12 000-ზე მეტი წლის წინ გადაშენებული სახეობის გაცოცხლების ამბავმა მთელი ინტერნეტი მოიცვა. ეს არსება Time-ის გარეკანზეც კი მოხვდა და სამეფო კარის თამაშების მოყვარულთა ინტერესიც დაიმსახურა, რადგან იქ არსებული მგელსაზარას მსგავსია — ერთ-ერთ ლეკვს კჰალისიც კი ჰქვია.

იხილეთ: მეცნიერებმა 12 500 წლის წინ გადაშენებული მგელი გააცოცხლეს — ისტორიაში პირველად

ამ სიახლეს ექსპერტებიც გამოეხმაურნენ და ეჭვქვეშ დააყენეს, რამდენად შეიძლება, ეს ცხოველები მართლაც სახეობის დაბრუნებულ წარმომადგენლებად მივიჩნიოთ. სანამ მათ მოსაზრებას გაგაცნობთ, მოკლედ მიმოვიხილოთ, რა გააკეთეს ბიოტექნოლოგიურ კომპანია Colossal Biosciences-ში მომუშავე სპეციალისტებმა.

პირველ რიგში, საუბარია Aenocyon dirus-ის სახეობაზე, რომელსაც "საზარელი მგელი", გნებავთ მგელსაზარა, ეწოდება. ის ათასობით წლის წინ გაქრა, მაგრამ მეცნიერებმა გენური ინჟინერიის მეშვეობით მათი დაბრუნება სცადეს. მკვლევრებმა გადაშენებული მგლის გენომი აღადგინეს, რისთვისაც დღემდე შემორჩენილი დნმ გამოიყენეს. მათ გამოავლინეს ის გენები, რომლებიც მხოლოდ Aenocyon dirus-ში გვხვდება. შემდეგ თანამედროვე რუხი მგლების დნმ ხელოვნურად შეცვალეს ისე, რომ მასში დიდი ხნის წინ გამქრალი სახეობის უნიკალური გენური ვარიანტები ყოფილიყო. ბოლოს, მიღებული გენეტიკური მასალა რუხი მგლის ბირთვგამოცლილ კვერცხუჯრედებში გადაიტანეს და ლაბორატორიულ პირობებში მოამწიფეს, სანამ ემბრიონებს სუროგატი ძაღლების საშვილოსნოში მოათავსებდნენ. შედეგად სამი ლეკვი დაიბადა — რომულუსი, რემუსი და კჰალისი.

ფოტო: Colossal Biosciences

ოტაგოს უნივერსიტეტში მომუშავე ზოოლოგ ფილიპ სედონის აზრით, ისინი "გენეტიკურად მოდიფიცირებული რუხი მგლები" არიან და არა სუფთა ჯიშის Aenocyon dirus-ის სახეობის ცხოველები. ამ სხვაობას პალეონტოლოგი ნიკ როულენსიც აღნიშნავს, რომელიც იმავე სასწავლო დაწესებულების პროფესორია.

ის ამბობს, რომ ნამარხებიდან ამოღებული დნმ ზედმეტად დაზიანებულია იმისთვის, რომ მისი ბიოლოგიური ასლი შეიქმნას და კლონირებისთვის გამოვიყენოთ.

"ასეთი ძველი დნმ ისეთ მდგომარეობაშია, როგორშიც მთელი ღამით გაზქურაში 500°C ტემპერატურაზე მოთავსების შემდეგ იქნებოდა. ის დანაწევრებულია, ანუ მტვრად და ფრაგმენტებადაა დაშლილი. მისი რეკონსტრუქცია შესაძლებელია, მაგრამ არა ისე კარგად, რომ რამეში გამოგვადგეს", — აცხადებს მეცნიერი, რომლის თქმითაც, კომპანიამ უბრალოდ რუხი მგლის გენომში ის მნიშვნელოვანი სეგმენტები გამოავლინა, რომლის მოდიფიცირებაც შეეძლო.

"შესაბამისად, Colossal-ში შექმნეს რუხი მგელი, რომელსაც მგელსაზარას მსგავსი მახასიათებლები გააჩნია, როგორიცაა უფრო დიდი თავის ქალა და თეთრი ბალანი. ეს ჰიბრიდია", — ასკვნის როულენსი.

თავად კომპანიის წარმომადგენელი, ბიოლოგი ბეტ შაპირო, უკანასკნელ მიღწევას სახეობის გაცოცხლებას უწოდებს. ის ამას განმარტავს, როგორც იმავე მახასიათებლების მქონე ცხოველების შექმნას.

"რუხი მგელი საზარელი მგლის ყველაზე ახლო ცოცხალი ნათესავია, ისინი გენეტიკურად ერთმანეთს მართლაც ძალიან ჰგვანან. აქედან გამომდინარე, მიზანში ამოვიღეთ დნმ-ის ის ნაწილები, რომლებიც Aenocyon dirus-ის თვისებებამდე მიგვიყვანდა და რუხი მგლის უჯრედები შევცვალეთ. შემდეგ მათი ასლები შევქმენით და მგელსაზარები მივიღეთ", — ამბობს ის.

როულენსი ამას უპირისპირებს იმ ფაქტს, რომ ეს ორი სახეობა დაახლოებით 2.5-6 მილიონი წლის წინ განცალკევდა, ამიტომ რუხი მგლები ზემოხსენებული გადაშენებული ცხოველებისგან განსხვავდებიან.

"Colossal-მა მათი გენომები შეადარა და დაახლოებით 19 000 გენში მხოლოდ 14 აღმოჩნდა ისეთი, რომელშიც 20 ცვლილება შეიტანეს, რათა მგელსაზარა მიეღოთ", — აცხადებს მეცნიერი.

ასეა თუ ისე, ბოლო მიღწევა მაინც მნიშვნელოვანია, რადგან Colossal-ში ძველი სახეობის იდენტური თუ არა, მისი მსგავსი არსება მაინც შექმნეს. კომპანიას ბეწვიანი მამონტების გაცოცხლებაც სურს და ამ საკითხზე აქტიურად მუშაობს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.