კომიტეტის სხდომა, რომელზეც თიბისის საქმეზე უნდა ემსჯელათ, ამ საკითხზე მსჯელობის გარეშე დასრულდა
ეკონომიკის დარგობრივი კომიტეტის სხდომა, სადაც თიბისი ბანკის საქმესა და ეროვნული ბანკის ახალ რეგულაციაზე უნდა ემსჯელათ ამ საკითხებზე მსჯელობის გარეშე დასრულდა. 57 წუთის განამავლობაში დეპუტატები ფორმატზე შესათანხმებლად კამათობდნენ, თუმცა უშედეგოდ.
ფორმატზე დავა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებას მოყვა. მისი თქმით, საბანკო რეგულაციების შეფასება ჯერ ადრეა, თიბისი ბანკის საქმე კი ამ ფორმატში არ უნდა განიხილებოდეს და ეს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობაზე იერიშის მიტანაა.
გვენეტაძის განმარტებით, რეგულატორის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შეფასება ღია სხდომაზე, რომელსაც ბანკის წარმომადგენლებიც ესწრებიან მართებული არ არის და მსგავსი პრეცენდენტი მსოფლიოში არ არსებობს. მან აღნიშნა, რომ კითხვებზე საპასუხოდ მზად იყო, თუმცა კომიტეტს უნდა აეღო პასუხისმგებლობა იმაზე, ღირდა თუ არა ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა საჯაროდ.
გვენეტაძის აზრს მხარს უჭერდნენ ქართული ოცნების დეპუტატები არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე და დავით მათიკაშვილი. თალაკვაძემ ისიც აღნიშნა, რომ მსგავსი ფორმატი ეწინააღდეგება ბანკისა და რეგულატორის თანამშრომლობის პრინციპებს.
პასუხად ევროპული საქართველოს დეპუტატმა, ხათუნა გოგორიშვილმა განაცხადა, რომ გვენეტაძეს, როგორც მოწვეულ პირს კანონით და რეგლამენტით არ აქვს უფლება კომიტეტს უკარნახოს, თუ რა ფორმატში უნდა იმუშაოს.
მსჯელობის შემდეგ, დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ ვინაიდან გვენეტაძე სხდომაზე მისმა პარტიამ, ევროპულმა საქართველომ მიიწვია ისინი თანახმა არიან გადადონ ეროვნული ბანკი რეგულაციების განხილვა, თუმცა მისი თქმით, თიბისი ბანკის საქმის განხილვა აუცილებელია.
ამავე აზრზე იყო ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი, რომან გოცირიძეც. მისი თქმით, არასწორია არგუმენტები იმის შესახებ, რომ რეგულატორის ქმედებებს საჯაროდ ვერ განიხილავენ. მისივე თქმით, ეს საკითხები ეროვნულმა ბანკმაც და თიბისიმაც უკვე გაასაჯაროა და ეს მიზეზები უბრალოდ სხდომის ჩაშლის მცდელობაა.
ნახევარსაათიანი კამათის შემდეგ რომან კაკულიამ განაცხადა, რომ დარბაზში ხმაურია და ასე მსჯელობას ვერ გააგრძელებენ. მან ხუთწუთიანი შესვენება გამოაცხადა.
შესვენების შემდეგ დეპუტატები კიდევ 22 წუთი კამათობდნენ იმაზე თუ რა ფორმატით უნდა გაგრელებულიყო სხდომა.
ევროპული საქართველოს დეპუტატმა, ოთო კახიძემ განაცხადა, რომ გვენეტაძის განმარტება, თითქოს ეს ფორმატი ეროვნული ბანკის ინტერესებს დააზიანებდა მიუღებელია, ვინაიდან პროკურატურის გამოძებამ და ეროვნული ბანკის განცხადებამ თიბისი ბანკი იმდენად დააზარალა, რომ მათი აქციების ფასი დაეცა.
სალომე სამადაშვილმა კი აღნიშნა, რომ დღის წესრიგი სხდომის დაწყებამდე იყო ცნობილი და თუ ვინმეს მიაჩნდა, რომ სხდომა უნდა დახურულიყო ამაზე აქამდე უნდა ემსჯელათ. მისივე თქმით, გვენეტაძეს უნდა აეღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა და განემარტა რა კითხვებს ვერ უპასუხებდა საჯაროდ და რაზე ისაუბრებდა სხვა ფორმატში.
კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ დეპუტატებს შესთავაზა, რომ სხდომის დახურვის საკითხი კენჭისყრაზე გაეტანათ. თუმცა, ამ აზრს ოპოზიცია არ დაეთანხმა. რომან კაკულიამ განაცხადა, რომ კომიტეტის სხდომა დასრულდა და დარბაზი დატოვა.
სხდომის დასრულების შემდეგ მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ პარლამენტში იმისთვის მივიდნენ, რომ საზოგადოებას გაეგო რა მოხდა რეალურად. მან გაიმეორა, რომ ორკესტრირებული შეტევის მსხვერპლი არიან, თუმცა არ დააკონკრეტა ვის გულისხმობდა. ამ კითხვას არც ბადრი ჯაფარიძემ უპასუხა.
ორივე მათგანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა ისიც, რომ ფულის გათეთრების მუხლით საქმის გამოძიებამ არამარტო მათი და თიბისი ბანკის, არამედ მთელი ქვეყნის ინტერესები დააზარალა.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე კომიტეტის სხდომაზე ევროპულმა საქართველომ მიიწვია. თავდაპირველი თემა ახალი საბანკო რეგულაციები იყო. მას შემდეგ, რაც ეროვნულმა ბანკმა თიბისი ბანკის ხელმძღვანელების გადაყენება მოითხოვა ევროპული საქართველოს დეპუტატებმა სხდომაზე მამუკა ხაზარაძეც მიიწვიეს. სხდომაზე დასწრებას ხაზარაძე და ჯაფარიძე დათანხმდნენ.
ეროვნულ ბანკმა გუშინ, 25 თებერვალს განცხადება გაავრცელა, სადაც იმავე მიზეზებით განაცხადა, რომ ამ ფორმატში საქმის განხილვა არასწორია. დღევანდელ სხდომაზე კობა გვენეტაძეს არ ელოდნენ, თუმცა ის მაინც მივიდა.
თიბისის საქმე
8 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პროკურატურამ თიბისი ბანკიდან დოკუმენტები ამოიღო. მაშინ პროკურატურამ განმარტა, რომ თიბისი ბანკის 2008 წლის აქტივობები შეიცავდა ფულის გათეთრების ნიშნებს და მასში თიბისის დამფუძნებლები და ამავდროულად სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე და მისი მოადგილე ბარი ჯაფარიძე ფიგურირებდნენ.
ამ საქმესთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მათი ხელმძღვანელი თანამდებობიდან გადაყენება მოითხოვა. თიბისი ბანკში ამბობენ, რომ აპირებენ სამართლებრივი საშუალებები გამოიყენონ ბანკისა და აქციონერების ინტერესების დასაცავად.
კომენტარები