TSMC-მ მსოფლიოში ყველაზე მოწინავე მიკროჩიპი წარადგინა

ფოტო: techspot
2025 წლის პირველ აპრილს ტაივანის მწარმოებელმა TSMC-მ მსოფლიოში ყველაზე მოწინავე მიკროჩიპი: 2 ნანომეტრიანი (2 ნმ) ჩიპი წარადგინა.
ჩიპის მასობრივ წარმოებაში ჩაშვება წლის მეორე ნახევარშია მოსალოდნელი და TSMC გვპირდება, რომ ეს იქნება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი, რომელიც ტექნოლოგიურ ინდუსტრიას უკეთესობისკენ შეცვლის.
მიკროჩიპები თანამედროვე ტექნოლოგიების ფუნდამენტია, რომელიც გვხვდება თითქმის ყველა ელექტრონულ მოწყობილობაში, ელექტრო კბილის ჯაგრისებიდან და სმარტფონებიდან დაწყებული, ლეპტოპებითა და სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკით დამთავრებული. ისინი მზადდება მასალების ფენების დაგებისა და ამოჭრის გზით, როგორიცაა სილიციუმი, რათა შეიქმნას მიკროსკოპული წრეები, რომლებიც შეიცავს მილიარდობით ტრანზისტორს.
ეს ტრანზისტორები ფაქტობრივად პატარა გადამრთველებია, რომლებიც მართავს ელექტროენერგიის ნაკადს და კომპიუტერს საშუალებას აძლევს იმუშაოს. ზოგადად, რაც უფრო მეტ ტრანზისტორს შეიცავს ჩიპი, მით უფრო სწრაფი და მძლავრია ის.
მიკროჩიპების ინდუსტრია მუდმივად ცდილობს მეტი ტრანზისტორების განთავსებას უფრო მცირე ფართობზე, რაც საფუძველია უფრო სწრაფი, მძლავრი და ენერგოეფექტური ტექნოლოგიური მოწყობილობების.
წინა ყველაზე მოწინავე ჩიპთან შედარებით, რომელიც ცნობილია 3-ნმ ჩიპების სახელით, TSMC-ის 2-ნმ ტექნოლოგიას მნიშვნელოვანი უპირატესობები უნდა ჰქონდეს. ეს მოიცავს გამოთვლითი სიჩქარის 15%-ით გაზრდას იმავე სიმძლავრის დონეზე ან 20-30%-ით ენერგიის მოხმარების შემცირებას ძველ სიჩქარეზე.
გარდა ამისა, ახალ ტრანზისტორში 15%-ით გაზრდილი იქნება სიმკვრივე. მთლიანობაში ეს ტექნოლოგიას უფრო სწრაფს და ენერგოეფექტურს გახდის.
მიკროჩიპების ინდუსტრია მჭიდროდ არის დაკავშირებული ტაივანის უსაფრთხოებასთან. მას ზოგჯერ როგორც "სილიკონის ფარს" ისე მოიხსენიებენ, რადგან მისი ფართო ეკონომიკური მნიშვნელობა უბიძგებს აშშ-სა და მოკავშირეებს დაიცვან ტაივანი ჩინეთის შეჭრისგან.
TSMC-მ ახლახან გააფორმა 100 მილიარდი დოლარის ღირებულების გარიგება, რის მიხედვითაც აშშ-ში ჩიპების მწარმოებელი ხუთი ახალი ქარხანა აშენდება. ჯერ არ ვიცით შესაძლებელი იქნება თუ არა იქ მსგავსი მოწინავე ჩიპების წარმოება. მეტიც, ტაივანის ზოგიერთი ოფიციალური პირი ამ გარიგებით შეშფოთებულია, რადგან მიაჩნიათ, რომ ეს ტაივანის, როგორც ჩიპების მთავარი მწარმოებლის სტატუსს გააუფასურებს.
ცნობისთვის, TSMC (Taiwan Semiconductor Manufacturing Company) 1987 წელს დაარსდა და ის ჩიპების ყველაზე დიდი მწარმოებელია მსოფლიოში.
კომენტარები