რუსეთზე დამოკიდებული ეკონომიკა
2018 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 4,7 პროცენტით გაიზარდა და ერთ სულ მოსახლეზე გადანაწილებით, დაახლოებით, 4 300 დოლარს გაუტოლდა. ეს მაჩვენებელი თითქმის ორჯერ ნაკლებია, ვიდრე ევროკავშირის წევრი, ყველაზე ღარიბი სახელმწიფოსი, ბულგარეთის. ამ ქვეყნის მშპ ერთ მოსახლეზე 8 000 დოლარს უტოლდება. არსებული ეკონომიკური ზრდით, ევროკავშირის ყველაზე ღარიბ ქვეყნებთან გათანაბრებისთვის საქართველოს არაერთი ათწლეული სჭირდება.
ამ მაჩვენებლების გარდა, რომელიც ოპტიმიზმის საფუძველს ნაკლებად იძლევა, საქართველოს ეკონომიკის წინაშე შეიძლება კიდევ უფრო დიდი გამოწვევები იდგეს. ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად იზრდება რუსეთის ბაზრის როლი საქართველოს ეკონომიკაში. რუსეთის მნიშვნელობა იზრდება ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორში, შესაბამისად, იზრდება საქართველოს ეკონომიკის დამოკიდებულებაც რუსეთის ბაზარზე.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები
საქსტატის მონაცემებით, ბოლო ოცი წლის განმავლობაში რუსეთიდან პირდაპირი ინვესტიციები ჯამურად 732 მილიონი დოლარს უტოლდება.
მრავალი წლის მანძილზე, რუსეთი საქართველოს მსხვილ ინვესტორად რჩებოდა, განსაკუთრებით, 90-იან წლებში. ამ პერიოდში საქართველოს მიმართ ინტერესს გამოხატავდნენ როგორც კერძო საკუთრებაში არსებული რუსული კომპანიები, ისე რუსეთის სახელმწიფო კომპანიებიც. ყველაზე მსხვილ ინვესტიციებს რუსული კომპანიები საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში ახორციელებდნენ. ამის მაგალითია ელექტრო მომარაგების კომპანია თელასი, რომლის აქციათა 75 პროცენტის მფლობელი რუსეთის სახელმწიფო კომპანია ინტერ რაოა.
ინვესტიციების მიმართულებით, რუსეთმა პირველობა 2000-იან წლებში დაკარგა. მიუხედავად იმისა, რომ 2004-დან 2008 წლამდე პერიოდში რუსეთის წილი მთლიან პორტფელში მცირდებოდა, პირდაპირი ინვესტიციების რაოდენობა ნომინალურად მაინც იზრდებოდა.
სავარაუდოა, რომ 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ რუსული ბიზნესისთვის დაწესებულმა საერთაშირისო ეკონომიკურმა სანქციებმა მნიშვნელოვნად შეაფერხა რუსული კაპიტალის თავისუფალი ოპერირება, მათ შორის საქართველოშიც. მიუხედავად ამისა, რუსული ინვესტიციების კუთხით, საქართველოს ისტორიაში რეკორდული აღმოჩნდა 2014 წელი. მაშინ პირდაპირი რუსული ინვესტიციების რაოდენობა 88 მილიონ დოლარი იყო.
პირდაპირი ინვესტიციები რუსეთიდან ბოლო სამი წლის განმავლობაში იზრდება.
საქართველოსა და რუსეთს შორის პოლიტიკური ვითარების გაუარესების და ესკალაციის შემთხვევაში, მოსალოდნელია, რომ ქართულ საინვესტიციო პორტფელში რუსული ფულის წილი მნიშვნელოვნად შემცირდება.
ექსპორტი
დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან საქართველოსთვის რუსეთი მსხვილი საექსპორტო ბაზარი იყო. 13 წლის მანძილზე საქართველოდან გასული პროდუქცია მუშტარს ძირითადად რუსეთში პოულობდა. ვითარება 2004 წელს შეიცვალა. ამ წელს თურქეთში უფრო მეტი ქართული პროდუქცია გაიყიდა, ვიდრე რუსეთში. ეს იყო პირველი წელი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, როდესაც ყველაზე დიდი საექსპორტო ბაზარი არ იყო რუსეთის ფედერაცია.
