შეუძლიათ თუ არა ობობებს ქსელების ქსოვა მიკროგრავიტაციაში? ამ კითხვაზე პასუხი ორი ობობას, არაბელასა და ანიტას, წყალობით უკვე ვიცით. ისინი 1973 წელს კოსმოსში გაუშვეს.

ამ ექსპერიმენტის იდეა თავდაპირველად 17 წლის საშუალო სკოლის მოსწავლეს, ჯუდით მაილსს, გაუჩნდა. მისი მოფიქრება NASA-ს პროექტის ფარგლებში შეარჩიეს, რომელიც სტუდენტებს საშუალებას აძლევდა, იდეები მათთვის შეეთავაზებინათ. 1973 წლის მაისიდან 1974 წლის თებერვლამდე კოსმოსურ სადგურზე — Skylab — რამდენიმე მისია განხორციელდა.

NASA-ს იდეა მოეწონა და ექსპერიმენტი Skylab 3-ის პროგრამაში შეიტანეს. ორი მდედრი ობობა (Araneus diadematus) პატარა პლასტმასის ბოთლებში მოათავსეს და 1973 წლის 28 ივლისს კოსმოსში გაუშვეს. როდესაც ყველაფერი მზად იყო, არაბელა სპეციალურ აკვარიუმში ჩასვეს, რომ ქსოვის პროცესი დაეწყო.

ფოტო: National Air and Space Museum

შედეგების მიხედვით, არაბელა თავდაპირველად ახალ პირობებს ეჩვეოდა. მისი პირველი ქსელი საკმაოდ უჩვეულო იყო. მეორე დღეს ობობამ სრულყოფილი სტრუქტურა შექმნა. გუნდს ძალიან აინტერესებდა, როგორ განვითარდებოდა ყველაფერი, ამიტომ ექსპერიმენტი გააგრძელეს და მისიაში ანიტაც ჩართეს. საბოლოოდ, ახალ გარემოსთან შესაგუებლად ობობებს დრო დასჭირდათ. მალე მათ იმავენაირი ქსელები შექმნეს, როგორსაც დედამიწაზე ქსოვდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ კვლევა ობობებზე ჩატარდა, ექსპერიმენტის მიზანი გაცილებით ფართო იყო. მეცნიერებს სურდათ, გაერკვიათ, როგორ მოქმედებს თითქმის უწონადობა ცხოველებისა და ადამიანების ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.

"ობობას მიერ შექმნილი ქსელის გეომეტრიული სტრუქტურა ცენტრალური ნერვული სისტემის მდგომარეობას კარგად ასახავს", — აღნიშნავს NASA — "ობობამ ქსელის სისქის დასადგენად საკუთარი წონა უნდა იგრძნოს. ქარი და გრავიტაცია ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია".

ფოტო: Spider

ქსელის შექმნის პროცესი შესაძლოა, ჩვენი ნერვიული და მოტორული სისტემის უცხო პირობებში რეაგირების შესახებ ინფორმაციას გვაწვდიდეს. სამწუხაროდ, მისიას არცერთი ობობა არ გადაურჩა.

1970-იანი წლების შემდეგ ობობებით კოსმოსში არაერთი ექსპერიმენტი ჩატარდა. ბოლო წლებში ბაზელის უნივერსიტეტის მეცნიერებმა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე (ISS) ობობას ქცევა შეისწავლეს და ყურადღება გაამახვილეს იმაზე, რამდენად სიმეტრიულად ქსოვდნენ ისინი ქსელებს.

დედამიწაზე ობობები, ჩვეულებრივ, არასიმეტრიულ ქსელებს ქმნიან. ცენტრი უფრო ახლოსაა ზედა ნაწილთან, რათა დაბლა დაშვება სწრაფად შეძლონ და მტაცებელი დაიჭირონ. ISS-ზე მიკროგრავიტაციაში შექმნილი ქსელები გაცილებით სიმეტრიული იყო და ცენტრი ხშირად შუაში მდებარეობდა. მიუხედავად იმისა, რომ ობობებს არ ჰქონდათ ევოლუციური გამოცდილება კოსმოსში, ისინი ახალ პირობებს სწრაფად და წარმატებით შეეჩვივნენ.

ასევე ნახეთ: ტოქსიკურობის შესამოწმებლად ობობებს ნარკოტიკები მიაღებინეს — ნახეთ "ფსიქოდელიური" ქსელები

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.