პლანეტებზე დღის ხანგრძლივობა განსხვავებულია, რადგან თითოეული მათგანი საკუთარი ღერძის გარშემო მოძრაობას ერთნაირ დროს არ ანდომებს. ახალი კვლევით დადგინდა, რომ ურანის შემთხვევაში დღე 17 საათს, 14 წუთსა და 52 წამს გრძელდება.

ეს 28 წამით მეტია, ვიდრე კოსმოსურ ზონდ ვოიაჯერ 2-ის მონაცემებზე დაყრდნობით აქამდე მიიჩნეოდა. მან პლანეტას 1986 წელს ჩაუარა და პირველი აპარატი გახდა, რომელიც ამ ციურ სხეულს ახლოდან დააკვირდა. მაშინ დღის ხანგრძლივობა ურანზე არსებული ციალის თანმდევი რადიოსიგნალებისა და მაგნიტური ველის მონაცემების მეშვეობით დაადგინეს. ახლა უფრო ზუსტი გამოთვლების შესახებ ავტორებმა ნაშრომი გამოცემა Nature Astronomy-ში გამოაქვეყნეს.

თავდაპირველად მეცნიერებმა საკოორდინატო სისტემის განსასაზღვრად პლანეტის ბრუნვის პერიოდი გამოიყენეს, მაგრამ დაახლოებით 36-წამიანი უზუსტობა არსებობდა. რაც დრო გადიოდა, ის უფრო და უფრო იზრდებოდა, რის გამოც რამდენიმე წელში ურანის მაგნიტური ღერძის მიმართულების მაღალი სიზუსტით გარკვევა უკვე შეუძლებელი გახდა.

ამ დაბრკოლების გადასალახად ახალი კვლევის ფარგლებში სპეციალისტებმა ურანის პოლარული ნათებების გადაადგილება შეისწავლეს. ამისთვის ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის მიერ 2011-22 წლებში შეგროვებული მონაცემები გააანალიზეს. შედეგად ციური სხეულის მაგნიტური პოლუსების ადგილმდებარეობა განსაზღვრეს, რამაც ბრუნვის პერიოდის უფრო ზუსტად გამოთვლას შეუწყო ხელი.

ციალი ურანზე.

ფოტო: ESA/Hubble, NASA

ახალი მაჩვენებლის ცდომილება მხოლოდ 0.04 წამია, ანუ წინა შედეგებზე ბევრად ნაკლებია.

"ჰაბლის უწყვეტი დაკვირვებები უმნიშვნელოვანესი იყო. ამ მდიდარი ინფორმაციის გარეშე პერიოდული სიგნალების ასეთი სიზუსტით დაფიქსირება შეუძლებელი იქნებოდა", — აცხადებს კვლევის წამყვანი ავტორი, ლორენ ლემი.

გუნდში ამბობენ, რომ 0.04-წამიანი ცდომილება საშუალებას იძლევა, პლანეტის საკოორდინატო სისტემა რამდენიმე დეკადის განმავლობაში შევინარჩუნოთ. ეს მნიშვნელოვანია, რადგან იქ მისიების გაშვება იგეგმება, აპარატებს კი ნავიგაციისთვის მსგავსი სისტემა აუცილებლად დასჭირდება.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.