საიდან მოემართება "ქალაქის მკვლელი" ასტეროიდი? — მეცნიერებმა მის უჩვეულო წარმომავლობას მიაგნეს
მკვლევრები მის ფიზიკურ მახასიათებლებზეც გვიყვებიან.

ფოტო: Getty Images
გასული წლის 27 დეკემბერს მეცნიერებმა ასტეროიდი, სახელად 2024 YR4, აღმოაჩინეს. თებერვალში დედამიწასთან მისი შეჯახების თაობაზე გარკვეული პროგნოზებიც მოვისმინეთ. ასტეროიდი ერთი შეხედვით არსაიდან გაჩნდა, თუმცა მკვლევრებმა მის წარმოშობაზე, რაობასა და ფიზიკურ მახასიათებლებზე დამატებითი ინფორმაცია მოიპოვეს.
YR4-ის აღმოჩენისას მკვლევრებს საფრთხე არ შეუნიშნავთ, თუმცა გამოთვლებმა აჩვენა, 2032 წელს მისი დედამიწასთან შეჯახების რისკი არსებობდა. ასტეროიდის ზომის გამო ვარაუდობდნენ, რომ მოვლენა ერთი ქალაქის განადგურებას შეძლებდა, ამიტომ YR4-ს "ქალაქის მკვლელი" ასტეროიდი შეერქვა.
მეცნიერებმა დედამიწასთან შეჯახების სცენარი უკვე გამორიცხეს. მეორე მხრივ, როცა 2032 წელს ასტეროიდი ჩვენს პლანეტას ჩაუვლის, მაინც არსებობს მცირე რისკი, რომ იგი ჩვენს მთვარეს დაეჯახება.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მეცნიერებმა ასტეროიდ 2024 YR4-ის უკეთ შესწავლა გადაწყვიტეს და კვლევა ჩაატარეს. ასტრონომმა ბრაის ბოლინმა და თავისმა კოლეგებმა ორი ტელესკოპი — W.M. Keck და Gemini South — გამოიყენეს ასტეროიდის დასაკვირვებლად. შედეგად მათ 2024 YR4-ის ამჟამად ყველაზე ზუსტი აღწერილობა შემოგვთავაზეს. მათი ნაშრომი სფეროს სპეციალისტებს ჯერ არ მიმოუხილავთ.
საიდან წარმოიშვა 2024 YR4 და როგორია?
როგორც კვლევით დადგინდა, 2024 YR4 ასტეროიდთა მთავარი სარტყლის შუა ნაწილიდან წამოვიდა; თავად სარტყელი მარსსა და იუპიტერს შორის მდებარეობს. ამ ადგილიდან დედამიწისაკენ ასტეროიდები საკმაოდ იშვიათად მოემართება. სავარაუდოდ, YR4-ს ჩვენი პლანეტისკენ იუპიტერის გრავიტაციამ უბიძგა.
"ცოტა გაგვაკვირვა, რომ იგი მთავარი ასტეროიდული სარტყლის ცენტრიდანაა. არ გვეგონა, რომ ამ ადგილიდან დედამიწის გადამკვეთი ბევრი ასტეროიდი შეიძლებოდა წამოსულიყო", — აცხადებს ბრაის ბოლინი, ნაშრომის ავტორი.
მეცნიერებმა ტელესკოპების მეშვეობით ასტეროიდის მახასიათებლები დეტალურად შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ 2024 YR4 სიგანეში 30–65 მეტრი ზომისაა; იგი მყარი ქვისგან შედგება და, სავარაუდოდ, S-ტიპის ასტეროიდია; მას უსწორმასწორო ფორმა აქვს, უკუმიმართულებით ტრიალებს და თითო ბრუნს 20 წუთს ანდომებს.
ფორმისა და მოძრაობის ეს თავისებურებები 2024 YR4-ის წარმოშობასა და სტრუქტურულ სიმყარეზე გვაძლევს ინფორმაციას. ამის ცოდნა სამომავლოდ დაგვეხმარება, ჩვენკენ მომავალი ასტეროიდი ავიცილოთ თავიდან — თუ, რა თქმა უნდა, ამის საჭიროება დადგება.
2024 YR4-ის შესწავლა მეცნიერებს იმაშიც უწყობს ხელს, რომ სახიფათო ასტეროიდები უკეთ გაიცნონ და სხვა პოტენციური საფრთხეებისთვის იყვნენ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ შემთხვევებისთვის, როცა ასტეროიდი მოულოდნელად ჩნდება.
გარდა ამისა, თუკი 2024 YR4 მთვარეზე მართლაც დაეშვება, მკვლევრებს იშვიათი შანსი მიეცემათ, რომ ნაცნობი ობიექტისგან კრატერის წარმოქმნა პირდაპირ შეისწავლონ.
ნაშრომი გამოცემაში The Astrophysical Journal Letters გამოქვეყნდება. ამჟამად იგი პრეპრინტების პლატფორმა arXiv-ზეა ხელმისაწვდომი.
კომენტარები