ათწლეულების განმავლობაში შეგროვებული მონაცემების ანალიზის გზით ასტრონომებმა პლანეტა ურანის მნიშვნელოვანი მახასიათებელი გამოავლინეს. დადასტურდა, რომ ის იმაზე მეტ სითბოს გამოყოფს, ვიდრე მზისგან სხივების სახით იღებს.

ამ საკითხზე მსჯელობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ვოიაჯერ 2-მა ურანს ჩაუარა. 1986 წლის დაკვირვებებმა აჩვენა, რომ ციური სხეული ზედმეტ სითბოს არ გამოყოფდა, რაც მას მზის სისტემის სხვა გიგანტური პლანეტებისგან გამოარჩევდა.

ახალი კვლების ფარგლებში მეცნიერებმა სხვაგვარი შედეგები მიიღეს. მათ აღმოაჩინეს, რომ ურანი სინამდვილეში ვარსკვლავისგან მიღებულზე დაახლოებით 12.5%-ით მეტ სითბოს ათავისუფლებს. ავტორების თქმით, ეს ნიშნავს, რომ იგი ფორმირების დროინდელ მხურვალებას ნელ-ნელა კარგავს.

"მეცნიერული თვალსაზრისით, ეს კვლევა ურანისა და სხვა აირის გიგანტების უკეთ შესწავლაში დაგვეხმარება. ასევე, სამომავლო კოსმოსური დაკვირვებების მხრივ, ურანის მისიის საჭიროებასაც გააძლიერებს", — აცხადებს ნაშრომის თანაავტორი, შინიუ ვანგი.

წინა კვლევით დაადგინეს, რომ ვოიაჯერ 2-მა ურანს მზის მომატებული აქტიურობისას ჩაუარა. შესაბამისად, მაშინ პლანეტაზე ეს ფაქტორი ზემოქმედებდა, რის გამოც იმ დროს შეგროვებული მონაცემებიდან ზოგი მის ჩვეულ მდგომარეობას სათანადოდ არ წარმოაჩენდა.

ამის მიუხედავად, ვანგისა და მისი კოლეგების მიერ მიღებული შედეგები მაინც მიუთითებს, რომ ურანზე რაღაც უჩვეულო ხდება. საქმე ისაა, რომ იუპიტერი მზისგან მიღებულ სითბოზე 113%-ით მეტს გამოყოფს, სატურნის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 139%-ია, ნეპტუნისა კი — 162%. გამოდის, რომ ურანის ტემპერატურა ნაკლებია, მაგრამ ამას მზესთან მისი დაშორება ვერ ხსნის, ვინაიდან ნეპტუნი უფრო დიდ დისტანციაზეა.

აქედან ასკვნიან, რომ ამ ციური სხეულის შიგნით განსხვავებული პროცესები მიმდინარეობს. შესაძლოა, მას პლანეტის სტრუქტურასთან ან ევოლუციასთან ჰქონდეს კავშირი. ამის გაგების საუკეთესო საშუალება იქ ზონდის გაგზავნაა.

ახალი ნაშრომი გამოცემაში Geophysical Research Letters გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტე ქნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.