უძველესი მეტეორიტის ანალიზით გამოვლინდა, რომ შეიძლება ადრეული მზის სისტემის დროის გრაფიკის თავიდან განსაზღვრა დაგვჭირდეს. შესაძლოა, ამან პლანეტების ჩამოყალიბების არსებული მოდელებიც შეცვალოს.

2018 წელს ჩრდილოდასავლეთ აფრიკაში მცირე ზომის მეტეორიტი აღმოაჩინეს, რომელიც ამ წლის აგვისტოში მაროკოს ქალაქ აგადირში დამოუკიდებელ მკვლევარს მიჰყიდეს. ამის შემდეგ მეტეორიტი სხვა მეცნიერებმაც შეისწავლეს. მას Northwest Africa (NWA) 12264 დაარქვეს. იგი 50,8 გრამს იწონის.

როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, მზე თავდაპირველად პროტოპლანეტარული დისკოთი იყო გარშემორტყმული. დროთა განმავლობაში, გრავიტაციული ურთიერთქმედებების გავლენით მტვრისა და აირისგან შემდგარმა დისკომ შემჭიდროება დაიწყო. საბოლოოდ პლანეტები ჩამოყალიბდა. ამ პროცესს მეცნიერები აკრეციას უწოდებენ.

"ამ დროს ენერგია გამოიყოფა, რის შედეგადაც პლანეტების შემადგენელი ქიმიური ელემენტები ცხელდება და დნება, შემდეგ კი ფენები ყალიბდება და ერთმანეთისგან ცალკევდება. ასე ჩამოყალიბდა დედამიწის ჯგუფის (მყარი) პლანეტები", — განმარტავს NASA.

უფრო მძიმე ელემენტები ქვევით იძირება, მსუბუქი ელემენტები კი — ზედაპირზე ამოტივტივდება. გაცივების პროცესში ეს მასალა ფენებად იყოფა, ამას "დიფერენციაციას" უწოდებენ. საბოლოოდ სრულად ფორმირებულ პლანეტას ვიღებთ, რომლის ზედა ფენაც ქერქის სახელითაა ცნობილი, შუა ნაწილი — მანტიის, შიგნით კი რკინისგან შემდგარი მყარი ბირთვი გვხვდება.

აქამდე მიიჩნეოდა, რომ ამ პროცესს მზის სისტემის სხვადასხვა ნაწილის შემთხვევაში სხვადასხვა დრო დასჭირდა: დაახლოებით 4,566 მილიარდი წლის წინ მზესა და ასტეროიდთა მთავარ სარტყელს შორის მყოფი პლანეტები (მერკური, ვენერა, დედამიწა, მარსი) ჩამოყალიბდა; უფრო გვიან, 4,563 მილიარდი წლის წინ კი — ურანი და ნეპტუნი, რომელთა ფორმირებაც მათში არსებულმა წყალმა და ყინულმა შეაფერხა — აქამდე მიიჩნეოდა, რომ ამით მათი შიდა ბირთვის დნობის პროცესი შენელდა.

Northwest Africa 12264-ის დამსახურებით, ღია უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ შეიძლება პლანეტების ჩამოყალიბების შესახებ ზემოაღნიშნული ინფორმაცია მცდარი იყოს.

"აქამდე ყველას ეგონა, რომ მზის სისტემის გარეთა ნაწილებში არსებულმა ყინულოვანმა პირობებმა ურანისა და ნეპტუნის ფორმირების პროცესი შეანელა", — აღნიშნა კვლევის მთავარმა ავტორმა, ბენ რაიდერ-სთოუქსმა — "ჩვენმა მიგნებამ კი აჩვენა, რომ სინამდვილეში ეს პლანეტები ისევე სწრაფად ჩამოყალიბდა, როგორც მზესთან ახლოს მყოფი ცთომილები".

მასკანირებელი ელექტრონული მიკროსკოპის გამოყენებით მკვლევართა გუნდმა დაადგინა, რომ მეტეორიტს ქრომისა და ჟანგბადის იზოტოპები აქვს. ეს იმაზე მიუთითებს, რომ იგი მზის სისტემის გარეთა ნაწილიდანაა მოსული — იქიდან, სადაც ურანი და ნეპტუნი გვხვდება. ამის შემდეგ მეცნიერებმა მეტეორიტში არსებული ტყვიის იზოტოპები გააანალიზეს, რის შედეგადაც მათ ეს სხეული 4,564 მილიარდი წლით დაათარიღეს. ეს მზის სისტემის პირველი 4 პლანეტის ასაკს ესადაგება.

ახალ ნაშრომში იმასაც ვკითხულობთ, რომ მათ დასკვნას ჩრდილოდასავლეთ აფრიკაში ნაპოვნი მეორე მეტეორიტიც ამყარებს — NWA 7822.

"NWA 7822-ის ქიმიური შედგენილობა მკვეთრად განსხვავებულია როგორც ქრომის, ასევე ჟანგბადის იზოტოპების თვალსაზრისით. ეს იმაზე მიუთითებს, რომ NWA 7822 და NWA 12264 სხვადასხვა ციურ სხეულზე ჩამოყალიბდა, თუმცა ბირთვი-მანტიის დიფერენციაციის პროცესი ორივე მათგანმა გაიარა. ეს ნიშნავს, რომ აღნიშნული პროცესი მზის სისტემის გარეთა ნაწილში არსებულ მინიმუმ ორ სხვადასხვა სხეულში მოხდა", — ვკითხულობთ ნაშრომში.

ეს ნამდვილად საინტერესო კვლევაა, რომელიც პლანეტების (და, შესაბამისად, სიცოცხლის) ჩამოყალიბებაზე აქამდე არსებულ თეორიებს ეჭვქვეშ აყენებს. ამისდა მიუხედავად, ბევრი რამ მაინც ბუნდოვანია. უფრო ზუსტი დასკვნებისთვის ამ და სხვა მეტეორიტების დამატებითი შესწავლაა საჭირო.

კვლევა გამოცემაში Communications Earth & Environment გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.