მეცნიერები გადაშენებული სახეობების დაბრუნებას აპირებენ — ნახეთ, რომელ ცხოველებს უნდა ველოდოთ მომავალში

ფოტო: Live Science
მეცნიერები რამდენიმე გადაშენებული სახეობის გაცოცხლებას გეგმავენ და ამ მიზანთან საკმაოდ ახლოს არიან. მათი დაბრუნება DNA-ის ნიმუშებით იწყება. ზოგჯერ მეცნიერებს სრული გენომი, ანუ გენური ინფორმაცია, აქვთ, რაც პროცესს ამარტივებს. იმ შემთხვევაში, თუ ეს ასე არაა, მკვლევრები ამ სახეობებთან მიახლოებული ცხოველების გენებს იღებენ, რადგან მათი მახასიათებლები აღსადგენი ცხოველისას ჰგავს და აერთებენ. ამას ბირთვულ გადატანას უწოდებენ. ასე ცდილობენ, რომ გადაშენებული ცხოველები თუ ფრინველები "დააბრუნონ".
მეცნიერების მიერ უკვე აღდგენილი სამი გადაშენებული სახეობიდან ერთ-ერთი ალპური გარეთხის (Capra pyrenaica) ქვესახეობაა. ის 2000 წელს გადაშენდა, ხოლო 2003-ში ისევ დაიბადა, თუმცა, სამწუხაროდ, სუნთქვის პრობლემის გამო რამდენიმე წუთში მოკვდა.
2013 წელს მკვლევართა გუნდმა ბირთვული გადატანის მეშვეობით სამხრეთული ბაყაყის (Rheobatrachus silus) ემბრიონები შექმნა. ისინი უნიკალური იმით იყო, რომ პირმშოებს პირიდან აჩენდა. სახეობა 1980-იან წლებში სოკოვანი დაავადების გავრცელების შედეგად განადგურდა. ამ შემთხვევაში ემბრიონები ვერ განვითარდა, ექსპერიმენტი კი წარუმატებლად დასრულდა.
გადაშენებული სახეობების აღდგენის მეცნიერება მუდმივად ვითარდება. ცოტა ხნის წინ მკვლევრებმა გენური ინჟინერიის საშუალებით საზარელი მგლის (Aenocyon dirus) სამი ლეკვი შექმნეს. ეს სახეობა ბოლო გამყინვარების პერიოდში ცხოვრობდა და 10 000-ზე მეტი წლის წინ განადგურდა.
ტექნოლოგიისა და მეცნიერების განვითარება მკვლევრებს იმის თქმის საშუალებას აძლევს, რომ ისეთ მნიშვნელოვან ცხოველს, როგორიც ბეწვიანი მამონტია, დაახლოებით 10 წელში გააცოცხლებენ. საზარელი მგლის გარდა, არის 6 ცხოველი, რომლის დაბრუნებასაც მეცნიერები გეგმავენ:
ბეწვიანი მამონტი
ბეწვიანი მამონტი (Mammuthus primigenius) ბოლო გამყინვარების პერიოდში, 300 000-დან 10 000 წლამდე ცხოვრობდა. ყველაზე ბოლო პოპულაცია, რომელიც ვრანგელის კუნძულზე შემორჩა, 4 000 წლის წინ გადაშენდა. ისინი ძირითადად ტუნდრაში ცხოვრობდნენ, აზიის, ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიებზე. გამყინვარების პერიოდში კლიმატის მკვეთრმა ცვლილებამ და მონადირე ადამიანებმა ბეწვიანი მამონტების გადაშენებას შეუწყო ხელი.
არქტიკაში ბეწვიანი მამონტების გენომი დღემდე შემონახულია, რაც მეცნიერებს საშუალებას აძლევს, მოიპოვონ და მათი სტრუქტურა შეისწავლონ. ამის შემდეგ მათ შეუძლიათ, ის სპილოებში ჩანერგონ და მამონტის მსგავსი სახეობა მიიღონ.
2025 წლის მარტში მეცნიერებმა თაგვებს მამონტის ოქროსფერი, ხშირი ბეწვი გაუზარდეს. ამისთვის მათ მღრღნელების 6 ისეთი გენი შეისწავლეს, რომელიც თმის სტრუქტურას, სიგრძესა და ფერს განაპირობებს. ეს მნიშვნელოვანი მეცნიერული მიღწევა იყო იმის დასადასტურებლად, რომ მამონტის მახასიათებლების სხვა ცხოველში გადატანა შეუძლებელი არაა. მიუხედავად ამისა, თაგვსა და სპილოს შორის დიდი განსხვავებაა, იგივე შედეგის მიღება დიდ დროს მოითხოვს.
