ახალი კვლევის თანახმად, მოსალოდნელია, რომ კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ყინულის ლღობა დედამიწის გეოგრაფიული პოლუსების მდებარეობას შეცვლის. საქმე ისაა, რომ ამ მასის დნობის გამო პლანეტაზე წყალი სხვაგვარად ნაწილდება და ეს ბრუნვის ღერძზეც მოქმედებს. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ შედეგად 2 100 წლისთვის პოლუსებმა, შესაძლოა, ათობით მეტრით გადაინაცვლოს.

გამოცემა Geophysical Research Letters-ში გამოქვეყნებულ ნაშრომში ავტორები წერენ, რომ ეს, სავარაუდოდ, ხელოვნური თანამგზავრებისა და კოსმოსური აპარატების ნავიგაციაზეც იქონიებს გავლენას. ყველაფრის მიზეზი ისაა, რომ პლანეტის მასის განაწილების ცვლილება ღერძის მიმართ დედამიწის ერთგვარ რხევას განაპირობებს. მსგავსი რხევა მეტწილად მუდმივი და პროგნოზირებადია, რადგან ატმოსფერულ წნევასა და ოკეანურ დინებებს, ზოგჯერ კი ბირთვისა და მანტიის ურთიერთქმედებას უკავშირდება.

ბოლოდროინდელი კვლევებით დადგინდა, რომ აღნიშნული ფენომენის გამოწვევა ყინულის საფარის დნობის თანმდევ მასურ გარდაქმნასაც შეუძლია. შესაბამისად, მეცნიერებმა დნობის სამომავლო მაჩვენებლები გამოთვალეს და 1900-2018 წლებს შორის პოლუსების გადაადგილებასაც დააკვირდნენ. მათ კლიმატის ცვლილების სხვადასხვა სცენარი განიხილეს.

დადგინდა, რომ სათბურის აირების ყველაზე დიდი ოდენობით ემისიის შემთხვევაში საუკუნის დასასრულს ჩრდილოეთ პოლუსის 27 მეტრით დასავლეთით გადანაცვლებაა მოსალოდნელი. შედარებით ოპტიმისტური სცენარის მიხედვით, პოლუსი 1900 წლის მდებარეობასთან შედარებით 12 მეტრით გადაადგილდება. სიმულაციებში ამ პროცესში ყველაზე დიდი როლი გრენლანდიასა და ანტარქტიდაზე ყინულის დნობის შედეგად გამოყოფილმა წყალმა შეასრულა, შემდეგ კი — მყინვარების გალღობამ.

მკვლევრები ამბობენ, რომ დნობის ასეთი მნიშვნელობა ცხადყოფს, როგორი დიდი გავლენა აქვს ადამიანს პოლუსების გადანაცვლებაზე — იმაზე დიდი, ვიდრე გამყინვარების პერიოდებს ჰქონდა. ეს იმიტომ, რომ ამ დროს პლანეტის ქერქის ზედაპირი ყინულის წონის გამო დაბლა ჩაიძირა, მისი დადნობის შემდეგ კი ისევ ზემოთ ავიდა, რამაც მასის გადანაწილების ცვლილება განაპირობა.

მეცნიერები იმის შესწავლას გეგმავენ, თუ როგორ გადაადგილდებოდა პლანეტის პოლუსები მილიონობით წლის განმავლობაში, კლიმატის ცვლილების პირობებში. ასე უკეთ გავიგებთ, რა წვლილი მიგვიძღვის ადამიანებს ამგვარ პროცესებში.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.