2004 წლის ტრენდი მომდევნო ათწლეულის განმავლობაშიც განვითარდა. რუსეთის საექსპორტო ბაზრის პოტენციალი ქართული პროდუქციისთვის განსაკუთრებით, 2006 წელს შემცირდა. ამ წელს რუსეთმა საქართველოს ეკონომიკური და ენერგეტიკული ემბარგო გამოუცხადა და ერთ დღეში ქართული პროდუქციისთვის რუსული ბაზარი თითქმის სრულად დახურა.
2005 წლიდან 2012 წლამდე რუსეთში ექსპორტირებული პროდუქციის ღირებულება მკვეთრად შემცირდა. თუკი 2005 წელს რუსეთში ჯამურად $153 მილიონის ექსპორტი განხორციელდა, 2012 წელს იგივე მაჩვენებელი 46 მილიონი დოლარი იყო. ამ მონაკვეთში საქართველოს ჯამური ექსპორტი წლიდან წლამდე იზრდებოდა, თუმცა მცირდებოდა რუსეთის წილი. 2009 წელს დაფიქსირდა ისტორიული მინიმუმიც, მაშინ რუსეთში განხორციელებული ჯამური ექსპორტი 21 მილიონი დოლარი გახდა.
ვითარება 2013 წელს მას შემდეგ შეიცვალა, რაც ქართული პროდუქციისთვის რუსეთის ბაზარი კვლავ გაიხსნა. ამ დროიდან რუსეთი საქართველოს ყველაზე მსხვილ საექსპორტო ბაზრების ხუთეულში დაბრუნდა, ხოლო 2016 წლიდან 2018 წლის ჩათვლით პირველ ადგილსაც იკავებს.
თუ მხედველობაში მივიღებთ იმ ფაქტს, რომ რუსეთის ბაზარი პოლიტიზირებულია და რუსეთის ხელისუფლების მხრიდან ხშირად გამოიყენება პოლიტიკური ზეწოლის იარაღად, საქართველოს ეკონომიკისთვის შეიძლება საფრთხის შემცველი იყოს.
იმპორტი
1995 წლიდან დღემდე რუსეთიდან იმპორტირებული პროდუქციის ჯამური ღირებულება, დაახლოებით, 9 მილიარდი დოლარს უტოლდება. რუსული პროდუქცია საქართველოში ყოველთვის დიდი მოთხოვნით სარგებლობდა. ამ მიმართულებით რუსული პროდუქციის მთავარი კონკურენტი ადგილობრივ ბაზარზე თურქული პროდუქციაა.
საიმპორტო ბაზრების სტრუქტურული ცვლილება 2007 წლიდან დაიწყო. ამ დროიდან მოყოლებული რუსეთი მთავარი საიმპორტო ბაზრის მიმართულებით თურქეთმა ჩაანაცვლა. 2007-დან 2013 წლამდე რუსეთი საქართველოში იმპორტირებული პროდუქციის ღირებულებით პირველ ხუთეულშიც არ შედიოდა.
მას შემდეგ, რაც სავაჭრო ურთიერთობები რუსეთსა და საქართველოს შორის შედარებით დარეგულირდა, გაიზარდა რუსული პროდუქციის იმპორტიც. ბოლო ხუთ წელიწადში რუსეთიდან იმპორტირებული პროდუქციის ღირებულება 3,6 მილიარდი დოლარია, რაც დამოუკიდებლობის პერიოდში, მთლიანად შესყიდული პროდუქციის ღირებულების თითქმის მესამედია.
რუსეთიდან იმპორტის მიმართულებით რეკორდული აღმოჩნდა ბოლო სამი წელი. ამ წლებში ყოველწლიურად ახალი ისტორიული მაქსიმუმი ფიქსირდებოდა.
2016 წლამდე რუსეთიდან იმპორტის ისტორიული მაქსიმუმი 2007 წელს, 573 მილიონი დოლარი იყო. 2016 წელთან შედარებით 2017 წელს რუსული პროდუქციის იმპორტი 18 პროცენტით გაიზარდა, ხოლო 2018 წელს კი 17 პროცენტით.
