როგორია სიცოცხლის ხანგრძლივობა აშშ-სა და ევროპაში — ახალი კვლევა

ფოტო: Shutterstock.com
ახალი კვლევა აჩვენებს მნიშვნელოვან განსხვავებას აშშ-სა და ევროპას შორის სიკვდილიანობის მაჩვენებლებში, რის მიხედვითაც, შეძლებული ამერიკელი საშუალოდ უფრო ნაკლებს ცოცხლობს, ვიდრე შეძლებული ევროპელი. მეტიც, გარკვეული მაჩვენებლებით, შედარებით უფრო ღარიბი ევროპელიც კი უფრო მეტხანს ცოცხლობს.
არ გაგიკვირდებათ და კვლევამ აჩვენა, რომ ფინანსურად უზრუნველყოფილი ცხოვრება სიკვდილიანობის დაბალ რისკთან ასოცირდება. მეორე მხრივ, ღარიბსა და მდიდარს შორის სიცოცხლის ხანგრძლივობის მხრივ განსხვავება აშშ-ში უფროა, ვიდრე ევროპაში.
ეს შედეგები შეიძლება აიხსნას იმით, რომ ადამიანებს ევროპაში ჯანდაცვაზე და სოციალურ კეთილდღეობაზე ხელი უფრო მიუწვდებათ, ვიდრე აშშ-ში.

ფოტო: New England Journal of Medicine
"კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ შეძლებული ადამიანებიც კი არ არიან დაცული აშშ-ში არსებული სისტემური პრობლემებისგან, რომლებიც ხელს უწყობს სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირებას (ევროპელებთან შედარებით). ეს ფაქტორებია: ეკონომიკური უთანასწორობა, სტრესი, დიეტა და დაბინძურება", — ამბობს ჯანდაცვის ექსპერტი ირინე პაპანიკოლასი, ბრაუნის უნივერსიტეტიდან.
მკვლევრებმა 2010 წლიდან 2022 წლამდე 50-დან 85 წლამდე ასაკის 73 838 ზრდასრული ადამიანის ჯანმრთელობისა და საპენსიო ჩანაწერების მონაცემები შეაფასეს. როგორც აშშ-ის, ასევე ევროპის შემთხვევაში, მონაწილეები დაიყვნენ ოთხ ჯგუფად — ყველაზე მდიდრებიდან ყველაზე ნაკლებად მდიდრებამდე.
გუნდმა თითოეული ჯგუფის სიკვდილის შანსები შეისწავლა, რაც გვაძლევს მნიშვნელოვან მითითებებს მონაწილეთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ხანგრძლივობის შესახებ. ყოველ ჯგუფში ევროპელების მონაცემები უკეთესი იყო.
სიკვდილიანობის მაჩვენებლები იცვლებოდა ევროპის რეგიონების მიხედვით, მაგრამ გერმანიაში, საფრანგეთსა და ნიდერლანდებში ყველაზე ღარიბმა ჯგუფებმაც კი უკეთესი შედეგები აჩვენა, ვიდრე აშშ-ის მდიდარმა ჯგუფებმა.
მთლიანობაში, კვლევის პერიოდში ორივე რეგიონში მდიდარი ადამიანების სიკვდილიანობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად ნაკლები იყო, ვიდრე ღარიბების. რაც შეეხება კონტინენტებს შორის განსხვავებას, სიკვდილიანობის მაჩვენებელი 40%-ით ნაკლები იყო ჩრდილოეთ და დასავლეთ ევროპაში, ვიდრე აშშ-ში.
კვლევა New England Journal of Medicine-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები