3.7 მილიარდი წლის წინ მარსელებს ქოლგა დასჭირდებოდათ — როგორი იყო მაშინ ეს პლანეტა

ფოტო: NASA/JPL/University of Arizona
ახალი კვლევის თანახმად, ძველად მარსი იმაზე წვიმიანი და ნოტიო პლანეტა იყო, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა. ამაზე მდინარეების ქსელების მიერ დატოვებული კვალი მიანიშნებს, რომელიც Noachis Terra-ს რეგიონის სამხრეთ ნაწილში 14.4 კილომეტრზე მეტ მანძილზეა გადაჭიმული.
წითელ პლანეტაზე წყლის არსებობის შესახებ ჯერ კიდევ მისია Mariner 9-ის დროს გავიგეთ, რადგან მან ციური სხეულის ზედაპირზე მდინარის არხები გადაიღო. ისინი 3.5 მილიარდ წელზე მეტი ხნის წინ დაშრა. კიდევ ერთი დასტური დანალექი ქანებია, რომლებიც სითხის აორთქლების პროცესში წარმოიქმნა და ზოგიერთ ისეთ კრატერშია, რომელშიც ადრე ტბა იყო.
ძველად ეს ქანები ფსკერის ფუნქციას ასრულებდა, მაგრამ დროთა განმავლობაში გამყარდა, მათ გარშემო კი ქვებმა და მდინარეების არხებმა ეროზია განიცადა. შედეგად, ეს ქანები ახლა მაღალი ქედების სახითაა შემორჩენილი.
მეცნიერებმა სწორედ ამგვარი წარმონაქმნების ქსელი გამოავლინეს, რისთვისაც ზონდების, Reconnaissance-ისა და Mars Global Surveyor-ის, მიერ შეგროვებული მონაცემები გამოიყენეს.
აქამდე Noachis Terra-ს დიდი ყურადღება არ ექცეოდა, რადგან ამ რეგიონში მდინარეთა არხების კლასიკური მახასიათებლები არ შეინიშნება. ახალმა კვლევამ გამოააშკარავა, რომ იქ რამდენიმე მილიარდი წლის წინ წყალი საკმაოდ უხვი რაოდენობით იყო. სპეციალისტები ამბობენ, რომ ამ არხების ნაწილი იზოლირებული სეგმენტების სახით გვხვდება, სხვებმა კი პირვანდელი ფორმა უფრო მეტად შეინარჩუნა.
ქსელი ძალიან დიდ მანძილზე ვრცელდება, ამიტომ მისი არსებობა დატბორვებით ვერ აიხსნება. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ეს ხანგრძლივი გეოლოგიური პერიოდის განმავლობაში სტაბილური კლიმატური პირობების შედეგია. საუბარია 3.7 მილიარდი წლის წინანდელ გარდამავალ დროზე, როცა ერთ გეოლოგიურ ეპოქას მეორე ცვლიდა.
ყველაზე საინტერესო ისაა, რომ წყლის სავარაუდო წყარო ატმოსფერული ნალექია, როგორიც წვიმა, სეტყვა, ან თოვლია. ამ რეგიონის მახასიათებლები მიანიშნებს, რომ იქაურ თბილ და ტენიან კლიმატში ხშირი წვიმა უნდა ყოფილიყო.
ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ძველად მარსი დედამიწას ჰგავდა და სრულიად განსხვავდებოდა იმისგან, როგორიც დღესაა. კვლევის ავტორებმა შედეგები ასტრონომიის სამეფო საზოგადოების შეხვედრაზე წარადგინეს.
კომენტარები