ამ დროისთვის საქართველოს ყველაზე მსხვილ იმპორტიორი კვლავაც თურქეთია, თუმცა ბოლო წლების ზრდის დინამიკით თურქული პროდუქცია მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება რუსულს. თუკი, 2016 წლიდან დღემდე თურქული პროდუქციის იმპორტის ზრდა 9 პროცენტია, იგივე მაჩვენებელი რუსული პროდუქციის შემთხვევაში 35 პროცენტია.
ტურიზმი
სხვადასხვა გეოგრაფიული თუ ისტორიული ფაქტორებიდან გამომდინარე, რუსი ტურისტებისთვის საქართველო ყოველთვის სასურველ დასასვენებელ ადგილად მიიჩნეოდა. ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან რუსი ტურისტების დასვენებისა და გართობის ადგილი ხშირად ქართული კურორტები იყო.
ეს ტრენდი შენარჩუნდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგაც. უკვე დამოუკიდებელი საქართველოს კურორტულ ზონებში მართალია შემცირებული ნაკადებით, მაგრამ რუსეთის რეზიდენტები მაინც გამოირჩეოდნენ სიმრავლით.
ტურიზმის მიმართულებით რუსი ტურისტების ნაკლებობა არც ბოლო წლების განმავლობაში შეინიშნება. რუსეთის სულ უფრო მეტი მოქალაქე შვებულების ადგილად საქართველოს ირჩევს. ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოში რუსი ტურისტების რაოდენობა ჯამურად სამ მილიონს აღემატება.
შემოსული ტურისტების რაოდენობით რუსეთი მუდმივად პირველ სამეულშია. რუსეთის რეზიდენტების ძირითადი კონკურენტები აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან არიან. 2018 წელს რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან თითქმის თანაბარი რაოდენობა შემოვიდა. აზერბაიჯანი — 1,424 მილიონი, რუსეთი — 1,4 მილიონი.
ბოლო წლების დინამიკაში რუსი ტურისტების ზრდის დინამიკა ყველაზე მაღალია მეზობელ სახელმწიფოებს შორის.
რუსეთის მოქალაქეები სხვა მეზობელი სახელმწიფოს მოქალაქეებთან შედარებით, ასევე, გამოირჩევიან ყველაზე მაღალი საშუალო ხარჯით. ერთი რუსი ტურისტის საშუალო დანახარჯი ვიზიტზე, დაახლოებით, 1 253 ლარია. გამოდის, რომ 2018 წელს რუსმა ტურისტებმა საქართველოში, დაახლოებით, 1,8 მილიარდი ლარი დახარჯეს.
ეკონომიკის სხვა ნაწილის მსგავსად, რუსული ტურიზმიც საკმაოდ მოწყვლადია პოლიტიკური წნეხის წინაშე. ურთიერთობის დაძაბვის ფონზე არსებობს საკმაოდ მაღალი ალბათობა იმისა, რომ რუსეთი საქართველოს საკუთარი მოქალაქეებისთვის საფრთხის შემცველ ზონად გამოაცხადებს. რუსეთის ხელისუფლებას მსგავსი გადაწყვეტილება არაერთხელ მიუღია, ბოლოს ასეთი რამ 2015 წელს რუსეთსა და თურქეთს შორის პოლიტიკური ვითარების გამწვავებას მოჰყვა.
რუსეთის რეზიდენტები ასევე ლიდერობენ საქართველოში უძრავი ქონების ყიდვის მაჩვენებლით. 2012-2016 წლებში უცხოეთის მოქალაქეებზე გაყიდული 34 ათასი უძრავი ქონებიდან 53 პროცენტი რუსეთის მოქალაქეების საკუთრებაშია.
პირდაპირი ფულადი გზავნილები
პირდაპირი ფულადი გზავნილები საქართველოს ეროვნული შემოსავლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. ამ გზით ბოლო ხუთი წელში ქვეყანაში 6,6 მილიარდი დოლარი შემოვიდა.
