როგორ აღიქვამენ ძაღლები სამყაროს — ყველაფერი ყნოსვით იწყება

ფოტო: Getty Images
ყნოსვა არის ის, რითაც ძაღლები სამყაროს ყველაზე უკეთ აღიქვამენ. მათთვის ეს იმდენად მნიშვნელოვანია, რამდენადაც ჩვენთვის მხედველობა. მიუხედავად ამისა, ცოტა რამ ვიცით იმის შესახებ, თუ როგორ ახდენენ ძაღლები სუნის ინტერპრეტაციას. და, აი, ახლა ახალი კვლევიდან გამომდინარე შეიძლება უკეთ გავიგოთ, თუ როგორ "ხედავს" სინამდვილეში სამყაროს ძაღლის ცხვირი.
ცნობისთვის, საშუალოდ ძაღლს ცხვირში 10 მილიონზე მეტი სუნის რეცეპტორი აქვს, ადამიანის შემთხვევაში ციფრებში ეს მხოლოდ 6 მილიონია. შედეგად ძაღლი სუნს 10 000-ჯერ უკეთესად აფიქსირებს, ვიდრე ეს ადამიანს შეუძლია. მაგალითად, სასამართლო ექსპერტიზისთვის გაწვრთნილ ძაღლებს 0.01 მიკროლიტრი ბენზინის კვალიც კი შეუძლიათ აღმოაჩინონ — ეს ლიტრის მემილიონედია.

ძაღლის ცხვირს "იხედება" იმის მიღმა, რასაც ადამიანის თვალი ხედავს.
ფოტო: Ayla Verschueren/Unsplash
ისტორიულად ადამიანებმა ძაღლების ყნოსვის ეს "სუპერძალა" მრავალმხრივ გამოიყენეს. ბუნებრივია ამან იმ კავშირს დაუდო საფუძველი, რომელიც ჩვენს ორ სახეობას ერთმანეთთან 40 000 წლის განმავლობაში ჩამოუყალიბდა.
დღესაც, 40 000 წლის შემდეგ, ძაღლებს კვლავ ვიყენებთ ნადირობისას, დაკარგული თუ გადამალული ნივთების მოსაძებნად და სხვა. მიუხედავად ამისა, ბოლომდე ჯერ კიდევ არ ვიცით როგორ ახდენენ ძაღლები სუნების ინტერპრეტაციასა და დამუშავებას.
ამისთვის კი ძაღლების თავის ტვინის აქტივობის შესწავლაა საჭირო, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი კონკრეტული სუნების ზემოქმედების ქვეშ არიან. ასე შესაძლებელია გავიგოთ ტვინის რომელი უბნებია დაკავშირებული სუნის იდენტიფიცირებასთან. ამით უფრო მეტს გავიგებთ ძაღლებზე და შესაბამისად, მათი სელექცია თუ წვრთნა გამარტივდება.
ამ დრომდე მეცნიერებს ძაღლების ტვინის შესასწავლად ბევრი აღჭურვილობა და მეთოდი სჭირდებოდათ, რომელიც ძაღლის გაჩერებულ მდგომარეობაში ყოფნას საჭიროებს. ეს კი ნიშნავს, რომ მსგავსი კვლევები აქამდე მარტივი ჩასატარებელი არ იყო.
ახალი კვლევა
სუნზე ძაღლების თავის ტვინის რეაგირების შესასწავლად მეცნიერებმა ახალი არაინვაზიური მეთოდი გამოიყენეს. მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ ეს მეთოდი, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს იყენებს, დაეხმარებათ დაადგინონ როგორ რეაგირებს ძაღლის ტვინი სუნზე და როგორ აღიქვამს ის სამყაროს.
ამისთვის მკვლევრებმა შექმნეს ოპტიკური სენსორი, რომელიც სამიზნედ თავის ტვინის სამ რეგიონს იღებს: ამიგდალას, ყნოსვის ბოლქვებსა და ჰიპოკამპუსს. ამიგდალა სტიმულებისადმი ემოციურ რეაქციაზეა პასუხისმგებელი. ყნოსვის ბოლქვი ჩართულია სუნის დამუშავებაში, ხოლო ჰიპოკამპუსი დაკავშირებულია მეხსიერების ფორმირებასთან.
რაც შეეხება სხვა აღჭურვილობას, ის მოიცავს კომპიუტერთან დაკავშირებულ მაღალი რეზოლუციის ციფრულ კამერას და მწვანე ლაზერს. ამ ლაზერის სინათლეს ძაღლის ბალანსა და თავის ქალის ძვალში შეღწევა შეუძლია. ეს ლაზერი ოთხ დასვენებულ, თვალებახვეულ ძაღლს მიანათეს. ძაღლები ოთხი სხვადასხვა სუნის ზემოქმედების ქვეშ იყვნენ: ალკოჰოლის, მარიხუანას, მენთოლისა და ნივრის. ყველა ნივთიერებამ ძაღლებში ერთნაირი ყნოსვითი რეაგირება გამოიწვია.
ტვინის სამი რეგიონიდან არეკლილ ლაზერის სინათლეში კამერამ ინტერფერენცია განსხვავებული სამი ლაქის მახასიათებლის სახით დააფიქსირა. ამ ყველაფერს კამერა ხუთი წამის განმავლობაში იწერდა.
უკვე ამის შემდეგ AI-მ გააანალიზა განსხვავებები ლაქების ნიმუშებში ტვინის სხვადასხვა რეგიონიდან, რათა შეექმნა მოდელები, თუ როგორ რეაგირებდა ძაღლების ტვინის რეგიონები თითოეულ სურნელზე.
ეს არ არის მხოლოდ ყნოსვა
კვლევამ აჩვენა, რომ ამიგდალა მნიშვნელოვანია ძაღლის მიერ სუნის გარჩევის პროცესში. ეს იმაზე მიუთითებს, რომ შეიძლება არსებობდეს ემოციური კომპონენტი ძაღლის მიერ გარემოში სუნის აღქმაში. მაგალითად, ადამიანებში გემოსა და სუნის დაფიქსირება დაკავშირებულია მეხსიერების ჩამოყალიბებასთან.
რადგან ძაღლები სუნისადმი ემოციურად რეაგირებენ, ამის გათვალისწინება წვრთნების დროს საჭირო იქნება. მაგალითად, ვეტერინარული ქირურგიასთან დამახასიათებელ სუნს ძაღლები ხშირად უსიამოვნო გამოცდილებასთან აკავშირებენ.
ახალმა კვლევამ შეიძლება გზა გაუხსნას სპეციალიზებული აღჭურვილობის შემუშავებას ძაღლების ყნოსვითი რეაქციების აღმოსაჩენად და მათ დასამუშავებლად. მობილური მოწყობილობა, რომელიც სწრაფად მუშაობს, საშუალებას მოგვცემს ინტერპრეტაცია გავუკეთოთ იმას, რასაც ძაღლები ყნოსვით აღიქვამენ.
ვნახოთ რა იქნება შემდეგი, მაგრამ ერთი რამ ფაქტია, ყნოსვა ძაღლებისთვის უფრო მეტად არის დაკავშირებული ემოციებთან, ვიდრე ეს შეიძლება ჩვენ აქამდე გვეგონა.
კომენტარები