარეული საფარის მქონე საჰარაშიც კი გარკვეული ეკოლოგიური ბარიერები არსებობდა, რომლებიც გენეტიკურ ურთიერთქმედებებს აფერხებდა.

ბოლოს მეცნიერებმა მუმიების გენომები ჩეხეთში აღმოჩენილი ადამიანებისას შეადარეს, რომლებიც 50 000 წლის წინ ცხოვრობდნენ და ნეანდერტალელებთან ერთ-ერთი პირველები შეჯვარდნენ. დადგინდა, რომ ისინი მათ უფრო ენათესავებოდნენ, ვიდრე სუბსაჰარულ აფრიკაში მობინადრეებს. საინტერესოა, რომ ლიბიაში მიკვლეული ნაშთები ნეანდერტალელთა დნმ-საც შეიცავს იმ ოდენობით, რაც არააფრიკული თანამედროვე პოპულაციების მაჩვენებლის დაახლოებით 1/10-ია.

ეს ყველაფერი დასაწყისში დასმულ კითხვას სცემს პასუხს: მეცხოველეობა ამ რეგიონში, სავარაუდოდ, ძველი "სავაჭრო" გზების განვითარების შედეგად განვითარდა და მასშტაბურ იმიგრაციას არ უკავშირდება.

ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Nature გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.