2017 წლის მონაცემებით, ყველაზე მეტი, 450 ათასი ქართველი ემიგრანტი რუსეთში ცხოვრობს. აქედან გამომდინარე, პირდაპირი ფულადი გადმორიცხვების რაოდენობით რუსეთი ყოველთვის პირველ ადგილს იკავებდა.
ბოლო სამი წელიწადში რუსეთიდან პირდაპირი ფულადი გზავნილების ჯამური რაოდენობა 1,3 მილიარდი დოლარია.
პირდაპირი ფულადი გზავნილები არის ერთადერთი სფერო, სადაც 2013 წლიდან რუსეთის წილი საერთო პორტფელში ყოველწლიურად მცირდება. თუკი, 2013 წელს ფულადი გზავნილების ჯამურ მაჩვენებელში რუსეთის წილი 54 პროცენტი იყო, იგივე მაჩვენებელი 2018 წელს 29 პროცენტი გახდა.
პროცენტული წილის შემცირების მიუხედავად, იზრდება რუსეთიდან გზავნილების ნომინალური რაოდენობა. ყოველწლიურად მხოლოდ რუსეთიდან უფრო მეტი თანხა იგზავნება, ვიდრე იტალიიდან, საბერძნეთიდან და ისრაელიდან ერთად. ეს ის ქვეყნებია, საიდანაც რუსეთის შემდეგ ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი ფიქსირდება. ბოლო სამი წლის განმავლობაში ამ ქვეყნებიდან ჯამურად გადმორიცხული თანხა 1,233 მილიარდი დოლარია, იგივე მაჩვენებელი მხოლოდ რუსეთის შემთხვევაში 1,3 მილიარდი დოლარია.
2006 წლის გამოცდილება
მსოფლიოს ეკონომიკურ ისტორიაში რთულად მოიპოვება წარმატების მაგალითი მეზობელ ქვეყნებთან წარმატებული ვაჭრობის გარეშე. იშვიათია ისეთი ქართული ბიზნესის პოვნა, რომელიც სრულად დამოუკიდებელია რუსული კაპიტალისგან, თუმცა დაგროვილი გამოცდილებიდან გამომდინარე ამ მიმართულებით დიდი რისკები არსებობს.
2006 წლის 22 იანვარს საქართველო-რუსეთის საზღვარზე გაურკვეველ ვითარებაში მაგისტრალური გაზსადენი აფეთქდა, მალევე წყობიდან გამოვიდა ელექტროგადამცემი ხაზი "კავკასიონიც". რუსეთზე თითქმის სრულად ენერგოდამოკიდებული საქართველო გაზისა და ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. რამდენიმე თვეში რუსეთმა გაზის ტარიფი 100 პროცენტით გაზარდა.
რუსეთის სადამსჯელო ზომები ამით არ ამოწურულა. იმავე წელს რუსეთმა აკრძალა რუსეთის ტერიტორიაზე მთავარი ქართული ექსპორტის ღვინისა და მინერალური წყლების გაყიდვა. მიზეზად როსკომნადზორის მაშინდელმა უფროსმა, გენადი ონიშენკომ ქართული პროდუქციის დაბალი ხარისხი დაასახელა. ის ქართული ბიზნესები, რომლებიც უმთავრესად რუსეთის ბაზარზე იყვნენ დამოკიდებულნი ერთ დღეში გასაღების მთავარი ბაზრის გარეშე დარჩნენ.
2006 წლის სადამსჯელო ოპერაცია რუსეთმა ქართველთა მასობრივი დეპორტაციით დაასრულა. 2006 წლის შემოდგომაზე 5 000-მდე ქართველი რუსეთიდან საქართველოში სატვირთო თვითმფრინავებით გამოაძევეს.
საქართველოსა და რუსეთს შორის პოლიტიკური ვითარების გაუარესების შემთხვევაში რუსეთი მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს გამოიყენებს, მათ შორის ეკონომიკურს. ჩვენი ეკონომიკის წინაშე არსებული გამოწვევებისგან, რუსეთზე დამოკიდებულება შეიძლება ყველაზე მწვავე პრობლემაც კი იყოს. დღეს ოკუპანტი კვლავ ჩვენი მთავარი სავაჭრო პარტნიორია.
კომენტარები