მეცნიერებმა დედამიწის კრიტიკულ ზონაში მიკრობების სრულიად ახალი ტიპი აღმოაჩინეს, სახელად CSP1-3. კრიტიკული ზონა ნიადაგის ღრმა ფენაა, რომელიც წყლის ხარისხის აღდგენაში დიდ როლს თამაშობს. აღნიშნული მიკრობები აქ დამაბინძურებელ ნივთიერებებს შთანთქავენ, რაც სასმელი წყლის გაწმენდას უწყობს ხელს.

ახალი ნაშრომი გამოცემაში Proceedings of the National Academy of Sciences გამოქვეყნდა.

ლეონარდო და ვინჩი ამბობდა, რომ "ციური სხეულების მოძრაობაზე იმაზე მეტი ვიცით, ვიდრე ფეხქვეშ არსებულ ნიადაგზე". ასე ფიქრობს ჯეიმს ტიეჯიც, მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიკრობიოლოგი. იგი ამ ინფორმაციული დანაკლისის შევსებას კრიტიკული ზონის შესწავლით ცდილობს.

"კრიტიკული ზონა ხეების წვეროებიდან ნიადაგში, დაახლოებით 200 მეტრის სიღრმეზე, ვრცელდება. ეს ზონა დედამიწაზე სიცოცხლეს უზრუნველყოფს, რადგან არაერთ მნიშვნელოვან პროცესს არეგულირებს. ესაა, მაგალითად, ნიადაგის ფორმირება, წყლისა და ნუტრიენტების ბრუნვა, რაც უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს საკვების წარმოქმნისთვის, ასევე წყლის ხარისხისა და ეკოსისტემის სიჯანსაღის შენარჩუნებისთვის", — ამბობს ტიეჯი და ამატებს, რომ, მიუხედავად მისი მნიშვნელობისა, კრიტიკული ზონა სიღრმეებში შედარებით ცუდადაა შესწავლილი.

მიკრობთა ახალი ტიპი (იგივე ფილუმი),CSP1-3, ნიადაგის ნიმუშებში აღმოაჩინეს, რომლებიც აიოვასა და ჩინეთში აიღეს. ეს ადგილები იმ ნიშნით შეარჩიეს, რომ ორივეს ღრმა და ერთმანეთის მსგავსი ნიადაგი ახასიათებს. მკვლევრებს სურდათ გაეგოთ, მიკრობები ფართოდ იყო გავრცელებული თუ — მხოლოდ ერთ არეალში.

ღრმა ნიადაგებიდან გუნდმა დნმ ამოიღო და დაადგინა, რომ CSP1-3-ის წინაპრები წყალში მილიონობით წლის წინ ცხოვრობდნენ. მათ ჰაბიტატის მინიმუმ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება გამოიარეს, სანამ ნიადაგს აითვისებდნენ. ისინი ჯერ ნიადაგის ზედა ფენაში ცხოვრობდნენ, მოგვიანებით კი მის სიღრმეებში გადავიდნენ.

კვლევით დადგინდა, რომ ეს მიკრობები იშვიათი გავრცელებით არ ხასიათდება — ზოგ შემთხვევაში ისინი ნიადაგის მიკრობთა 50%-საც კი შეადგენენ. ტიეჯის თქმით, ისინი არამხოლოდ ცოცხლები არიან, არამედ ნელა, მაგრამ აქტიურად იზრდებიან.

ცნობისთვის, ნიადაგი დედამიწაზე წყლის უდიდესი ფილტრია, ამაში კი წვლილი ახლად აღმოჩენილ მიკრობებსაც შეაქვთ. მასში გავლისას ეს სითხე არაერთ ფიზიკურ, ქიმიურ თუ ბიოლოგიურ პროცესს გადის, შედეგად კი იწმინდება. ზედა ფენებში, სადაც ხის ფესვები ყველაზე მეტია, მიწა ხშირად საკმაოდ ცოტაა, ამიტომ წყალი აქ მარტივად გადის. მეორე მხრივ, სიღრმეებში ნიადაგი ბევრად მოცულობითია. სწორედ აქ ერთვება CSP1-3 — ეს მიკრობები ზედაპირიდან ჩამორეცხილ ნახშირბადს, ასევე აზოტს შთანთქავენ საკვებად და წმენდის პროცესს ასრულებენ.

მკვლევართა შემდეგი ნაბიჯი ამ მიკრობების ლაბორატორიაში გამოყვანა და მათი უნიკალური მახასიათებლების შესწავლა იქნება. შესაძლოა, ეს იმის გაგებაში დაგვეხმაროს, თუ როგორ შლიან ისინი დამაბინძურებელ ნივთიერებებს; პოტენციურად გავიგებთ იმასაც, თუ როგორ შეიძლება მათი გამოყენება გარემოს დასაცავად.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.