საერთაშორისო მასშტაბის ახალმა კვლევამ, რომელსაც ნიდერლანდების ზღვის კვლევის სამეფო ინსტიტუტი (NIOZ) და უტრეხტის უნივერსიტეტი ხელმძღვანელობს, აჩვენა, რომ ჩრდილოეთ ატლანტის ოკეანეში ამჟამად დაახლოებით 27 მილიონი ტონა პლასტმასა დაცურავს. მათი ზომა 1 მიკრომეტრზე ნაკლებია. კვლევის შედეგები სამეცნიერო გამოცემაში Nature გამოქვეყნდა.

"მიკრონაწილაკების სახით ატლანტის ოკეანეში გაცილებით მეტი პლასტმასა გვხვდება, ვიდრე მთელი მსოფლიოს ოკეანეებში ერთად აღებული", — ამბობს ჰელგე ნიმანი, NIOZ-ის მკვლევარი და უტრეხტის უნივერსიტეტის გეოქიმიის პროფესორი. ივნისში მან 3.5 მილიონი ევროს გრანტი მოიპოვა, რათა საზღვაო ეკოსისტემებზე მიკროპლასტმასას ზემოქმედების შესახებ მეტი კვლევა ჩაატაროს.

ექსპედიციის ფარგლებში უტრეხტის უნივერსიტეტის მაგისტრატურის სტუდენტი, სოფი ტენ ჰიტბრინკი, კვლევით ხომალდზე RV Pelagia ოთხი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა. მან 12 სხვადასხვა ადგილიდან წყლის ნიმუშები აიღო. ხომალდი აზორიდან ევროპის კონტინენტური შელფისკენ გადაადგილდებოდა.

"შეგროვებული მასალა გავაშრეთ. შემდეგ ლაბორატორიაში მას-სპექტრომეტრის გამოყენებით პლასტმასას სხვადასხვა ტიპის მოლეკულები გამოვავლინეთ", — განმარტა ჰიტბრინკმა.

მკვლევრებმა მსოფლიო ოკეანეებში არსებული ნანოპლასტმასების ზუსტი რაოდენობა გამოთვალეს. ნიმანის თქმით, აქამდე არსებული კვლევებით რაოდენობრივ შეფასებას ვერავინ ახერხებდა. მათ ამ მიზანს საზღვაო ბიოლოგებთან და დუშან მატერიჩთან, ატმოსფერულ მეცნიერთან, თანამშრომლობით მიაღწიეს. მკვლევრებმა შეაფასეს, რომ მხოლოდ ჩრდილოეთ ატლანტის ოკეანეში 27 მილიონ ტონამდე ნანოპლასტმასა დაცურავს.

ფოტო: The Cardiology Advisor

"შოკისმომგვრელი რაოდენობაა", — აღნიშნა ჰიტბრინკმა — "მაგრამ ამით ჩვენ მნიშვნელოვანი პასუხი მივიღეთ ე.წ. დაკარგული პლასტმასას პარადოქსზე. წლების განმავლობაში მეცნიერებს არ შეეძლოთ აეხსნათ, სად მიდიოდა ის პლასტმასა, რაც მსოფლიოში იწარმოებოდა. როგორც ჩანს, დიდი ნაწილი ნანონაწილაკებად იქცა".

ნანოპლასტმასა ოკეანეში სხვადასხვა გზით ხვდება. ერთი მხრივ, იგი დიდი პლასტმასას ფრაგმენტების გარდაქმნის შედეგად წარმოიქმნება, როცა ისინი მზის ზემოქმედებით იშლება. ნაწილი კი მდინარეებით ზღვაში აღწევს. ასევე არსებობს მტკიცებულება, რომ ნანოპლასტმასები ატმოსფეროთი გადაადგილდება და ოკეანეში წვიმით ან პირდაპირ ჰაერიდან ეშვება. ამ პროცესს "მშრალი ნალექი" ეწოდება.

"უკვე ცნობილია, რომ ნანოპლასტმასა ჩვენს სხეულში ღრმად აღწევს. ის აღმოჩენილია ტვინის ქსოვილშიც კი. ახლა, როცა ვიცით, რომ ის ასე გავრცელებულია ოკეანეებში, ცხადია, რომ მთლიანად სწვდება ეკოსისტემას — ბაქტერიებიდან და მიკროორგანიზმებიდან დაწყებული თევზებითა და ადამიანებით დამთავრებული. საჭიროა მეტი კვლევა, რომ ზუსტად გავიგოთ, რა გავლენა აქვს ამ დაბინძურებას ეკოსისტემაზე", — აცხადებს ნიმანი.

ასევე ნახეთ: ადამიანთა ტვინებში დიდი ოდენობით მიკროპლასტმასა აღმოაჩინეს

მომავალში ნიმანი და მისი გუნდი სხვა ტიპის პლასტმასას კვლევასაც გეგმავს.

"მაგალითად, პოლიეთილენი ან პოლიპროპილენ ამ ეტაპზე არ დაფიქსირდა. შესაძლოა, ისინი სხვა მოლეკულებმა გადაფარა. ასევე გვინდა გავიგოთ, ნანოპლასტმასა სხვა ოკეანეებშიც ამ რაოდენობითაა თუ არა. სამწუხაროდ, სავარაუდოა, რომ შედეგი სხვა წყლებშიც იგივე იქნება, მაგრამ ეს ჯერ კიდევ დასამტკიცებელია", — დაამატა მეცნიერმა.

ნიმანის თქმით, ოკეანეში არსებული ნანოპლასტმასების ზუსტი რაოდენობა აქამდე ბუნდოვანი იყო. წყლის მათგან გაწმენდა შეუძლებელია. ამ კვლევის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი გარემოს პლასტმასით ნაკლებად დაბინძურებაა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.