ფლორიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო კოლეჯისა და მონპელიეს უნივერსიტეტის მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ასაკოვან ადამიანებს, რომლებსაც არასდროს უქორწინიათ ან განქორწინებულნი არიან, დემენციის განვითარების უფრო დაბალი რისკი აქვთ. ეს ჯანდაცვისა და დაბერების კვლევებში დამკვიდრებულ შეხედულებას ეწინააღმდეგება, რომლის მიხედვითაც პირიქით — კოგნიტიური უნარების დაქვეითების რისკს დაუქორწინებლობა ზრდის.

ქორწინებას ხშირად უკეთეს ჯანმრთელობის მდგომარეობასა და სიცოცხლის მომატებულ ხანგრძლივობას უკავშირებენ. ამისდა მიუხედავად, ქორწინებისა და დემენციის კავშირი მაინც ბუნდოვანი რჩება. ზოგი კვლევის თანახმად, დემენციის რისკი დაუქორწინებელ ინდივიდებშია უფრო მაღალი, ხოლო ზოგი — საპირისპირო შედეგს ან კორელაციის არარსებობას აჩვენებს. აქამდე ჩატარებული კვლევები იშვიათად თუ ითვალისწინებს სხვა ფაქტორებს, მაგალითად, სქესს, დეპრესიას ან გენეტიკურ წინასწარგანწყობას.

გამოცემაში Alzheimer's & Dementia ახალი კოჰორტული კვლევა გამოქვეყნდა, რომელიც 18 წლის განმავლობაში ტარდებოდა. მისი მიზანი ასაკოვან ადამიანებში დემენციის ჩამოყალიბებასა და ქორწინებაში ყოფნას შორის კავშირის დადგენა იყო.

კვლევაში 24 000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. კვლევის დასაწყისში მათ დემენცია არ ჰქონდათ. მათ კოგნიტიურ უნარებს პროფესიონალები ყოველწლიურად ამოწმებდნენ. ქორწინების სტატუსი ოთხ კატეგორიად დაყვეს: დაქორწინებული, ქვრივი, განქორწინებული, დაუქორწინებელი.

დემენციის რისკი კოქსის პროპორციული საფრთხის რეგრესიული მოდელით შეაფასეს. ამ შემთხვევაში მოდელი დემოგრაფიულ ნიშან-თვისებებს, მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას, ქცევით ისტორიას, გენეტიკურ რისკფაქტორებსა და დიაგნოსტიკას მოიცავდა.

დაქორწინებულ ცდისპირებთან შედარებით, განქორწინებულ ან დაუქორწინებელ ინდივიდებს დემენციის განვითარების დაბალი რისკი ჰქონდათ. დემენციის რისკი სრული შერჩევის 20,1%-ში გამოვლინდა. დემენცია დაქორწინებული ცდისპირების 21,9%-ს განუვითარდა. მსგავსი სიხშირე გამოვლინდა ქვრივებშიც — 21,9%. გაცილებით დაბალი რისკი აღმოაჩნდათ დაუქორწინებელ (12,4%) და განქორწინებულ (12,8%) ინდივიდებს.

საფრთხის თანაფარდობამ უფრო დაბალი რისკი სამივე დაუქორწინებელი ჯგუფის შემთხვევაში გამოავლინა. საწყის მოდელებში, რომლებიც მხოლოდ ასაკსა და სქესს ითვალისწინებდა, განქორწინებულ ადამიანებს დემენციის განვითარების 34%-ით დაბალი რისკი ჰქონდათ (HR = 0.66, 95% CI = 0.59–0.73), დაუქორწინებელ ინდივიდებს — 40%-ით უფრო დაბალი (HR = 0.60, 95% CI = 0.52–0.71), ხოლო ქვრივებს — 27%-ით უფრო დაბალი რისკი გამოუვლინდათ (HR = 0.73, 95% CI = 0.67–0.79).

მას შემდეგ, რაც მეცნიერებმა მოდელი განავრცეს და სხვა ფაქტორები (ჯანმრთელობა, ქცევითი მახასიათებლები, გენეტიკა) დაამატეს, განქორწინებული და დაუქორწინებელი ინდივიდებისთვის ეს ასოციაციები თითქმის არ შეცვლილა. ქვრივებისთვის კი ასოციაცია იმდენად შესუსტდა, რომ სტატისტიკურად მნიშვნელოვანი საერთოდ აღარ იყო.

გარდა ამისა, რისკის კანონზომიერებები ოდნავ უფრო ძლიერად დაფიქსირდა კაცებსა და ახალგაზრდებში.

მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ დემენციის განვითარების რისკი დაუქორწინებელ ადამიანებში უფრო დაბალი იყო. განსაკუთრებით მათში, ვისაც არასდროს უქორწინიათ ან განქორწინდნენ.

რაც შეეხება დემენციის ქვეტიპებს, ალცჰაიმერის დაავადება და ლევის სხეულების დემენცია დაქორწინებულ ინდივიდებში უფრო მაღალი იყო, ისევე როგორც მსუბუქი კოგნიტიური შეფერხებიდან დემენციის რთულ ფორმებზე გადასვლის რისკი. აღსანიშნავია, რომ ქორწინების კავშირი ვასკულარულ დემენციასა და ადრეული სტადიის კოგნიტიურ დაქვეითებას შორის არ გამოვლენილა.

მკვლევრები დემენციასა და ქორწინებას შორის მსგავს კავშირს ძირითადად ორი სავარაუდო მიზეზით ხსნიან. პირველი ის არის, რომ დაუქორწინებელი ადამიანები, როგორც წესი, მეგობრებთან და ოჯახის სხვა წევრებთან მეტ დროს ატარებენ. გარდა ამისა, ზოგ დაქორწინებულ წყვილს ცუდი ურთიერთობა აქვს, რაც სტრესის დონეს საგრძნობლად ზრდის.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.