დოდო
დოდო (Raphus cucullatus) დიდი ფრინველი იყო, რომელიც მავრიკის კუნძულზე ბინადრობდა. ისინი მე-17 საუკუნეში გადაშენდნენ, რაც ევროპულ კოლონიზაციასთანაა დაკავშირებული. დოდო ადამიანის მიერ გამოწვეული უარყოფითი შედეგების სიმბოლოა. კოლონიზატორები 1598 წელს კუნძულზე ჩავიდნენ და უამრავი უცხო სახეობის ცხოველი და ფრინველი წაიყვანეს, მათ შორის ვირთხები, კატები და მაიმუნებიც კი. ისინი დოდოების ბუდეებს ანადგურებდნენ, რამაც ეს სახეობა კუნძულზე მნიშვნელოვნად შეამცირა.
დღესდღეობით დოდოს დნმ ბუნების ისტორიის ეროვნულ მუზეუმს ნიმუშებში შემორჩა. 2022 წელს მეცნიერებმა დანიაში არსებული კოლექციის მეშვეობით დოდოს გენომი პირველად აღადგინეს. მიუხედავად იმისა, რომ ფრინველის დასაბრუნებლად ჯერ კიდევ ბევრი ბარიერია გადასალახი, მისი აღდგენა გაცილებით მარტივია, ვიდრე თუნდაც ბეწვიანი მამონტის.
ტასმანიური მგელი
ტასმანიური მგელი (Thylacinus cynocephalus) ჩანთოსანი ხორცისმჭამელი იყო, რომელსაც სხეულზე მუქი ზოლები ჰქონდა. ის ადრე ახლანდელი ავსტრალიის ტერიტორიაზე სახლობდა. ცხოველის ძირითადი ნაწილი 3 000 — 2 000 წლის წინ გაქრა, თუმცა ტასმანიის კუნძულზე მე-19 საუკუნის ბოლომდე შემორჩა. ადამიანები მას განზრახ კლავდნენ, რათა საკუთარი პირუტყვი დაეცვათ. 1936 წელს ტასმანიური მგლის ბოლო წარმომადგენელი ზოოპარკში მოკვდა.
ენდრიუ პასკი, ავსტრალიის მელბურნის უნივერსიტეტის გენეტიკისა და ბიოლოგიის პროფესორი აცხადებს, რომ ცხოველი აღდგენისთვის კარგ კანდიდატს წარმოადგენს, რადგან მისი დნმ ბევრი ნიმუში არსებობს. "ყველა დიდ მუზეუმს ცხოველი თავისი კოლექციისთვის უნდოდა, ამიტომ მსოფლიოში მისი მრავალი ნიმუშია, ზოგიერთი კი შენახული განსაკუთრებულადაა", — ამბობს ის BBC Future-თან საუბრისას.
მიუხედავად ამისა, ნიმუშები ფრაგმენტულია, ამიტომ ბევრი მუშაობაა საჭირო, რათა დნმ-ის შესაბამისი წყობა მიიღონ. 2017 წელს პასკმა და მისმა კოლეგებმა ტასმანიური მგლის გენომი მთლიანად აღადგინეს, 2023 წელს კი ცხოველისგან რნმ აიღეს. რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ მრავალი გამოწვევა რჩება, თუმცა იმედოვნებენ, რომ სახეობას მალე დააბრუნებენ.
მოხეტიალე მტრედი
მოხეტიალე მტრედი (Ectopistes migratorius) ჩრდილოეთ ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული ფრინველი იყო. ის მე-17 საუკუნემდე აშშ-ის ფრინველთა საერთო პოპულაციის 25%-40%-ს შეადგენდა. ევროპელი მოსახლეები ფრინველზე გამუდმებით ნადირობდნენ, ანადგურებდნენ მათ საცხოვრებელს, რამაც სახეობის თანდათან გადაშენება გამოიწვია. ბოლო მოხეტიალე მტრედი, მდედრი სახელად მართა (რომელიც მართა ვაშინგტონის პატივსაცემად დაერქვა), 1914 წელს მოკვდა.
მუზეუმებში მოხეტიალე მტრედის მრავალი ნიმუში ინახება, რომლის დნმ ამოიღეს და გაშიფრეს. სამწუხაროდ, დნმ იმდენად დაზიანებულია, რომ ფრინველის პირვანდელი სახით დაბრუნება ნაკლებად სავარაუდოა. ბიოტექნოლოგიური კომპანია Revive & Restore სახეობის არსებული ნიმუშების ჩვეულებრივ მტრედში გადატანას გეგმავს. პირველი თაობის გამოყვანას 2025 წელს აპირებენ, შემდეგ კი ბუნებაშიც გაუშვებენ. თუ ყველაფერი წარმატებულად ჩაივლის, კომპანია "ტექნოლოგიას გააუმჯობესებს და ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთ ტყეების ეკოლოგიის აღდგენაში დიდ წვლილს შეიტანს".
ველური ხარი
ველური ხარი (Bos primigenius) ყველა თანამედროვე საქონლის, მათ შორის შინაური ძროხების (Bos taurus), წინაპარი იყო. ისინი გიგანტური, რქოსანი ცხოველები იყვნენ, რომლებიც ჩრდილოეთ აფრიკაში, აზიასა და თითქმის მთელი ევროპის ტერიტორიაზე ათასობით წლის განმავლობაში ბინადრობდნენ. მათი ყველაზე ადრეული ნიმუშები დაახლოებით 700 000 წლისაა. ველური ხარი უკანასკნელი გამყინვარების პერიოდის დასრულების შემდეგ ხმელეთის ყველაზე დიდი ძუძუმწოვარი იყო. ადამიანებმა ისინი გადაჭარბებული ნადირობითა და მათი საცხოვრებლის განადგურებით გადაშენებამდე მიიყვანეს. ბოლო გარეული ხარი 1627 წელს პოლონეთში მოკვდა.
ამჟამინდელი ძალისხმევა ცხოველის აღდგენის თვალსაზრისით სხვა გადაშენებული სახეობებისგან განსხვავდება, რადგან ის გენურ ინჟინერიას არ მოითხოვს. ველური ხარების დნმ-ის უმეტესი ნაწილი თანამედროვე საქონლის ჯიშებში გადარჩა. მეცნიერები ამ შემთხვევაში ალტერნატიულ მეთოდს გამოიყენებენ, რომლის მიზანიც ისეთი პირუტყვების შეჯვარებაა, რომელიც ფიზიკური თვისებებითა და ქცევებით აღსადგენ ცხოველს ყველაზე მეტად ჰგავს. ეს ძირითადად სამხრეთ ევროპის ჯიშებია, რომლებიც შედარებით ველურ პირობებში ცხოვრობენ.
რონალდ გოდერი, ეკოლოგი და Taurus Foundation-ის დირექტორი, რომელიც ველური ხარის აღდგენის პროექტს ხელმძღვანელობს, აცხადებს, რომ მისმა გუნდმა 6 სახეობის ძროხა უკვე შეარჩია. ისინი ცხოველის გაცოცხლებასთან ძალიან ახლოს არიან.
ანტილოპა-კვაგა
ანტილოპა-კვაგა (Equus quagga quagga) ზებრას გადაშენებული ქვესახეობაა. ისინი სამხრეთ აფრიკაში ყველაზე გავრცელებული ზებრები იყვნენ, რომლებსაც ტანის უკანა ნაწილში ნაკლები ზოლები ჰქონდათ. მონადირეებს ზუსტად მათი უჩვეულო ბეწვი იზიდავდა, რამაც ცხოველის გადაშენება გამოიწვია. სახეობის ბოლო, ტყვეობაში მყოფი, წარმომადგენელი 1883 წელს მოკვდა. ანტილოპა-კვაგას მხოლოდ შვიდი ჩონჩხი არსებობს, ამიტომაც ის ყველაზე იშვიათია.
ისევე როგორც ველური ხარების პროექტი, ანტილოპა-კვაგას "აღდგენა" გენურ ინჟინერიას არ მოითხოვს. 1987 წლიდან, სამხრეთ აფრიკაში მდებარე The Quagga Project-მა ისეთი ზებრების შერჩევითი გამრავლება დაიწყო, რომლებსაც ნაკლები ზოლები ჰქონდათ. მათი მიზანი იმ გენების აღდგენა იყო, რომლებიც ასეთ ბეწვს განაპირობებს. კრიტიკოსების აზრით, ეს პროექტი უსარგებლოა, რადგან გამოყვანილი ჯიში ისევ ჩვეულებრივი ზებრა იქნება, ნაკლები ზოლებით. განსხვავებული სახეობის მიღება შესაძლებელი მხოლოდ იმ შემთხვევაშია, თუ ნამდვილი ანტილოპა-კვაგას ჩონჩხიდან აღებულ დნმ-ს ზებრაში გადაიტანენ.
კომენტარები